გუნდის მწვრთნელი ასლან ბალაძე მეორე წრისთვის მზადებისა და სიახლეების შესახებ გველაპარაკა...
"9 იანვარს ბათუმში შევიკრიბეთ და მზადების პირველ ეტაპს აქვე გავივლით. 23, 24 ან
28 იანვარს ანტალიაში გავემგზავრებით, სადაც 4-5 საკონტროლო შეხვედრას გავმართავთ. 3 მეტოქის ვინაობა უკვე ვიცით: 8 თებერვალს უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში მე-3 ადგილზე მყოფ ლუგანსკის "ზორიას" დავუპირისპირდებით; მერე შევხვდებით უნგრულ "პაკშს", ყაზახურ "ირტიშსა" და სლოვაკეთის "პოდბრეზოვას".
კიდევ ერთი მეტოქის ვინაობას უახლოეს დღეებში გავარკვევთ. შესაძლოა, ის რუმინული "ბოტოშანი" იყოს, რომელმაც ევროპის ლიგაზე "ცხინვალი" დაამარცხა.
საქართველოში 10 თებერვალს დავბრუნდებით და ვარჯიშს ადგილზე გავაგრძელებთ. სეზონი კი, როგორც ვიცით, 22 თებერვალს განახლდება. პირველ ეტაპზე ბევრი ტრავმირებული გვყავდა და ამის გამო სულაც არ მიმაჩნია, რომ სეზონი ჩავაგდეთ. მაგრამ წინაა თამაშები და უკეთესი შედეგის მიღწევა შეიძლება. მთავარია, მეორე ეტაპისთვის სერიოზულად მოვემზადოთ", - ამბობს ბალაძე.
ბათუმელთა მწვრთნელს საკადრო სიახლეებზეც ველაპარაკეთ:
"ყოველი პაუზისას სერიოზული საკადრო რევოლუცია ჩვენთვის მიუღებელია. ძირითადი ბირთვი ახლაც შენარჩუნებულია. შესაძლოა, მაქსიმუმ 2-3 მოთამაშე დავიმატოთ - მათგან ერთი მცველი და ერთიც თავდამსხმელია.
ახლა, ოფიციალურად, ჯერ მხოლოდ დიმა ტატანაშვილმა დაგვტოვა. ის ბოლნისის "სიონში" იჯარით იყო. ახლა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გავწყვიტეთ".
როგორც ცნობილია, უმაღლესი ლიგის კლუბების შეხვედრაზე სახელმწიფო ბიუჯეტების ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გაკონტროლებასა და ერთიანი ფონდის დაფუძნებაზე ილაპარაკეს.
ბათუმის "დინამოს" ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2,5 მილიონი ლარით აფინანსებენ და თუკი კლუბებს გათანაბრების პრინციპით მილიონს ან 1,5 მილიონ ლარს გამოუყოფენ, რა რეაქცია ექნებათ ბათუმის "დინამოს" ხელმძღვანელებს?
"ფინანსურ საკითხებში სტაბილურობაა და იმედია, ასეც გაგრძელდება. რაც შეეხება ერთიანი ფონდის არსებობას - ძალიან კარგია, რომ გუნდებს სტაბილური და გარანტირებული დაფინანსება ექნებათ და გრძელვადიანი გათვლებით ვიმუშავებთ, მაგრამ იმის იმედს ვიტოვებთ, რომ გათანაბრების შემთხვევაში, დღევანდელზე ნაკლები ბიუჯეტი არ გვექნება".
მცირე ხნის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის "დინამოს" 17 წლის ნახევარმცველ ნიკა კვანტალიანს მადრიდის "ატლეტიკოში" იწვევდნენ, მაგრამ სამუშაო ვიზა ვერ მიიღო. ბათუმელთა მწვრთნელს მის შესახებაც ვკითხეთ:
"კვანტალიანი ბათუმელი ბიჭია და ჩვენი ქალაქის საფეხბურთო სკოლის გაზრდილია. ნიკა ესპანეთში 14 წლისა წაიყვანეს.
მართლაც ნიჭიერი ბიჭია. რაღაცით ჩვენს ყოფილ ნახევარმცველ თემურ ტუღუშს მაგონებს... იყო 17-წლამდელთა ნაკრების წევრი, სადაც ტრავმის გამო ვერ ითამაშა.
დახვეწა უნდა და იმედია, ძლიერ ფეხბურთელად ჩამოყალიბდება. ესპანეთში ვარიანტები აქვს, მაგრამ მაისამდე ჩვენთან დარჩება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"