"დილადან" მეორე ლიდერიც მიდის... გოგიტა გოგუა "ირტიშს" უახლოვდება

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 32 წლის ნახევარმცველი გოგიტა გოგუა კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატის ბინადარ პავლოდარის "ირტიშში" გააგრძელებს.

გოგუას ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ სჭირდება. ამ ბოლოს დროს ის საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, გორის "დილას" ერთ-ერთი ლიდერია. საიდან წამოვიდა "ირტიშის" ინტერესი?

მოგეხსენებათ, "დილა" თურქულ შეკრებაზე სწორედ "ირტიშს" დაუპირისპირდა. ის მატჩი ყაზახებმა მოიგეს. საყოველთაო აზრით, გოგუა ამ სპარინგში ძალიან კარგად გაისარჯა.

მას მაღალ დონეზე თამაშის მდიდარი გამოცდილება აქვს: წლების განმავლობაში რუსული პრემიერლიგის კლუბების - ნალჩიკის "სპარტაკის", "ვოლგას", რამენსკოეს "სატურნისა" და გროზნოს "ტერეკის" ღირსებას
იცავდა.

რაც შეეხება "ირტიშს", ეს გუნდი ყაზახეთის გასულ ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გავიდა. რამდენიმე ლეგიონერიც ჰყავს - პორტუგალიელი კარლოს ფონსეკა, ტრინიდადელი ლესტერ პელეტიე, ლიტველი გეორგიოს ფრეიდგეიმასი, ბრაზილიელები - ანტონიო ფერეირა და ედუარდო რონკატო, ასევე - ჩეხი ტომაშ ჟირშაკი...

ყაზახეთის ჩემპიონატი ძველებურად ხელწამოსაკრავი პირველობა აღარ არის. იქაურმა კლუბმა ("ასტანა") უკვე ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე და თავიც არ შეურცხვენია. ადგილობრივ პირველობაზე მრავლად არიან ფეხბურთელები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ მაღალ დონეზე თამაშობდნენ რუსეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების პირველობებზე.

"ირტიშის" მთავარი მწვრთნელი ბულგარელი სპეციალისტი დიმიტარ დიმიტროვია. მას სხვადასხვა დროს არაერთი გუნდი გაუწვრთნია, მათ შორის - უმუშავია ახლო აღმოსავლეთში, არაბულ კლუბებში...

როგორც ყაზახური საინფორმაციო საშუალებები წერენ, მომავალ სეზონში "ირტიშის" მიზანი ჩემპიონატის სამ მოწინავე გუნდს შორის დამკვიდრება და ევროსაგზურის მოპოვებაა. ამიტომაცაა, რომ კლუბის უფროსობა ჩემპიონატის დაწყებამდე შემადგენლობას საფუძვლიანად აძლიერებს.

შეგახსენებთ, "ლელოსთვის" ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში გოგუამ განაცხადა, რომ თავს ძველებურად კარგად გრძნობს და ეროვნულ ნაკრებში დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს. სრულიად ბუნებრივია, რომ 32 წლის ასაკში ფეხბურთელს ჯანსაღი ამბიცია აქვს...

საქართველოს ნაკრებში გოგუა 2005 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

* * *
იმ შემთხვევაში, თუ "ირტიშში" გოგუას ტრანსფერი შედგა, მიმდინარე მოსამზადებელ პერიოდში "დილას" უკვე მეორე ლიდერი დატოვებს. როგორც იცით, გორელთა ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ თავის ყოფილ კლუბ ხაბაროვსკის "სკა ენერგიას" მიაშურა.

ნავალოვსკის ვერ გავამტყუნებთ. გორის "დილა" ჩვენი პირველობის კვალობაზე ძალიან კარგად არის დაკომპლექტებული. ეგაა, საქართველოს ჩემპიონატის დონე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და სწორედ აქედან გამომდინარე, ეროვნული ნაკრების წევრს დაღმასვლა დაეწყო.

ორი ლიდერის წასვლით, უჩა სოსიაშვილის გუნდი ძველებური ძალის ვეღარ არის და სეზონის განახლების შემდეგ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი რთული ამოცანის წინაშე დადგება. ამ დროისთვის ტიტულის შენარჩუნების მოსურნე "დილა" თბილისის "დინამოს" 5 ქულით ჩამორჩება, რაც თბილისელთა სათამაშო ფორმისა და ძალის გათვალისწინებით, მცირე სხვაობა ნამდვილად არ არის.

რამდენიმე დღის წინ გორის საკრებულომ "დილას" წინანდელზე შემცირებული ბიუჯეტი დაუმტკიცა. ფაქტია, სეზონის მეორე ნახევარში გორელებს "ქამრების შემოჭერა" მოუწევთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
Rrrrrrrrr
0
Gogua mogonierdi xo shenada shennaiebi dilashi DA mere uceb garbixart ...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული