12:39 07-12-2015
ტორპედო-ლოკომოტივი 2:0 - "ტორპედო" დაიქოქა? [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრის პირველ 10 წუთში ქუთაისელებმა სამი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ იყოჩაღეს. გიორგი კუხიანიძის აქტიურობის შემდეგ დავით კირკიტაძემ კარს ხუთიოდე მეტრიდან ააცილა, ცოტა ხანში კი შეტევაში ჩართულ ანრი ჭიჭინაძეს შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ ვაჟა ტაბატაძის გადაცემის შემდეგ ბურთს მიმართულება ვერ შეუცვალა.
მიზანთან ახლოს იყო თენგიზ ბრეგვაძეც, რომელმაც ლაშა შინდაგორიძის კარგი გადაცემით ვერ ისარგებლა. თუმცა ტორპედოელებმა სწრაფი გოლის გატანა მაინც მოახერხეს - მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა გიორგი ქიმაძემ, რომელმაც ჩვეული დრიბლინგით ჩამოიცილა მცველები და შინდაგორიძეს ბურთი თავზე დაასვა - 1:0.
გოლის შემდეგ "ტორპედომ" ტემპს უკლო, სტუმრები კი გააქტიურდნენ. სარაგოსას შეგირდების შესრულებით ზედიზედ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი ვიხილეთ. ზვიად ქანთარიას ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი რევაზ თევდორაძემ მოიგერია. უკუგდებულ ბურთს დავით უბილავა ამატებდა, მაგრამ დაუცველ კარს მცირედით ააცილა.
ლოკომოტიველებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და მოკლე გადაცემებით ქუთაისელთა დაცვაში სისუსტეებიც იპოვეს. გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ არ გაუმართლა გიორგი დიასამიძეს.
სტუმრები შეტევაში ისე გაერთნენ, ქუთაისელთა სწრაფი კონტრშეტევა გამოეპარათ, თუმცა კუხიანიძის გადაცემის შემდეგ კირკიტაძემ საჯარიმოს ხაზიდან უზუსტოდ დაარტყა. ტაიმის მიწურულს თბილისელთა ლამაზ კომბინაციას ქანთარია აგვირგვინებდა და მიზანმა მასაც უმტყუნა...
მეორე ნახევარი სტუმრების აქტიურობით დაიწყო, ბურთს ძირითადად ისინი ფლობდნენ, "ტორპედომ" კი კონტრშეტევებზე ააწყო თამაში. ერთ-ერთი იერიშისას კუხიანიძემ საჯარიმოში მეურვეც ჩამოიცილა და ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ თბილისელები გოლისგან მეკარე ლაზარე კუპატაძემ იხსნა.
ალექსანდრ შტელინის შეგირდებს ვალში არც ლოკომოტიველები დაურჩნენ. უბილავას უძლიერესი დარტყმის შემდეგ "ტორპედო" გოლისგან თევდორაძის თავგანწირულმა ნახტომმა იხსნა. ამ ეპიზოდში სტუმართა ქომაგები ამტკიცებდნენ - გამოვარდნილი ბურთი ქუთაისელ მცველს ხელზე მოხვდაო და პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა.
რამდენიმე წუთის შემდეგ სტუმრებმა თამაშგარე მდგომარეობის მიზეზით ჩიხლაძის არჩათვლილი გოლიც გააპროტესტეს, მაგრამ, ბუნებრივია, არბიტრს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.
ამ მომენტისთვის თბილისელებს სრული უპირატესობა ჰქონდათ და ბევრსაც უტევდნენ, მაგრამ მეტოქის დამწუხრება ვერა და ვერ მოახერხეს, ბოლოს კი ქუთაისელებს უფრო გაუმართლათ, როცა მორიგი კონტრშეტევისას დათა სიჭინავა და ოთარ კვერნაძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდნენ. საბოლოო ანგარიში კვერნაძემ დააფიქსირა - 2:0.
ლოკომოტიველები ამ ეპიზოდითაც უკმაყოფილონი იყვნენ, რაც ემოციურად გამოხატეს და არბიტრმა დიასამიძეს წითელი ბარათი უჩვენა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIV ტური
06.12. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-ლოკომოტივი 2:0
გოლები: 1:0 შინდაგორიძე (14. ქიმაძის პასით), 2:0 კვერნაძე (88. სიჭინავას პასით)
ტორპედო (4-1-4-1): თევდორაძე - ტაბატაძე, ნერგაძე, ჭიჭინაძე, ქიმაძე - კლიმიაშვილი - კირკიტაძე (74. კვერნაძე), ბაბუნაშვილი, კუხიანიძე, ბრეგვაძე (60. სიჭინავა) - შინდაგორიძე (88. ფურცხვანიძე).
სათადარიგოები: ხაინდრავა, ნიკონოვი, ნაცვლიშვილი, ფანცხავა
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
ლოკომოტივი (3-4-3): კუპატაძე - გეთიაშვილი, ხიდეშელი, ჩიტეიშვილი - ბენაშვილი (79. ართმელიძე), ქიქავა, სულთანიშვილი, უბილავა - ჩიხლაძე, ქანთარია (67. გავაშელიშვილი), დიასამიძე.
სათადარიგოები: შეროზია, მაკასარაშვილი, ღვინაშვილი, თექთურმანიძე, გაბაძე
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა
გაფრთხილება: გეთიაშვილი (11), ქიმაძე (31), ქიქავა (33), ხიდეშელი (51), ბაბუნაშვილი (60)
გაძევება: დიასამიძე (88)
არბიტრი: ლ. სილაგავა
დღეს
14:00. გორი. "თ. ბურჯანაძე"
დილა-მერანი
XV ტური
11 დეკემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-ცხინვალი
გურია-კოლხეთი
12 დეკემბერი, შაბათი
სიონი-სამტრედია
მერანი-დინამო (ბთ)
ზუგდიდი-დილა
შუქურა-დინამო (თბ)
საპოვნელა-ჩიხურა
საბურთალო-ტორპედო.
ბომბარდირები
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 11
ო. მარცვალაძე (დილა) 10.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული