ვიქტორ დემიდოვი: ჩვენი მიზანი ლანჩხუთელი ქომაგის გახარებაა

AutoSharing Option
გაზეთი "ლელო" ლანჩხუთის "გურიის" ახალ მთავარ მწვრთნელს, 52 წლის ვიქტორ დემიდოვს სამუშაოდ საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებსა და გუნდში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.

დემიდოვი ტაჯიკეთში დაბადებული რუსი სპეციალისტია პროფლიცენზიით. "გურიამდე" ის სანკტ-პეტერბურგის "დინამოს" მწვრთნელი იყო...

- ბოლო წლებში საქართველოში რუს მწვრთნელს არ უმუშავია. "გურიაში" როგორ მოხვდით?
- წინადადებები რუსეთიდანაც მქონდა, მაგრამ "გურია" ცნობილი კლუბია, თანაც, ამბიციები აქვს და უმაღლეს ლიგაში თამაშობს. ამიტომ ეს ჩემთვის უფრო საინტერესო წინადადება იყო.

თანაც, სულ მსურდა, რომ მემუშავა ქვეყანაში, რომელსაც ადრე "საბჭოელ ბრაზილიელებს" უწოდებდნენ. მესმის, დრო გადის და
ბევრი რამ იცვლება, ქართული ფეხბურთიც ძველ სიმაღლეზე აღარ არის, მაგრამ ეს ინტერესი მაინც მქონდა.

- როგორც ვიცით, ქართველებთან გიმუშავიათ...
- დაუგავპილსის "დაუგავაში" ჩემთან ბევრი ქართველი იყო - ხუმარაშვილი, ცინცაძე, ჯანიაშვილი, ჩიხრაძე... კარგი ბიჭები არიან და ევროპის ლიგაზეც გავიდნენ.

- საკადრო საკითხებზე რას გვეტყვით?
- ბევრი მოთამაშე გავსინჯეთ, მაგრამ სელექცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საკონტროლო შეხვედრების შემდეგ თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობებს ვაანალიზებთ. ჩვენი მიზანია, ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდეს და ლანჩხუთელი გულშემატკივრები გავახაროთ. ამისთვის კი გაძლიერება გვჭირდება.

- ფინანსები ამის საშუალებას მოგცემთ?
- ფინანსურ საკითხებზე ვერაფერს გეტყვით. რა თქმა უნდა, დღევანდელ ფეხბურთში ფული ძალიან ბევრს წყვეტს, მაგრამ... ყოველთვის - არა.

- ქართულ გუნდებს შეხვდით და საინტერესოა, რომელიმე თუ მოგეწონათ...
- "ცხინვალი" და "სამტრედია" მომეწონა. მათ საკმაოდ კარგი შემსრულებლები ჰყავთ. თანაც, ახლა მოსამზადებელი ეტაპია, ეს გუნდები კიდევ უფრო მოუმატებენ და დარწმუნებული ვარ, საინტერესო ჩემპიონატში ვიმუშავებ. ჩვენ კი უფრო უნდა მოვუმატოთ და მათ ღირსეულად ვეთამაშოთ.

- ამ შემადგენლობით ეს შესაძლებელია?
- დიახ, რადგან რაც ვნახე, ცუდი შემადგენლობა ნამდვილად არ გვყავს. დღეს ყველას "ბარსელონა" მოგვწონს. მას არა მხოლოდ კარგი ინდივიდუალისტები ჰყავს, არამედ გამოარჩევს გუნდურობა, სინქრონულობა, ბურთის კონტროლი და ართმევა, შემტევი ფეხბურთი... მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ ასე კარგად ეს მხოლოდ "ბარსელონას" ეხერხება, "რეალსაც" კი არ გამოსდის და მისი ბრმად მიბაძვა არავის არგებს. ამიტომ ჩვენ ის ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რისი პოტენციალიც გვაქვს.

* * *
ვიქტორ დემიდოვს 80-იანი წლების თბილისის "დინამოს" მცველი მალხაზ არზიანი დაეხმარება. ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში და საქართველოში "გურიის" მიწვევით დაბრუნდა.

"ჩემი ვაჟი, ზურა არზიანი, 15 წლიდან რუსეთში წავიდა და მეც იქით გადავედი. ახლა კი, ლანჩხუთში რომ მომიწვიეს, მუშაობას სიამოვნებით დავთანხმდი.

კარგი გუნდის გაკეთება გვინდა. იმედია, ახალი "გურია" იმაზე ნაკლები არ იქნება, რაც საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში იყო. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რევოლუცია გრძელდება - ლანჩხუთის "გურია" ევროთასებს უმიზნებს!
მკითხველის კომენტარები / 9 /
80 გურია მარტლსც სერიოზული გუნდი იყო.ცნობისტვის გადაავლეტ ისტორიას ტვალი .სპარტაკს და კიევის დინამოსაც კი უგებდა.
bubu
22:15 11-02-2016
0
Aქ რომ გამოდიხარტ და უაზროტ აკომენტარებტ კარგატ გაეცანიტ გურიას მიგცევებს.რა ბოგმიანი კომენტარებია რა მოგდიტ.მე კარგატ მახსოვს 80 ცლების გურია.
bubu
22:07 11-02-2016
0

სიახლეები პოპულარული