დინამო (თბ)-სიონი 5:2 - "დინამო" სრული სვლით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დინამო არენაზე" გამართული შეხვედრა ურიგო სანახავი არ გამოდგა. 7 გოლი, ამათგან - ზოგი ძალზე ეფექტურიც, გაძევება, გულშემატკივართა ჩხუბი... რამაც გაგვახსენა, რომ ხალხი ფეხბურთზე, ასე თუ ისე, ჯერ კიდევ დადის, ქომაგობს, ღელავს.

მაგრამ ბოლო სეზონში ეროვნული ჩემპიონატის მიმართ მაყურებელთა გაუცხოება იმდენად აშკარაა, რომ "დინამო"-"სიონის" ტურის ცენტრალურ შეხვედრასაც კი მეტისმეტად მცირე მაყურებელი ესწრებოდა. მართალია, მატჩზე ორივე გუნდის მხარდამჭერები იყვნენ, მაგრამ "დინამო არენა" მაინც ცარიელი იყო. ასეთ გარემოში კი განსაკუთრებული სტიმულით თამაში ძალიან ძნელია.

შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. "დინამო" უტევდა, "სიონი" კი
პრესინგით თამაშს და მეტოქისთვის სივრცეების შეზღუდვას ცდილობდა, მაგრამ დინამოელები მეტოქეს მოძრაობასა და სისწრაფეში ჯობნიდნენ. ამდენად, ბოლნისელთა პრესინგმა შედეგი ვერ გამოიღო.

დინამოელებმა დებიუტშივე მწვავედ შეუტიეს. მე-12 წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი გიორგი გველესიანმა კარში თავით გაგზავნა, თუმცა "სიონის" მეკარე მირზა მერლანმა კარგი რეაქცია გამოავლინა და ვითარება განმუხტა.

მაგრამ მერლანი მასპინძელთა მორიგ შეტევას ვეღარ გაუმკლავდა - მარჯვენა ფლანგზე მეტოქეებს იოლად გაექცა ჯაბა ჯიღაური და ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც შეტევაში ჩართულმა გიორგი გურულმა თავით ზუსტად დაარტყა - 1:0.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ წლეულს ჯიღაური მშვენიერ სეზონს ატარებს და ეროვნულ ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა. საგოლე გადაცემის შემდეგ მან "სიონის" კარს თავადვე შეუტია და სტუმრები ხარიხამ გადაარჩინა. კარის აღებას ორჯერ შეეცადა ალექსანდრე იაშვილი და ორჯერვე მერლანმა საიმედოდ ითამაშა.

ახლო მანძილიდან მეორე გოლის გატანა შეეძლო გიორგი ქვილითაიას, რომელსაც კარის წინ მცველი გადაეფარა და ვითარება განმუხტა, მაგრამ 32-ე წუთზე "სიონი" მძიმე მდგომარეობაში სწორედ ქვილითაიას მოქმედების შემდეგ ჩავარდა - ის გაექცა ბოლნისელთა კაპიტან დავით სვანიძეს, რომელსაც სხვა გზა არ დარჩენოდა და მეკარესთან პირისპირ გასული დინამოელი წააქცია. არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ მას წითელი ბარათი აუფრიალა და "სიონი" კაცნაკლული დატოვა.

მერე ლაშა პარუნაშვილის მიერ აზრმიცემულ კომბინაციას ოთარ კიტეიშვილი აგვირგვინებდა და "სიონი" ისევ ხარიხამ იხსნა. ტაიმის ბოლო წუთზე ბოლნისელთა მეკარემ გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა, როცა კიტეიშვილის ძლიერი დარტყმული მოიგერია.

დაიწყო მეორე ტაიმი და დინამოელებმა უპირატესობა გაზარდეს: მოედნის ცენტრიდან იაშვილმა შეტევა მარცხენა ფრთაზე გაუგრძელა კიტეიშვილს, რომელმაც საჯარიმოში გახსნილ ქვილითაიას უპასა და ამანაც, ერთი შეხებით, სეზონში მე-11 გოლი ეფექტურად გაიტანა - 2:0. ეს იყო საქართველოს ჩემპიონატში იშვიათი მაგალითი, როცა გუნდმა სწრაფად და ერთი შეხებით იმოქმედა.

სტუმრები თავისას მაინც ცდილობდნენ. 54-ე წუთზე დავით საჯაიამ ფლანგზე მცველის უყურადღებობით ისარგებლა და ბურთი გადააწოდა გიორგი ვასაძეს, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი შორეულ კუთხეში მოათავსა - 2:1.

დინამოელებმა 62-ე წუთზე სხვაობა კიდევ ერთხელ გაზარდეს. საჯარიმოში ოთარ კაკაბაძემ შეტევა ლაშა პარუნაშვილს გაუგრძელა, რომელმაც პენალტის ნიშნულთან გურული მოძებნა და "დინამოს" მცველმა დუბლი შეასრულა - 3:1.

მასპინძელთა მეოთხე გოლიც მცველების აქტიურობას მოჰყვა. ოთარ კიტეიშვილის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს თავით მიმართულება შეუცვალა გიორგი გველესიანმა, კარის წინ კი ყველას რენე ფერეირამ დაასწრო და "დინამოს" მაისურით პირველად გაიტანა - 4:1.

77-ე წუთზე ბოლნისელებმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს: საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი გურულს ხელზე მოხვდა და მსაჯმა დანიშნა პენალტი, რომელიც ვარლამ კილასონიამ ზუსტად შეასრულა - 4:2.

83-ე წუთზე საბოლოო ანგარიში საბა ლობჟანიძემ დააფიქსირა, რომელმაც კაკაბაძისა და ჯიღაურის მიერ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ იხეირა - 5:2.

შესაძლებელი იყო, მასპინძლებს მეექვსეც გაეტანათ, როდესაც კაკაბაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ ლობჟანიძემ პენალტის ნიშნულიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ მერლანმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

საბოლოოდ, "დინამომ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონატის პირველი წრე საშინაო მატჩებში 100-პროცენტიანი შედეგით დაასრულა.

მატჩის შემდეგ

ვარლამ კილასონია ("სიონის" მთავარი მწვრთნელი): "მარცხის მთავარი მიზეზი არ იყო ის, რომ ერთი საათის განმავლობაში 10 ფეხბურთელით ვითამაშეთ. უფრო დაღლილობამ იმოქმედა, რადგან ბოლო 8 დღეში მესამე თამაში ჩავატარეთ და ძალები აღარ გვეყო. თან ძირითადის 3 ფეხბურთელი გვაკლდა. ეს იყო წელს ჩატარებული ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი. თუმცა, "დინამომ" დამსახურებულად გაიმარჯვა, რასაც მეტოქეს ვულოცავ".

გია გეგუჩაძე ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "მეტ დაძაბულობას ველოდით. აქვე ვიტყვი, რომ თამაშის ნაადრევად დასრულება დაგვჩემდა. მეორე ნახევარი კარგად დავიწყეთ, მერე კი ისევ ამ პრობლემამ იჩინა თავი. ამაზე კიდევ გვექნება საუბარი. გუნდში ბევრი ახალგაზრდაა. ისინი ფიქრობენ, რომ თამაში ბოლომდე ადვილად გაგრძელდება... კარგია გამარჯვება, მაგრამ ასეთ შეცდომებს არ უნდა ვუშვებდეთ".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIV ტური
06.12. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-სიონი 5:2
გოლები: 1:0 გურული (14. ჯიღაურის პასით), 2:0 ქვილითაია (47. კიტეიშვილის პასით), 2:1 ვასაძე (54. საჯაიას პასით), 3:1 გურული (62. პარუნაშვილის პასით), 4:1 რენე (70. გველესიანის პასით), 4:2 კილასონია (77-პენ), 5:2 ლობჟანიძე (83. ჯიღაურის პასით)
დინამო: ჰრდლიჩკა -კაკაბაძე, რენე ფერეირა, გველესიანი, გურული - ცინცაძე (65. ჯანელიძე), პარუნაშვილი - ჯიღაური, იაშვილი, კიტეიშვილი (75. ლობჟანიძე) - ქვილითაია (62. არაბული).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ჭანტურია, კობიური, ვოლკოვი
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
სიონი: მერლანი - ფოფხაძე, სვანიძე, კილასონია, გაფრინდაშვილი - გოგობერიშვილი, რაზმაძე - მანჯგალაძე, ისიანი (73. ოთარაშვილი), გიორბელიძე (46. ვასაძე) - უგულავა (38. საჯაია).
სათადარიგოები: მელაძე, მიქაბერიძე, გურეშიძე, ჭიკაიძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გაფრთხილებები: ქვილითაია (45), ოთარაშვილი (86)
გაძევება: სვანიძე (32)
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

დღეს

14:00 გორი. "თ. ბურჯანაძე"
დილა-მერანი

XV ტური
11 დეკემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-ცხინვალი
გურია-კოლხეთი

12 დეკემბერი, შაბათი
სიონი-სამტრედია
მერანი-დინამო (ბთ)
ზუგდიდი-დილა
შუქურა-დინამო (თბ)
საპოვნელა-ჩიხურა
საბურთალო-ტორპედო

ბომბარდირები
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 11
ო. მარცვალაძე (დილა) 10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული