უმაღლესი ლიგა. ნოემბერ-დეკემბრის ლაურეატები: გეგუჩაძე და ქვილითაია

AutoSharing Option
წინა სეზონის დასრულების შემდეგ გაზეთმა "ლელომ" და კომპანია "ლიდერბეთმა" საქართველოს XXVI ჩემპიონატის რჩეულნი გამოავლინა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოებაც ისეთი გამოვიდა, ლაურეატებს რომ ეკადრებოდათ! მით უფრო, რომ ამ ღონისძიების მასპინძლებმა ("ბიბლუს გალერი") მართლაც მშვენიერი გარემო შეუქმნეს ქართული ფეხბურთისა თუ მასმედიის წარმომადგენლებს.

სწორედ მაშინ, ამა წლის 4 ივნისს, დაანონსდა კიდეც "ლელოსა" და "ლიდერბეთის" სამომავლო პროექტიც: მომდევნო სეზონიდან მოხდებოდა თვის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის ჯერ გამოვლენა, მერე კი - დაჯილდოება. უცვლელი რჩებოდა ღონისძიების ადგილიც: თბილისი, ჭავჭავაძის N7, "ბიბლუს გალერი", სადაც, დაპირებისამებრ, უკვე
მოეწყო აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის ლაურეატთა დაჯილდოებაც.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ნომინანტები თბილისის "დინამოს" წარმომადგენლები - გია გეგუჩაძე ("თვის მწვრთნელი") და ალექსანდრე იაშვილი ("თვის ფეხბურთელი") გახდნენ, სექტემბერში ლაურეატობა "დილას" მთავარ მწვრთნელს, უჩა სოსიაშვილსა და ამავე გუნდის საუკეთესო ბომბარდირ ირაკლი მოდებაძეს ერგოთ, ოქტომბერში კი თეიმურაზ შალამბერიძე ("შუქურა") და ოთარ მარცვალაძე ("დილა") გამოვარჩიეთ.

იმის გამო, რომ ნოემბერში (წინა თვეებისგან განსხვავებით) მხოლოდ სამი ტური ჩატარდა, ხოლო დეკემბერში - უფრო ნაკლები (ორი), გადავწყვიტეთ, ამ ორი თვის მაჩვენებლები გაგვეერთიანებინა და ამ პერიოდში გამართული მატჩების შედეგებიდან გამომდინარე, გამოვავლინეთ კიდეც საქართველოს XXVII ჩემპიონატის ნოემბერ-დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელი და საუკეთესო ფეხბურთელი!

ლაურეატებსა და სხვა ნომინანტებზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი გვინდა წარმოგიდგინოთ უმაღლესი ლიგის გუნდების ნოემბერ-დეკემბრის მონაგარიც...

ნოემბერ-დეკემბრის ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დინამო (თბ) 5 5 0 0 18-6 15
2. დილა 5 4 1 0 12-3 13
3. ცხინვალი 5 4 1 0 10-3 13
4. დინამო (ბთ) 5 4 1 0 9-2 13
5. ჩიხურა 5 4 0 1 9-4 12
6. სამტრედია 5 3 0 2 7-5 9
7. სიონი 6 3 0 3 15-17 9
8. ტორპედო 5 2 2 1 13-13 8
9. საბურთალო 5 2 1 2 11-11 7
10. კოლხეთი 5 1 2 2 5-8 5
11. ლოკომოტივი 5 1 1 3 4-5 4
12. ზუგდიდი 6 0 3 3 2-8 3
13. შუქურა 5 0 2 3 3-7 2
14. მერანი 5 0 1 4 3-12 1
15. გურია 5 0 1 4 3-13 1
16. საპოვნელა 5 0 0 5 2-16 0

შენიშვნა: "ზუგდიდმა" და "სიონმა" სხვებთან შედარებით ერთი მატჩით მეტი ჩაატარეს, რადგან ამ გუნდებს შორის VIII ტურის შეხვედრა, 17 ოქტომბერს რომ უნდა შემდგარიყო, 14 ნოემბერს გაიმართა.


საუკეთესო მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ნომინანტები
1. გია გეგუჩაძე (დინამო თბ)
2. კახა კაჭარავა (ცხინვალი)
3. შოთა ჭეიშვილი (დინამო ბთ)
...ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გუნდი "ცხინვალია": კახა კაჭარავას გუნდმა სექტემბერსა და ოქტომბერში IV შედეგი აჩვენა, ახლა კი "დილასთან" და ბათუმის "დინამოსთან" ერთად მეორე-მეოთხე ადგილები გაიყო ნოემბერ-დეკემბრის ცხრილში. ჩემპიონატის ამ პერიოდში "ცხინვალმა" მოუგო "გურიას", "სიონს", "საპოვნელასა" და "ლოკომოტივს" და მხოლოდ ერთი მატჩი დაამთავრა ფრედ (სტუმრად - "შუქურასთან").

წინა თვეებთან შედარებით, საგრძნობლად გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა ბათუმის "დინამომ" და საერთოდაც, XXVII ჩემპიონატის საწყის ტურებში ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა სწორედ ამ გუნდის წარუმატებელი ასპარეზობა იყო. თუმცა, ამას მართლაც ჰქონდა ობიექტური მიზეზები, უპირველეს ყოვლისა, საკადრო პრობლემებს ვგულისხმობთ: გუნდის გამოცდილი თავკაცი შოთა ჭეიშვილი, ფაქტობრივად, დეკემბრის დასაწყისამდე ვერ ახერხებდა ოპტიმალური შემადგენლობის გამოყვანას (6-7 წამყვანი ფეხბურთელი ტრავმირებული იყო).

თუმცა მერე სიტუაცია გამოსწორდა და შედეგმაც არ დააყოვნა: ოთხი მოგება და ერთი ფრე მშვენიერი მაჩვენებელია, თანაც ჩემპიონატის ამ პერიოდში ყველაზე ნაკლები გოლი ბათუმის "დინამომ" გაუშვა. ეს კი მთელი გუნდის დამსახურებაც არის და რაღა თქმა უნდა, 29 წლის მეკარის, შოთა მამინაშვილისაც, რომელმაც ღირსეულად შეცვალა ტრავმირებული მიხეილ ალავიძე.

ნოემბერ-დეკემბერში ქულათა მაქსიმუმის მოპოვებასთან ძალიან ახლო იყოს "დილა", მაგრამ მოქმედმა ჩემპიონმა პირველი წრის ბოლო ტურში 2 ქულა დაკარგა ამ ბოლო დროს უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბებულ "ზუგდიდთან".

ერთადერთი გუნდი, ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული ჩემპიონატის ხუთივე მატჩი რომ მოიგო, თბილისის "დინამოა", თანაც გია გეგუჩაძის გუნდმა მხოლოდ "გურიასთან" "იკმარა" 2 გოლის გატანა: სხვა დანარჩენ ოთხ შეხვედრაში მეტოქის კარში 3 ან მეტი გოლი გაჰქონდა!

ამას გარდა, ნუ დაგვავიწყდება, რომ დეკემბერში გია გეგუჩაძის დამოძღვრილმა "დინამომ" საქართველოს თასზეც წარმატებით იასპარეზა - მეოთხედფინალში თავის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, "ტორპედოს" გასვლაზე 1:0 მოუგო, შინ - 2:1 და ნახევარფინალშიც გავიდა.

Sportall.Ge

მოკლედ, გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამომ" ამ პერიოდში 7 ოფიციალური მატჩი გამართა და შვიდივე მოიგო! აქედან გამომდინარე, წესითა და რიგით, ჩვენი არჩევანი, ალბათ, საკამათო არ უნდა ყოფილიყო: ნოემბერ-დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელი გია გეგუჩაძეა!

საუკეთესო ფეხბურთელი: გიორგი ქვილითაია
ნომინანტები
1. გიორგი ქვილითაია (დინამო თბ)
2. ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ)
3-4. ლაშა შინდაგორიძე (ტორპედო)
3-4. ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)
მწვრთნელის ნომინაციისაგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში არჩევანის გაკეთება მართლაც გაგვიჭირდა. ეგ კი არა, რამდენიმე ფეხბურთელი ნომინანტებშიც ვერ მოხვდა, არადა, ჩვენ მიერ არჩეული ოთხეულის გარდა, ისინიც არანაკლებ იმსახურებდნენ ამ აღიარებას: გოგიტა გოგუამ ("დილა"), გიორგი ხარაიშვილმა ("საბურთალო"), ირაკლი სიხარულიძემ ("სამტრედია"), გიორგი გურულმა (თბილისის "დინამო") და უკვე ნახსენებმა შოთა მამინაშვილმა ნოემბერ-დეკემბერში მშვენივრად ითამაშეს.

თუმცა მცირე უპირატესობა სხვა ფეხბურთელებს მივანიჭეთ, რომლებმაც ეს პერიოდი მართლაც გამორჩეულად ჩაატარეს; აი, თუგინდ, ნიკა კაჭარავა ვახსენოთ: "ცხინვალის" 21 წლის ცენტრფორვარდმა ნოემბერ-დეკემბერში 5 გოლი (ერთხელ ჰეთ თრიკი შეასრულა) გაიტანა და სრულიად დამსახურებულადაც ლიდერობს პირველი წრის შემდეგ ბომბარდირთა დავაში!

კაჭარავა-უმცროსი წინა თვეებშიც შედეგიანად თამაშობდა, აი, ლაშა შინდაგორიძემ კი სწორედ ნოემბერ-დეკემბერში "აიწყვიტა": "ტორპედოს" 22 წლის გარემარბმა (გნებავთ, ცენტრფორვარდმა) ლაშა შინდაგორიძემ პირველ წრეში 6 გოლი გაიტანა (ორჯერ "დუბლი" შეასრულა) და ექვსივეჯერ ამ პერიოდში გამოიჩინა თავი!

და აი, ყველაზე რთული არჩევანის დროც დადგა: თითქოს ერთმანეთს "ეჯიბრებოდნენო", თბილისის "დინამოს" ორი ფეხბურთელი ნოემბერ-დეკემბერში მართლაც გამორჩეული იყო: მარჯვენა ნახევარმცველი (გნებავთ, გარემარბი) ჯაბა ჯიღაური და ცენტრფორვარდი გიორგი ქვილითაია!

23 წლის ჯიღაური, საერთოდაც, გამორჩეულ სეზონს ატარებს და გამონაკლისი არც ნოემბერ-დეკემბერი იყო: ზედიზედ ორ ტურში ("კოლხეთთან" და "სამტრედიასთან") დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც "შუქურას" გაუტანა, აღარაფერს ვამბობთ მის საგოლე პასებზეც (ორი - "სამტრედიასთან", ერთიც - "შუქურასთან").

ჯიღაურის მსგავსად, ამ სეზონში "დინამოს" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა გიორგი ქვილითაია: 22 წლის თავდამსხმელმა ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებულ თითქმის ყველა მატჩში შეძლო გოლის გატანა! "კოლხეთთან" ჰეთ თრიკი შეასრულა, თითო-თითო გოლი კი "გურიას", "სიონსა" და "შუქურას" გაუტანა.

Sportall.Ge

ამას გარდა, საქართველოს თასზეც გამოიჩინა თავი: "ტორპედოსთან" პირველი მეოთხედფინალური მატჩი "დინამომ" მისი ერთადერთი გოლით მოიგო (თანაც, მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ორიოდ წუთში გაიტანა გოლი), მერე კი საპასუხო შეხვედრაშიც იყოჩაღა, როცა ალექსანდრე იაშვილის მართლაც დიდებული გადაცემის შემდეგ მეურვეებს დაასწრო და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.

7 ოფიციალური მატჩი და 8 გოლი - აი, ასეთი შთამბეჭდავი მაჩვენებელი ჰქონდა ნოემბერ-დეკემბერში გიორგი ქვილითაიას, რომელიც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა (უნგრული "დიორიდან").

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არანაირი ლეგიონერი არ არის საჭირო. ამ ბიჭებს ნორმალური ხელფასი გადაუხადეთ(მთელ უმაღლეს ლიგას), რომ ფეხბურთის გარდა სხვა საფიქრალი არ ქონდეთ, ევროპული დატვირთვებით ავარჯიშეთ და ნორმალური ფსიქოლოგიური ტრენინგები ჩაუტარეთ,რომ ცოტა თვითრწმენა და თავდაჯერებულობა მოემატოთ და ევროლიგების თამაშებზე წინასწარ ჩასვრილები, აკანკალებული მუხლებით არ გადიოდნენ და ყველაფერი კარგად იქნება.
ნუკრი
21:44 18-12-2015
0
გეგუჩაძე კარგი მცვრთნელია, დინამოც ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე კარგათ თამაშობს,მაგრამ ჩვენ ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა გვინდა, მაგ სასტავით კი ეს არ მოხერხდება,ტუ 2-3 კარგი ლეგიონერი არ დაიმატეს
ალეკსანდრე
20:09 18-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული