"სამწუხაროდ, პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი შეხვედრის იუბილეს აღნიშვნა მანამდე გადაწყვეტილი არ იყო. არადა, უმნიშვნელოვანესი მოვლენა და ქვეყნის დამოუკიდებლობის გზაზე დადგომის დღე იყო. ამიტომ ღონისძიებების დაგეგმვა სასწრაფოდ მოგვიხდა.
საიუბილეო კვირეული მოკლე ვადაში გაკეთდა, რისთვისაც ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებს მადლობას ვუხდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და მომავალი წლისთვის გადადება არ გვინდოდა. მიზნად დავისახეთ, საზოგადოება ყოფილიყო ერთიანი - ვეტერანი ფეხბურთელები, პოლიტიკოსები და მთავრობის წევრები. პოლიტიკოსები იმიტომ,
რადგან ჩვენი მიზანია, სტადიონებზე ხალხი დავაბრუნოთ, ასეთი ღონისძიებებით ფეხბურთის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება", - ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი.
ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ არ მიიწვიეს თამაშზე თბილისის "დინამოს" ოქროს თაობების მოთამაშეები.
კობიაშვილმა ეს ასე განმარტა: "ქართული ფეხბურთის ვარსკვლავების მიმართ პატივისცემა არაერთხელ გამომიხატავს და ამას კიდევ ერთხელ დავადასტურებ, მაგრამ ეს იყო კონკრეტული დღის იუბილე. ამიტომ მოედანზე გავიდნენ პირველი მატჩისა და პირველი ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელები".
კობიაშვილი იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან ეროვნული ჩემპიონატის თამაშზე ტრიბუნები ისევე შეივსება, როგორც ეს 1990 წლის 30 მარტს იყო:
"ვისაც იმ მატჩის კადრები უნახავს, წარმოუდგენელია, მსგავსი დასწრება ახლა არ ინატროს. სამწუხაროა, რომ დღეს სხვა რეალობაა და ინტერესი დაიკარგა. ამ ყველაფერს შესწავლა და ანალიზი სჭირდება.
ფეხბურთის განვითარება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ქვეყნის ეკონომიკაზეც - ფეხბურთი ცალკე ვერ იარსებებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, ხალხი დავაინტერესოთ, სტადიონზე მოვიყვანოთ და ეროვნული ჩემპიონატის დონე ყოველწლიურად ავწიოთ".
აქვე, ერთი საინტერესო ამბავი: 18 დეკემბერს, ბათუმში, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელებს შეხვდება. "ლელოს" ინფორმაციით, კლუბები ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით თავიანთ ხედვას წარმოადგენენ.
ჯერ უცნობია, ფედერაცია მათ რა წინადადებით მიმართავს, მაგრამ კლუბებში მოლოდინია, რომ სახელმწიფოს ერთიანი ფონდის საშუალებით გარკვეულ თანხას მიიღებენ. როგორც გავიგეთ, იქნება მოთხოვნა, რომ სახსრები მიზანმიმართულად დაიხარჯოს. არაა გამორიცხული, სფფ ზოგიერთ კლუბს ფორმებით დაეხმაროს...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"