საპოვნელა-ჩიხურა 0:2 - ჩიხი

AutoSharing Option
ზედიზედ 5 წაგების შემდეგ "საპოვნელას" მდგომარეობის გამოსწორება მართებდა, მაგრამ "ჩიხურასთან" იმერულ დერბიში თერჯოლელთათვის სანუგეშო არაფერი მომხდარა. მამუკა ხუნდაძის შეგირდებმა საჩხერელებს ვერაფერი დაუპირისპირეს და მათი მარცხიც სავსებით კანონზომიერი იყო.

ნომინალური მასპინძლები მხოლოდ მატჩის საწყის წუთებში აქტიურობდნენ. თერჯოლელთა ფორვარდ გიორგი ბუხაიძეს გოლის გატანის რეალური შესაძლებლობაც ჰქონდა, მაგრამ ახლო მანძილიდან ხეირიანად ვერ დაარტყა. ამის შემდეგ უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და საკმაოდ ნელ ტემპში მიმდინარე თამაშში საგოლე მომენტებს, ძირითადად, ისინი ქმნიდნენ.

მიხეილ სარდალიშვილის სახიფათო დარტყმა თერჯოლელთა კარს ასცდა. შემდეგ მასპინძელთა მეკარე ალექსანდრე გიორგაძემ დეკანოიძისა და
იმავე სარდალიშვილის ძალზე სახიფათო დარტყმები მოიგერია, ტაიმის მიწურულს კი შეცვლაზე შესულ თორნიკე მუმლაძეს მართებდა გოლის გატანა, მაგრამ დეკანოიძის კარგი გადაცემის შემდეგ თავით ზუსტად ვერ დაარტყა.

მეორე ნახევარში სოსო ფრუიძის გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო საგრძნობი გახდა. მუმლაძეს ზედიზედ ორჯერ მიეცა გოლის გატანის შანსი - პირველად, მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, მეორე ეპიზოდში კი დარტყმულს მაჭავარიანი გადაეღობა.

თერჯოლელთაგან საუკეთესო იყო მეკარე გიორგაძე, რომელმაც სარდალიშვილისა და ჭანკოტაძის ძალზე სახიფათო დარტყმები მოიგერია. თუმცა, ცოტა ხანში მუმლაძის დარტყმის წინააღმდეგ ისიც უძლური აღმოჩნდა.

მასპინძლებს, რომლებიც მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოებასაც ძლივს ახერხებდნენ, ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა არ მისცემიათ. ეგ კი არა, მსაჯის მიერ დამატებულ დროში კორიფაძემ სარდალიშვილის გადაცემა გამოიყენა და დამაჯერებელი ანგარიში დააფიქსირა - 0:2.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
12.12. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
საპოვნელა-ჩიხურა 0:2
გოლები: 0:1 მუმლაძე (72. სარდალიშვილის პასით), 0:2 კორიფაძე (90. სარდალიშვილის პასით)
საპოვნელა (4-4-1-1): გიორგაძე - მაჭავარიანი (82. ალავიძე), რობაქიძე, ენდელაძე, ჯიმშელეიშვილი - ბანძელაძე (61. მურადაშვილი), ბერუაშვილი, ამბროლაძე (77. აბესაძე), მაკარიძე - ცქიფურიშვილი - ბუხაიძე.
სათადარიგოები: კახათელიძე, ბუცხრიკიძე, ტყეშელაშვილი, აბულაძე, ალავიძე
მწვრთნელი: მამუკა ხუნდაძე
ჩიხურა (4-3-3): კუპატაძე - კორიფაძე, კაშია, განუგრავა, მეგრელიშვილი - ჭეჭელაშვილი (86. კაკაშვილი), დობროვოლსკი, ჩიკვაიძე - დეკანოიძე (67. ჭანკოტაძე), კუსიანი (16. მუმლაძე), სარდალიშვილი.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, ლ. კუჭუხიძე, ივანიშვილი, ჯოხაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: მაჭავარიანი (60), მუმლაძე (72)
არბიტრი: ჯ. ხორავა

ბომბარდირები
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 12
ო. მარცვალაძე (დილა) 11
გ. ბერიაშვილი (დინამო (ბთ) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული