რუსთავური ამბიცია - პირველი სამეული

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის გუნდების მსგავსად, სეზონის განახლებისთვის აქტიურად ემზადებიან პირველი ლიგის გუნდებიც და ამ მხრივ, არც "რუსთავია" გამონაკლისი. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი, ფაქტობრივად, ამ სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დაარსდა, პატრონობა კი საკუთარ თავზე ქალაქ რუსთავის მერიამ აიღო...

დებიუტანტის კვალობაზე, "რუსთავს" პირველ წრეში ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია: ადგილობრივი სპეციალისტის, გიორგი მიშველიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდი ზამთრის პაუზას VI ადგილზე შეხვდა. განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა პირველი წრის დასკვნითი ნაწილი, როცა "რუსთავმა" ზედიზედ 7 წაუგებელი მატჩი ჩაატარა.

მეორე წრისათვის მზადება კი "რუსთავმა" 10 იანვრი
დან დაიწყო და იქიდან მოყოლებული, გუნდი ადგილზე, "ფოლადის" სტადიონზე ვარჯიშობს; და არა მხოლოდ ძირითადი გუნდი: აქვე ემზადება სეზონის განახლებისთვის "რუსთავი II" - მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში მოასპარეზე გუნდმა პირველი წრე IV ადგილზე ჩაამთავრა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასევე ადგილობრივი სპეციალისტის, მამუკა ყაულაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ახალგაზრდულმა გუნდმა პირველი წრის ფინიშზე ზედიზედ 6 მატჩი მოიგო.

მოკლედ, ორივე გუნდმა პირველ წრეში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უჩვენა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებს სამომავლოდ ბევრად უფრო ამბიციური გეგმები გააჩნიათ: ძირითადმაც და მეორე გუნდმაც სეზონი პირველ სამეულში უნდა დაასრულონ!

აი, ასეთი ამოცანა დაუსახეს ორივე გუნდის სამწვრთნელო შტაბს კლუბის დირექტორმა ბადრი მაჭავარიანმა და სპორტულმა დირექტორმა ლევან სილაგაძემ. თავის მხრივ, კლუბის ხელმძღვანელობაც ყველაფერს აკეთებს, ორივე გუნდი სრულფასოვნად რომ მოემზადოს ახალი სეზონისათვის: დასუფთავდა საშხაპეები და სატრენაჟორო დარბაზი, ასევე დასუფთავდა და მოწესრიგდა სტადიონის ტერიტორიაზე არსებული ის ობიექტი, სადაც ფეხბურთელები შეკრების დროს იცხოვრებენ.

ასევე მოგვარებულია კვების საკითხიც და, საერთოდაც, "ფოლადის" სტადიონის დირექცია (თამაზ გაბრიჭიძე, მერაბ კოპალიანი) მაქსიმალურად ცდილობს, გვერდში დაუდგეს ახლად დაარსებულ კლუბს; ასევე დიდ ყურადღებას იჩენს კლუბის მიმართ რუსთავის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ბაჩო ხაჩიძე, რომელიც ხშირად სტუმრობს "ფოლადს".

ამ ცოტა ხნის წინათ კი სტადიონს ქალაქ რუსთავის მერი დავით ჯიქია სტუმრობდა, რომელიც დეტალურად გაეცნო კლუბში მიმდინარე პროცესებსაც და "ფოლადზე" მომხდარ სასიკეთო ძვრებსაც. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საკმაოდ დიდი ხნის პაუზის შემდეგ რუსთავის სტადიონს შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი...

პირველი წრის შემდეგ გუნდში უმნიშვნელო ცვლილებები მოხდა: მეკარე დავით ლეგაშვილი (ჩინებულად რომ ჩაატარა ყველა მატჩი) "დილაში" გადავიდა, საყრდენი ნახევარმცველი გიორგი კილასონია კი - "სიონში". ახალწვეულიც ორია და ორივე რუსთავის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია: ბექა ზაქრაძე და რევაზ ბარამიძე.

მეორე წრისთვის მზადების პერიოდში "რუსთავმა" 5 საკონტროლო მატჩიც ჩაატარა: სტუმრად "სიონს" 3:2 მოუგო (გოლები: ლევან ბერუაშვილი, ვანო შენგელიძე, გიორგი ჩიკვაიძე), "ვიტ ჯორჯიას" კი - 2:0 (გოლები: ბაჩო გოცაძე, ბექა ზაქრაძე); ამის შემდეგ გუნდმა საკუთარ მოედანზე "ცხინვალის" დუბლებთან 2:3 (გოლები: ზვიად მეტრეველი, გურამ მინდორაშვილი) წააგო, მერე კი ზედიზედ ორი ფრე ითამაშა "მარკ სტართან" (0:0, 2:2, გოლები: გიორგი გოცაძე, ზაზა ციცქიშვილი).

აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ საკონტროლო მატჩებში "რუსთავის" მთავარი მწვრთნელი გიორგი მიშველიძე ხშირად მიმართავს როტაციას და თავის გამოჩენის საშუალებას მეორე გუნდის ფეხბურთელებსაც აძლევს.

სეზონის განახლებამდე "რუსთავი" კიდევ ჩაატარებს რამდენიმე საკონტროლო მატჩს. განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს სპარინგ-შეხვედრა სომხურ "მიკასთან", რომლის მთავარი მწვრთნელიც ახლო წარსულში ცნობილი ცენტრფორვარდი სერგეი იურანი გახლავთ, კლუბის პრეზიდენტი კი სომხური ფეხბურთის ცნობილი ლეგენდა ხორენ ოგანესიანია. ეს საკონტროლო მატჩი შაბათს, 6 თებერვალს, "ფოლადის" სტადიონზე 12 საათზე დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძან კაი რუსთავში რო ემზადება დინამოს ოქროს თაობას არ უვლია თურქეთებში და კიდე სახვაგან მარა კი მოიგო თასების თასი
ramo
10:15 06-02-2016
0
cota meti piroba rustavs da es gundi aucileblad gadmova umagles ligashi ,,, imedia amis uplebas miscems federacia da rustavs umaglesis gareshe ar datoveben,, mixedet rustavs
rustavi
17:26 05-02-2016
0

სიახლეები პოპულარული