ლაშა შინდაგორიძე: ქუთაისელი გულშემატკივრისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ

AutoSharing Option
1993 წლის 30 იანვარს შინდაგორიძეების ოჯახში ბიჭი დაიბადა, რომელსაც მშობლებმა ლაშა დაარქვეს. ოჯახში ფეხბურთი ძალიან უყვარდათ, ამიტომ გასაკვირი სულაც არ იყო, რომ ლაშაც ფეხბურთით მოიხიბლა და ერთი სული ჰქონდა, როდის ივლიდა ფეხბურთზე. მშობლებმა, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყვეს და 8 წლის ბიჭი "ნორჩ დინამოელში" მიიყვანეს.

გუნდს მაშინ თენგიზ კაცია წვრთნიდა. 13 წლის ასაკში, "ნორჩი დინამოელი" სამშენებლო კომპანია "სასკომ" შეიძინა და ფეხბურთელებს საკმაოდ კარგი პირობები შეუქმნა - სიმბოლური კონტრაქტებიც კი გაუფორმა. მაგრამ მოხდა ის, რასაც ქართველი გულშემატკივარი უკვე მიეჩვია - "სასკომ"
დაფინანსება შეწყვიტა და გუნდიც ნელ-ნელა დაიშალა.

"მე და ის ბიჭები 17 წლამდე ერთად ვთამაშობდით. თავიდან ყველაფერი კარგად იყო. მოგვიანებით დაფინანსება შეგვიწყდა და გუნდმა ფეხბურთელების შენარჩუნება ვეღარ მოახერხა. გული მწყდება, რომ ჩემი ასაკის საკმაოდ ბევრი კარგი ფეხბურთელი დაიკარგა", - იხსენებს შინდაგორიძე.

18 წლის ასაკში ლაშამ პირველ ოფიციალურ კონტრაქტს ხელი დანიურ "ორჰუსთან" მოაწერა. ერთი წლის შემდეგ, როცა ფეხბურთელმა სხვა გუნდში გადასვლა ისურვა, აგენტების მხრიდან მოხდა არეულობა და, შედეგად, ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდა.

ამის შემდგომ დიდი დაინტერესება ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მხრიდან იყო - თბილისის "დინამომ" შინდაგორიძის დამატება ისურვა. ფეხბურთელსაც სურდა "დინამოში" გადასვლა, მაგრამ პრობლემა შეექმნა: აგენტებმა უჩივლეს, ჩვენი გვერდის ავლით გადადისო. საბოლოო ჯამში, შინდაგორიძემ თბილისელთა მაისური მაინც მოირგო, თუმცა 18 თვის განმავლობაში მხოლოდ 8 წუთით. ახალგაზრდა ფეხბურთელს თამაში სურდა, "დინამოში" კი ამის საშუალება არ ეძლეოდა.

2014 წელს ლაშა "ცხინვალმა" მიიწვია, რომელიც სათამაშო დროსაც დაჰპირდა.

"წელიწადნახევარი უთამაშებელი ვიყავი და, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ფორმაში შესვლა. მთელი გუნდისგან და, განსაკუთრებით, მწვრთნელისგან - კახა კაჭარავასგან ვგრძნობდი გვერდში დგომას, რაც სამომავლოდ ძალიან დამეხმარა", - ამბობს 22 წლის ფეხბურთელი.

სხვათა შორის, "ცხინვალის" მაისურით შინდაგორიძემ 10 გოლი გაიტანა (8 უმაღლეს ლიგაში, 2 - თასზე), თავად გუნდმა კი ოთხეულში მოხვედრა შეძლო და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსინჯა ძალები.

"ზესტაფონის", თბილისის "დინამოს" და "ცხინვალის" შემდეგ ფეხბურთელმა ახალი გამოწვევა მიიღო - მან ამჯერად ქუთაისის "ტორპედოს" მაისური მოირგო.

ქუთაისური კარიერა საკმაოდ წარუმატებლად დაიწყო: რამდენიმე ცუდად ჩატარებული შეხვედრა, წითელი ბარათი და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია... შემდეგ ახალი უცხოელი მწვრთნელი, რომელიც მის შესაძლებლობებს არ იცნობდა და, შედეგად, ძირითადში მოხვედრა დიდ პრობლემად იქცა.

"ტორპედო" დიდი გუნდია და ის ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო. ამიტომ ვამჯობინე "ცხინვალიდან" წასვლა. მართალია, ფორმაში შესვლა და გოლების გატანა წლის ბოლოსღა მოვახერხე, მაგრამ მიხარია, გუნდს ახლა მაინც რომ ვეხმარები.

ქუთაისელი გულშემატკივრისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, განსაკუთრებით, "ჯუნგლებისგან", რისთვისაც ბედნიერი და მადლობელი ვარ", - ამბობს ფეხბურთელი.

"ტორპედო" თავის მორიგ შეხვედრას 16 დეკემბერს, საქართველოს თასზე თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც შინდაგორიძე ყვითელი ბარათების გამო დააკლდება. კლუბთან კონტრაქტი მას 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და რა იქნება შემდეგ, მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მეტატ მოინდომოს და მწვრტნელმაც მიაქციოს ყურადგება.
0
წარმატებები კლუბთან ერთად მაგარი თავდამსხმელი დადგება ეს ათლეტურიცაა და დარტყმაც საკმაოდ ზლიერი აქვს გაიხარე.
baggio
15:47 15-12-2015
0

სიახლეები პოპულარული