იური ბაკალოვმა "ზუგდიდში" უკრაინელებს, აფრიკელებსა და ქართველებს უხმო

AutoSharing Option
"ზუგდიდი" ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადებას აგრძელებს. ახალი მთავარი მწვრთნელი იური ბაკალოვი ძირითადი ბირთვის ფეხბურთელებს ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ავარჯიშებს. ამავე დროს, საკმაოდ ბევრ ახალგაზრდას აკვირდება და მალე იტყვის, ვის დატოვებს და ვის გაუშვებს.

უკრაინელი სპეციალისტი თავის ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულ კლუბს, კიევის "არსენალს" მაშინ ავარჯიშებდა, როცა პრემიერლიგაში გამოდიოდა. "ზუგდიდის" დირექტორი გელა ინალიშვილი ამბობს, როგორ დაითანხმეს ბაკალოვი თანამშრომლობაზე:

"ეს ყველაფერი პირადი კავშირების დამსახურებით მოხდა. მოლაპარაკებაში ზუგდიდის მერი იყო ჩართული.

შესაძლოა, ბევრმა თქვას, რომ ბაკალოვის ჩამოყვანა გუნდს ძვირი უჯდება. რომ იცოდეთ, ის ბევრად
ნაკლებს იღებს, ვიდრე უმაღლესი ლიგის ბევრ გუნდში მის კოლეგებს უხდიან".

ცხადია, გუნდში ყოველდღიურად სიახლეებია. "ზუგდიდის" დირექტორი ქართველ ახალწვეულებზე გველაპარაკა:

"მარტვილის "მერანიდან" მეკარე თორნიკე ზარქუა დავიმატეთ. 90 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ დაგვიბრუნდება ზვიად სიხარულია, რომელიც ბოლოს იორდანიაში თამაშობდა. გასინჯვაზე ბევრი ახალგაზრდა გვყავს და ორ მათგანს დავიტოვებთ".

სატრანსფერო პერიოდი დანაკლისსაც გულისხმობს. ინალიშვილი ამაზეც გველაპარაკა:

"ჩვენგან სულ 8 მოთამაშე წავიდა: მეკარე ზურაბ მამალაძე, გიორგი გავაშელიშვილი, ზაალ ელიავა, ოთარ ჯავაშვილი, გოგი ფიფია, თორნიკე თუხარელი და ვახტანგ კვარაცხელია. ზურაბ მალანია კი ქობულეთის "შუქურადან" იჯარით გვყავდა დამატებული და თავის კლუბს დაუბრუნდა".

ზუგდიდელთა ხელმძღვანელმა "ლელოს" ლეგიონერებთან დაკავშირებული ამბებიც გაუმხილა:

"იური ბაკალოვმა 5 ლეგიონერი ჩამოიყვანა. 3 მათგანი უკრაინელია - ევგენი კოვალენკო, სერგეი ჩებოტარიოვი და ნიკოლაი ვეჩურკო.

ორიც აფრიკელია: 25 წლის რიჩარდ ედიმო მოლი კამერუნელია და მცველი გახლავთ. ის ბოლოს პირველი ლიგის ბინადარ "მაჭახელაში" თამაშობდა. მეორე აფრიკელი მოთამაშე ბელგიური პასპორტის მქონე ნიგერიელია და ბელგიის პირველი ლიგის გუნდში თამაშობდა".

ჩვენი მხრივ, დავძენთ, რომ ევგენი კოვალენკო 23 წლის ზაპოროჟიელი ფეხბურთელია და ერთი ხანობა, "მეტალურგში" თამაშობდა, მერე "პოლტავაში", ბოლოს კი ესტონეთის პირველი დივიზიონის კლუბ "ტალინ ულიკოლში". ის ამპლუით მარცხენა ნახევარმცველია.

კრივოიროგელია მარჯვენა ნახევარმცველი სერგეი ჩებოტარიოვი, რომელსაც ბევრად საინტერესო ბიოგრაფია აქვს. 2007-09 წლებში დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა, 2009-10 წლებში კი - კროვოი როგის "კრივბასის" ახალგაზრდულ გუნდში. შემდეგი სეზონი უკვე პრემიერლიგის "სევასტოპოლის" ახალგაზრდულში გაატარა (2010-11). 2011 წელს, სევასტოპოლელ თანაგუნდელებთან ერთად, მოლდოვურ "ისკრა-სტალში" გადავიდა. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი მათგანი ქართველი სანდრო შუღლაძეც გახლდათ...

ჩებოტარიოვი იქ მოლდოვის თასს დაეუფლა. 2011 წლის დეკემბერში კი მის მიერ ტირასპოლის "შერიფის" კარში გატანილი გოლი გამოცემა "მოლდოვსკი ფუტბოლის" მკითხველებმა სეზონის საუკეთესო გოლად აღიარეს და "გრან პრი" გადასცეს.

მერე უკრაინის დაბალი ლიგის გუნდებში თამაშობდა: ხმელნიცკის "დინამოში" (2012), "სლავუტიჩსა" (2013-14) და კრივოი როგის "გორნიაკში" (2014-15). მიმდინარე საფეხბურთო სეზონში არც ერთ გუნდში არ ირიცხებოდა. 2010 წელს უკრაინის სტუდენტური ნაკრების წევრი გახლდათ, 2011 წელს კი ამ გუნდთან ერთად "თანამეგობრობის თასზე" მონაწილეობდა.

მესამე უკრაინელი, კიევის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ნიკოლაი ვეჩურკო, 23 წლისაა. ის პოზიციით საყრდენი ნახევარცველია და ლეგიონერებში ყველაზე მეტი სანაკრებო მატჩი აქვს ჩატარებული: იყო უკრაინის 17, 19-წლამდელთა და ახალგაზრდული გუნდების მოთამაშე. 

ამის მიუხედავად, კარიერა ისე ვერ აიწყო, როგორც სურდა: პოლტავის "ვორსკლას" (2009-10) ფეხბურთელი კიევის "არსენალში" (2010-13) გადაბარგდა. 2013 წელს "მეთოფეები" გათამაშებიდან მოხსნეს და ვეჩურკო უჟგოროდის "ჰოვერლა-ზაკარპატიეში" გადავიდა. მალე მან პირველი ლიგის კომსომოლსკის "გორნიაკ-სპორტის" ფორმა მოირგო.

2015 წლის ზაფხულიდან ის თურქმენეთში თამაშს დათანხმდა და იქაურ "ახალში" გადავიდა, რომელსაც ქვეყნის ნავთობისა და გაზის სამინისტრო აფინანსებს. ეს გუნდი კი აზიის საკლუბო თასის გათამაშების მონაწილე გახლდათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული