გურია-დინამო (თბ) 0:2 - რევანში ერთი წლის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული განწყობისა, რითიც გუნდები ამ მატჩს შეხვდნენ, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ტრადიციული მეტოქეების პაექრობა დაძაბული და საინტერესო იქნებოდა.

ალბათ, სწორედ ამ ტრადიციის დამსახურება იყო, რომ თასსა და ჩემპიონატში ზედიზედ 5 თამაშის მომგები "დინამოსა" და მიჯრით ამდენივე მოუგებელი საჩემპიონატო მატჩის მქონე "გურიის" შეხვედრაში წინასწარ მხოლოდ ფავორიტის დასახელება შეიძლებოდა და არა - შედეგის გამოცნობა.

ასე იყო 70-ე წუთამდე. დროის ამ მონაკვეთის შემხედვარე, ვერ იტყოდა, რომ ერთპიროვნული ლიდერი ერთ-ერთ აუტსაიდერს ხვდებოდა. ეგ იყო, რომ მატჩის ბედის სათავისოდ გადასაწყვეტად, გურულებს გაცილებით მეტი
იღბალი სჭირდებოდათ...

თუმცა საფეხბურთო ფორტუნამ, როგორც იტყვიან, უფრო ძლიერის მხარე არჩია, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ "დინამო" მოგებას ოდენ გამართლებას უნდა უმადლოდეს.

გარდამტეხი მაინც "გურიის" ფეხბურთელების გადაღლა გამოდგა, ამ სეზონში მეორე ტაიმების შუიდან რომ იჩენს ხოლმე თავს. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ლანჩხუთელებმა ქართულ ელიტაში დაბრუნების შემდეგ წელს პირველად მოახერხეს წინასასეზონო შეკრების დროულად დაწყება.

მატჩს ინტრიგას მატებდა ის ფაქტიც, რომ გასული სეზონის ორ ურთიერთშეხვედრაში "გურიამ" "დინამოს" საჩემპიონოდ საჭირო 5 ქულა დააკარგვინა (მათ შორის, ზუსტად ერთი წლის წინათ, 30 ნოემბერს, "დინამო არენაზე" 2:1 მოუგო). სათქმელია ისიც, რომ ლანჩხუთში, მით უფრო ლიდერისთვის, მოგება იოლი არც მაშინაა, როცა "გურიას" კარგი დროება არ უდგას...

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო: ჯერ საჯარიმო დარტყმები გაცვალეს "გურიაში" პაუზის შემდეგ გამოჩენილმა შოთა ჯიქიამ და ვახტანგ ჭანტურიშვილმა, მერე კი ამ უკანასკნელმა გურულთა კარისკენ "გაისროლა", რასაც თორნიკე მოსიაშვილის "პასუხი" მოჰყვა.

მე-10 წუთისთვის გიორგი ქვილითაიას აქტივში ორი დარტყმა იყო, თუმც არც ერთს მასპინძელთა მეკარისთვის პრობლემა არ შეუქმნია.

იქით ორი ადგილობრივი - ვანო წილოსანი და სანდრო ბახია ცდილობდნენ ხიფათის შექმნას, თუმცა მათ მცდელობას თანაგუნდელები ვერ უბამდნენ მხარს. ერთხელაც მოსიაშვილმა დარტყმას ძალა ვერ მისცა, თორემ მეკარეს "დინამოს" გადარჩენა გაუჭირდებოდა.

ლანჩხუთელთა შუახაზელი ყურადღების ცენტრში მაშინაც აღმოჩნდა, როცა საჯარიმოში დაეცა და გურულებმა პენალტი მოითხოვეს, მაგრამ არაო! - ბრძანა მსაჯმა, ვისაც ქომაგების რისხვა ბოლო წუთებამდე არ მოჰკლებია...

თავის მხრივ, თბილისელებიც ბევრს უტევდნენ: ჯაბა ჯიღაურისა და დინამოელთა დებიუტანტ დავით კობოურის მცდელობებმა გოლი არ მოიტანა.

მეორე ტაიმიც ორმხრივი შეტევებით დაიწყო. "გურიამ" ხარისხში მოუმატა. ყურადღების ცენტრში კვლავ მოსიაშვილი აღმოჩნდა, თუმცა ლიბორ ჰდრლიჩკამ სიტუაცია და მცველის შეცდომა დროულად შეაფასა და მასპინძელს მატჩის საუკეთესო შანსი მოუსპო.

სლოვაკმა მეკარემ ჯიქიასაც აუღო, დამატებაზე კი იქვე არავინ იყო. მანამდე ვნახეთ "დინამოს" გოლი, რომელიც თამაშგარეს გამო გაუქმდა, ხოლო მერე ყველაფერი "გურიის" წინააღმდეგ ამუშავდა - გუნდს დაღლა დაეტყო, გია ჩადუნელის მოედნიდან გასვლამ კი უკანა ხაზი ისე არია, არავინ დარჩა ხელის შემშლელი ოთარ კაკაბაძისთვის, სახიფათო გადაცემას როცა აკეთებდა და არც მაშინ, ქვილითაიამ საგოლედ რომ დაარტყა.

რჩებოდა კიდევ 20 წუთი, მაგრამ "გურიას" ძალა რომ არ ეყოფოდა, ძნელი მისახვედრი არ იყო. თუმცა ბოლო წუთებამდე მაინც დარჩა ინტრიგა, რომელიც "დინამოს" ლოგიკურმა გოლმა მოკლა - ბაჩანა არაბულმა "აიძულა" კოტე ხიზანეიშვილი, საკუთარ კარში გაეტანა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური
28.11. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 ქვილითაია (70. კაკაბაძის პასით), 0:2 ხიზანეიშვილი (87-ავტ)
გურია: იმერლიშვილი, გელაშვილი, ჩადუნელი (60. კობერიძე), ქურდაძე, კ. ხიზანეიშვილი, ზოზულია, ლ. ნოზაძე, მოსიაშვილი (89. წერეთელი), ვ. წილოსანი (72. ზაქრაძე), ს. ბახია, შ. ჯიქია.
სათადარიგოები: შენგელია, ლ. მჭედლიშვილი, ლაბაძე, ნ. მაისურაძე
მწვრთნელი: გია ჩხაიძე
დინამო (თბ): ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, გველესიანი, გ. გურული, კობოური, მ. ცინცაძე, ჯიღაური, ს. ლობჟანიძე (46. არაბული), კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი (86. გ. ჯანელიძე), ქვილითაია (82. ვოლკოვი).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ლოჩოშვილი, პარუნაშვილი, იაშვილი
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ნოზაძე (26), წილოსანი (42), ჩადუნელი (59), ზოზულია (72)
არბიტრი: ბ. ნინუა.

დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/4-ფინალი. I მატჩები
2-3 დეკემბერი


მომდევნო, XIV ტური

6 დეკემბერი, კვირა
დინამო (ბთ)-საბურთალო
ცხინვალი-საპოვნელა
კოლხეთი-ზუგდიდი
ტორპედო-ლოკომოტივი
ჩიხურა-შუქურა
დინამო (თბ)-სიონი
სამტრედია-გურია

7 დეკემბერი, ორშაბათი
დილა-მერანი

ბომბარდირები
ო. მარცვალაძე (დილა) 10
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 10
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 10
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 8
დ. ტატანაშვილი (სიონი) 8

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული