გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თურქული შეკრება ასე შეაფასა:
"ყველაფერი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული - საუკეთესო საცხოვრებელი, სავარჯიშო და სათამაშო პირობები გვქონდა. ასევე, ნაყოფიერი საკონტროლო მატჩები გავმართეთ და შეუძლებელია, ამან უკვალოდ ჩაიაროს.
მიუხედავად იმისა, რომ სამ შეხვედრაში დავმარცხდით და ორში გავიმარჯვეთ, ფეხბურთელებმა თავი კარგად წარმოაჩინეს. მეტოქეებს ბურთის ფლობაშიც ვჯობდით და თამაშითაც. გამარჯვება ამხანაგურ შეხვედრებშიც კარგია, მაგრამ ასეთ დროს, შედეგი მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ არის.
შეკრებები იმისთვისაა, რომ
ყველაზე მეტად გამოვარჩევდი ბულგარეთის "პირინს" - მოძრავი, ორგანიზებული და კარგად დაბალანსებული გუნდი იყო. მათ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოვუგეთ. ჩეხეთის "ზლინმაც" კარგი შთაბეჭდილება დატოვა", - ამბობს ჭიაბრიშვილი.
"საბურთალოს" მთავარი მწვრთნელის თქმით, ამ ეტაპზე გუნდის უმთავრესი მიზანი გამოცდილების მიღება და უმაღლესში ადგილის შენარჩუნებაა:
"ამიერიდან, საშინაო მატჩებს მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგოთა მოედანზე გავმართავთ. რა თქმა უნდა, "ბენდელაზე" თამაში "საბურთალოს" მთავარი "კოზირი" იყო და ეს აღარ ექნება. საკუთარ მოედანზე მეტოქეებთან უპირატესობები გვქონდა. ამას პირველ წრეში მიღწეული შედეგებიც ცხადყოფს - ქულების უმეტესობა "ბენდელაზე" დავაგროვეთ, სადაც "საბურთალოს" დამარცხება რთულია, მაგრამ მჯერა, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ - ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშს ბუნებრივზე გადასვლა ჯობია.
ეს ჩვენს ფეხბურთელებს სჭირდებათ, რათა განვითარდნენ და ქვეყანას გამოადგნენ. მათი უმეტესობა ასაკობრივი ნაკრებების წევრია, სეზონის განმავლობაში მრავალ სხვადასხვა რანგის მატჩს ატარებენ და ამ კუთხითაც გაუადვილდებათ.
როცა ხალიჩაზე თამაშობ, სანაკრებო მატჩები კი ნატურალურ გაზონზე ტარდება, გადართვა რთულია. "საბურთალო" სწრაფ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ბუნებრივი საფარი კი ხელს შეგვიწყობს, მეტოქეს თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ.
იმედია, მეორე წრეში კიდევ უფრო საინტერესო და ლამაზ ფეხბურთს ვაჩვენებთ".
მოკლედ, ასე - "საბურთალო" მეტოქეებს "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე დაუხვდება. როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა იმან მოახდინა, რომ ფეხბურთის ფედერაცია ლიცენზირების მოთხოვნებს ამკაცრებს.
"მიხეილ მესხზე" საშინაო მატჩებს "ცხინვალიც" ატარებს, თუმცა კალენდარში მათი საშინაო მატჩები მხოლოდ 10 აპრილს ემთხვევა, მაგრამ გამოსავალი ამ დღესაც გამოინახა: "საბურთალო" "ლოკომოტივს" უმასპინძლებს და ეს შეხვედრა, სავარაუდოდ, "მიხეილ მესხის" მთავარ არენაზე ჩატარდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"