თერჯოლის "საპოვნელა": გიორგი რეხვიაშვილი, დავით ოდიკაძე, ალეკო კოშკაძე...

AutoSharing Option
შესაძლოა, გიორგი რეხვიაშვილმა, რომელიც ბოლოს თბილისის "დინამოში" ირიცხებოდა, მალე კარიერა თერჯოლის "საპოვნელაში" გააგრძელოს.

საერთოდ, არავინ დავობს, რომ გიორგი ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. იყო საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების კანდიდატი, მაგრამ კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც სურდა და როგორც მის ნიჭს შეეფერებოდა.

27 წლის ფეხბურთელმა თავი ჯერ ზუგდიდის "მგლებში" გამოიჩინა, მერე რუსთავის "მეტალურგში" და ამ გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. ლოგიკური იყო, რომ 2011 წელს თბილისის "დინამოში" აიყვანეს, მაგრამ გუნდში მუდმივი სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო 2012 წელს იჯარით საჩხერის
"ჩიხურაში" გადავიდა და 2014 წელს ევროპის ლიგაზე შთამბეჭდავად ითამაშა - იმერლებმა ორი ეტაპი რომ გადალახეს და მერე ბაქოს "ნეფთჩისაც" ეომნენ, ამაში რეხვიაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა.

შედეგად, ის ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს. მალევე მისით თურქული "ბურსასფორი" და მახაჭყალის "ანჟი" დაინტერესდნენ. საბოლოოდ, გიორგიმ თურქეთის პირველი ლიგის კლუბ "ბოლუსფორთან" 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სეზონის პირველ 5 მატჩში 90 წუთი დაჰყო მოედანზე, მაგრამ... მეექვსეში ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ოპერაცია დასჭირდა.

რეხვიაშვილი მოედანს მაისამდე ვერ დაუბრუნდებოდა, თურქეთის პირველი ლიგის კლუბებს კი განაცხადში მხოლოდ 3 ლეგიონერის შეყვანის უფლება აქვთ. ამიტომ ქართველმა კლუბთან კონტრაქტი შეაჩერა და ტრავმის მოშუშებამდე ლეგიონერის ადგილი გაათავისუფლა.

მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგ, შარშან ამ დროს, "ბოლუსფორთან" ხელშეკრულება აღარ ამოქმედებულა და რეხვიაშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა. მაგრამ სანამ ფორმაში შევიდა, თამაში არ ეღირსა, კონტრაქტი იქაც გაწყვიტა და შემოდგომიდან უგუნდოდ დარჩა...

და ამ დროს...
...რეხვიაშვილი შეიძლება "საპოვნელაში" აღმოჩნდეს. ფეხბურთელს ეს გუნდი ფორმის აღსადგენად დასჭირდება, გუნდს კი მისნაირი მცველი ნამდვილად არ აწყენს.

ამას გარდა, "საპოვნელაში" კიდევ ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი. თერჯოლის გუნდი უმაღლეს ლიგაში 8 ქულით მე-15 ადგილზეა და გასაგებია, რომ ცვლილებების გარეშე ელიტაში ადგილს ვერ შეინარჩუნებს.

ახლა ისე ჩანს, რომ თერჯოლის "საპოვნელას" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, მაგრამ ამ პოსტზე მომუშავე მირიან გეწაძე დარჩება გუნდში და ახალ დამრიგებელს დაეხმარება. მაგრამ ვინ იქნება მისი შემცვლელი?

არ დადასტურდა ხმები, თითქოს, "საპოვნელას" ხვიჩა ქასრაშვილი გაწვრთნის. 54 წლის სპეციალისტი ბოლოს პირველი ლიგის ბინადარ ოზურგეთის "მერცხალში" მუშაობდა. ქასრაშვილი კომენტარს ერიდება. როგორც გვითხრეს, მის მიმართ ინტერესი ნამდვილად იყო, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია და, შესაძლოა, სხვა კანდიდატურაც გამოჩნდეს.

ცნობილი გახდა, რომ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, "საპოვნელას" თავკაცები გუნდის გაძლიერებასა და კიდევ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის მიყვანას აპირებენ - ლაშა ჭელიძის, დავით ოდიკაძის, ალეკო კოშკაძისა და დავით ბოლქვაძის.

ეროვნულ ნაკრებში ნათამაშებ 34 წლის ოდიკაძეს მაისამდე "ტორპედოსთან" კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ ქუთაისურ კლუბთან ხელშეკრულების გაწყვეტას და კარიერის "საპოვნელაში" გაგრძელებას აპირებს.

ამავე გუნდში გადაწყვეტილია მისი ძმის, ქუთაისის "ტორპედოს" მეკარეთა მწვრთნელ თამაზ ოდიკაძის გადასვლაც. ახალგაზრდული ასაკის (35 წლისაა) მიუხედავად, მან თავი კარგი მუშაობით გამოიჩინა და ამ პროფილით უკვე გამოცდილი და ცნობილი მწვრთნელია.

"საპოვნელაში" ელოდებიან ქუთაისის "ტორპედოდან" წამოსულ გიორგი სომხიშვილსაც. გამოცდილმა მეკარემ თერჯოლელთა ინტერესი და კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება დაადასტურა, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია.

ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ კლუბს ყურადღება მიაქცია იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ. რაც მეტ კლუბს ეყოლება მზრუნველი და მეტის მდგომარეობა გაუმჯობესდება, ეს ისევ ქართულ ფეხბურთს წაადგება.

"საპოვნელაში" იმედოვნებენ, რომ გუბერნატორის დახმარებით მალე სტადიონიც მოწესრიგდება და სათადარიგო მოედანსაც მოაწყობენ, კლუბის ბიუჯეტი კი საგრძნობლად გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს "საპოვნელას" სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ 320 ათასი ლარი გამოუყვეს. ნაკლები მხოლოდ ფოთის "კოლხეთს" ჰქონდა - 300 ათასი ლარი. ცხადია, უმაღლესი ლიგის კლუბისთვის ეს სასაცილო ციფრია და ლოგიკურია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ გუნდი აუტსაიდერია...

ვნახოთ, რა იქნება მეორე წრეში...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
?????????????
revazi abesadze
20:46 10-01-2016
0
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას....
rezikojuve
20:35 10-01-2016
0

სიახლეები პოპულარული