საქმე დაიძრა! - სოხუმის "დინამოს" ტკივილი და იმედები

AutoSharing Option
სოხუმის "დინამო" ერთ-ერთი უძველესი ქართული კლუბია - 1925 წელს დაფუძნდა. მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართული სპორტის ორბიტიდან ამოვარდა...

საქმე ისაა, რომ 1990 წელს, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, გუნდი ორად გაიყო - ქართულმა მხარემ სოხუმის "ცხუმი" დააფუძნა, "დინამო" კი კარგა ხანს გამქრალი იყო საფეხბურთო რუქიდან. მისი აღდგენის რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ფეხზე ვერა და ვერ დადგა...

ადრე სოხუმის "დინამოში" ერთმანეთის გვერდით გაიზარდნენ ბასა ღოღობერიძე, ნიკიტა სიმონიანი, ნიაზ ძიაფშიპა, სიომა ბარქაია, გიგა ნორაკიძე, ოთარ გაბელია, თემურ ქეცბაია, ახრიკ ცვეიბა, მიშა ჯიშკარიანი, გიორგი
ჩიხრაძე, გელა ინალიშვილი
... ამ კლუბს ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია და მომავალშიც ასე უნდა იყოს - მისი დათმობა დიდი შეცდომა იქნება.

სწორედ ეს ჰქონდათ მიზნად 2013 წელს მამუკა ბიძინაშვილსა და მის თანამოაზრეებს, როცა გუნდი აღადგინეს. ბიძინაშვილი ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი ტრადიციის გაგრძელებაა:

"ძალიან დიდი წინააღმდეგობებისა და პრობლემების მიუხედავად, რამდენიმე კაცმა გუნდის აღდგენა მაინც შევძელით. უკვირდათ, თბილისელ კაცს სოხუმის "დინამოსთან" რა კავშირი მქონდა. ქართველი ვარ და გული შემტკიოდა, ეს ისტორიული კლუბი დაკარგული რომ იყო.

Sportall.Geძალიან ბევრი სუბიექტური პრობლემა გაჩნდა, მაგრამ 2013 წლიდან ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის მონაწილეები გავხდით.

სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო, წლეულს ჩემპიონატში მონაწილეობა ვერ მოვახერხეთ და მხოლოდ ამხანაგური მატჩებით შემოვიფარგლეთ. სწორედ ამიტომ მსურს, რომ ამ გუნდის თემა მარტო ჩვენი სატკივარი არ იყოს", - ამბობს ბიძინაშვილი და დარწმუნებულია, რომ გუნდის აღორძინება და ელიტაში დაბრუნება შესაძლებელია:

"მე გუნდში საქმის საკეთებლად მივედი და არა - ფულის. ამიტომ, სოხუმის "დინამოს" პირველ და უმაღლეს ლიგაში გადასაყვანად, მილიონები არ გვჭირდება. მაგრამ უფულოდაც არაფერი გამოგვივა.

ახლა გუნდების უმრავლესობას სახელმწიფო ინახავს. ჩვენ კი ასეთ თანადგომას მოკლებულნი ვართ. არადა, დაფინანსების შემთხვევაში, არის რეალური შანსი, რომ გუნდში გვერდიგვერდ ვათამაშოთ ქართველი და აფხაზი ფეხბურთელები და საერთოდ, სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა თანაცხოვრების მაგალითი ვაჩვენოთ.

სოხუმის "დინამოს" აღორძინება აუცილებელია. პირველ ყოვლისა, ეს საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი. საბერძნეთსა და აზერბაიჯანში ანალოგები (აეკ, პაოკ, "ანორთოსისი", "ყარაბაღი") შემთხვევით არ არსებობს.

ჩემი პრინციპული პოზიციაა - ქართულ ფეხბურთს იმხელა პოტენციალი აქვს, თუ სწორად განავითარებ, ქვეყანას სარგებელს მოუტანს. ამაში თავისი წვლილის შეტანა სოხუმის "დინამოსაც" შეუძლია".

ბიძინაშვილი სოხუმის "დინამოს" მიმართ სახელმწიფოსა და სპორტის მესვეურთა დამოკიდებულებაზეც ლაპარაკობს:

"როცა კლუბი აღვადგინეთ, მაშინ ათასგვარი დაპირება მივიღეთ. მაგრამ ისეთი განცდა მქონდა, რომ თავიდან მოსაშორებლად, ტყუილებით მაიმედებდნენ. ახლა მგონია, რომ დამოკიდებულება შეიცვალა. სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ გუნდის ამბავი გულთან ახლოს მიიტანეს.

ლევან კობიაშვილი და დავით მუჯირი პრობლემებით დაინტერესდნენ და სტადიონზე შეყვანას შეგვპირდნენ, სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მისმა მოადგილე შალვა გოგოლაძემ კი ფორმები გადმოგვცეს. ჩვენთვის ესეც ბევრს ნიშნავს.

მეიმედება, რომ სოხუმის "დინამო" ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოვა, რადგან მხარდაჭერა ხელისუფლებისგანაც არის. 2014 წლის 12 დეკემბერს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის სესიაზე თქვა, რომ ჩვენს დასაფინანსებლად ალტერნატიული წყაროები არსებობდა. თანადგომას გვიცხადებენ ოლიმპიური კომიტეტი, ფეხბურთის ფედერაცია, სპორტის სამინისტრო, აფხაზეთის დევნილი მთავრობა და უმაღლესი საბჭო, პარლამენტარები, ვეტერანები, მადლიერი ვარ მედიის, რომელიც ამ ფაქტის მნიშვნელობას აცნობიერებს და ყოველთვის გვაძლევს ტრიბუნას.

ყველა წინაპირობაა, რომ სოხუმის "დინამო" ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობდეს. იმედი მაქვს, ქრონიკულად ქცეულ პრობლემას ახლა მაინც მოევლება".

ბიძინაშვილის თქმით, სოხუმის "დინამოს" არსებობა მხოლოდ ლიგაში მონაწილე გუნდით არ უნდა შემოიფარგლებოდეს:

"ადრე იყო მცდელობა, რომ სოხუმის გუნდი უმაღლეს ლიგაში დაებრუნებინათ. მაგრამ მას საფუძველი არ ჰქონდა და ამის გამო დაიშალა. ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ: აუცილებელია, საკუთარი საფეხბურთო სკოლა ჩამოვაყალიბოთ. 6 ასაკობრივი ჯგუფი უკვე გვყავს, სადაც 100-მდე ბავშვი ვარჯიშობს.

მაგრამ სკოლისა და გუნდის საფუძვლების ჩამოსაყალიბებლად ინფრასტრუქტურაც აუცილებელია. ჩვენი მიზანი სწორედ საკუთარი, თუნდაც პატარა სტადიონის აშენება და მოედნების მოწყობაა. თბილისში ჯერ კიდევ არსებობს ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია სტადიონის აშენება.

გარდა ამისა, როგორც გითხარით, ფეხბურთის ფედერაცია მოედნის დაქირავებაში დახმარებას გვპირდება. ასე მგონია, რომ ამ ეროვნულ საქმეში სოხუმის "დინამო" მარტო არ დარჩება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მუქთა ფული ყველას უნდა....:)
sioma
15:19 20-12-2015
0
რა საქმე დაიძრა თუ ძმა ხარ,თავზე გვენგრევა ის რაც გვაქვს და ეხლა გამოჩნდა კიდე მართლა მუქთა ფულის მსურველი ხალხი,რამდენი უნდა ჩამოეკიდოს ამ საცოდავ ქვეყნის ბიუჯეტს,მგონი ჩვენზე გარიბი ქვეყანა აგარ არის სადმე,თუ ვინმეს უნდა სოხუმის სახელი მოიძიეთ სპონსორი და კი ბატონო, საბერძნეთს და აზერბაიჯანს რო ახსენებ წადი და ნახე ერთი იქაური ცხოვრება და მერე აქაური,შია ხალხს შიაააააა და ეს გამოდის და ფული გვინდაო იძახის,მოინდომეს ეს ხალხის ფული თავისი საქმის ასაწყობად,
Irakli 88
20:59 20-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული