რატომ შეყოვნდა შტელინი?
- 8 იანვრიდან გუნდი საღორიას ბაზაზე შეიკრიბება. ფეხბურთელები ადგილზე მოემზადებიან და ქართულ გუნდებთან რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებენ. სპარინგებს ვგეგმავთ ლანჩხუთის "გურიასთან" და წყალტუბოს "სამგურალთან", მაგრამ არ ვიცით, ამინდი რა კორექტივებს შეიტანს ჩვენს გეგმებში და რეალურად ვისთან მოვახერხებთ თამაშს. დიდი თოვლია და არ არის გამორიცხული, დროებით ქუთაისის მძლეოსნობის მანეჟში მოვემზადოთ... სხვათა შორის, უამინდობის გამო ალექსანდრ შტელინი სტამბოლის აეროპორტში შეყოვნდა...
27 იანვარს "ტორპედო" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება და სიდეში დაბინავდება. იქ 5 საკონტროლო მატჩს გავმართავთ საკმაოდ ძლიერ მაკედონიურ, უკრაინულ, ყაზახურ და რუმინულ გუნდებთან...
ქიმაძე? ტყუილია!
- ყველა საკადრო ცვლილება შტელინის მითითებით განხორციელდა. მას სურს, რომ სამწვრთნელო შტაბიც და შემადგენლობაც მისთვის სასურველი კადრებით დაკომპლექტდეს... ჯერჯერობით, ოფიციალურად, მხოლოდ მეკარე რევაზ თევდორაძემ დაგვტოვა. მისი მადლიერნი ვართ, რადგან, როგორც პიროვნებამ და როგორც მეკარემ, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. მაგრამ თბილისელი კაცია, "ლოკომოტივში" გადასვლა შესთავაზეს და უარი ვერ ვუთხარით...
კონტრაქტი დაუმთავრდა მეკარეების მწვრთნელ თამაზ ოდიკაძეს და მის ნაცვლად დავით მამარდაშვილი იმუშავებს. ცნობილია, რომ პირველი ლიგის კლუბ ცხინვალის "ლიახვიდან" მეკარე მაქსიმე ქვილითაია დაგვიბრუნდა. ის "ტორპედოში" 2006-07 და 2010-13 წლებში თამაშობდა...
ახალწვეული არც კვიპროსული "ეთნიკოსიდან" წამოსულ ბექა ტუღუშზე ითქმის, რადგან ჩვენთან ადრეც თამაშობდა და მიმაჩნია, რომ გუნდის გაძლიერება შეუძლია. ორივე მათგანთან კონტრაქტს 8 იანვარს გავაფორმებთ...
ტყუილია, თითქოს, გიორგი ქიმაძე თბილისის "დინამოში" გადადის. ის მშვენიერი მარცხენა მცველია, მისი დიდი იმედი გვაქვს და ჩვენთან დარჩება. ოფიციალურად, დღემდე ჩვენი მოთამაშეები არიან გიორგი სომხიშვილი, დავით ოდიკაძე და გიორგი კახელიშვილი...
წილოსანი მოიყვანეთო...
- სხვათა შორის, წასვლამდე შტელინი ძალიან მოწადინებული იყო, ლანჩხუთის "გურიიდან" ვანო წილოსანი დაგვემატებინა. ამბობდა, ამ ბიჭს ფიზიკურად მოვამზადებ და ძალიან ძლიერი ფეხბურთელი გაგვეზრდებაო... საბედნიეროდ, ეს ტრანსფერი გამოვიდა, წილოსანთან კონტრაქტი უკვე გავაფორმეთ და ის ოფიციალურად გახდა "ტორპედოს" მოთამაშე. არ დავმალავ, რომ სულ 22 ფეხბურთელის სია გვქონდა, მათ შორის საუკეთესოებს ხასიათების მიხედვითაც ვარჩევდით...
სხვათა შორის, კიდევ ორი ლანჩხუთელის დამატება გვსურდა - თორნიკე მოსიაშვილისა და სანდრო ბახიასი. ბახიას დაველაპარაკეთ, მაგრამ... ამ ეტაპზე მან თავი შეიკავა - "გურიაში" კიდევ მოვძლიერდები და ინტერესი თუ გექნებათ, მერე გადმოვალო...
8 იანვრიდან სინჯებზე კიდევ რამდენიმე მოთამაშეს ველოდებით. მათ შორის იქნება მარტვილის "მერანის" მცველი ჯიმი გაბუნიაც...
სასიხარულოა, რომ მალე დაგვიბრუნდებიან ტრავმამოშუშებული გურამ ადამაძე და ბაქარ მირცხულავა. გუნდში გვყავს გამოცდილი გია ნერგაძე და ნიჭიერი ანრი ჭიჭინაძე. კიდევ ორი საინტერესო ახალგაზრდაც დაწინაურდება და იმედია, მეორე წრისთვის უკეთესი შემადგენლობა გვეყოლება...
საერთოდ, არსებული კონტრაქტებიდან გამომდინარე, ზაფხულს ველოდებით და მერე კიდევ რამდენიმე სასურველ მოთამაშეს დავიმატებთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"