უჩა სოსიაშვილი: შესაძლოა, ისევ კრიზისში აღმოვჩნდეთ...

AutoSharing Option
გორის "დილამ" თურქული შეკრება დაასრულა. უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილი გუნდი საქართველოს მოქმედი ჩემპიონია. მიმდინარე სეზონში "დილას" ტიტულის შენარჩუნება გაუჭირდება, მაგრამ ცხადია, გორელები ბოლომდე იბრძოლებენ.

სოსიაშვილს თურქული შეკრების შეფასება ვთხოვეთ...

- შეკრებით კმაყოფილი ვარ. ყველაფერი გაკეთდა, რაც დაგეგმილი გვქონდა. ეგაა, ბოლოს სასტუმროში ვირუსი იყო და 6 ფეხბურთელი გაცივდა. ამის გამო გადავდეთ ერთი საკონტროლო შეხვედრა. ვარჯიშები, მოედნები, კვება, სასტუმრო - ყველაფერი მაღალ დონეზე იყო.

- მოდით, განვიხილოთ თითოეული საკონტროლო მატჩი...
- პირველი თამაში ყაზახურ "ირტიშთან" გვქონდა. კარგი გუნდია, ლამის სულ უცხოელებითაა დაკომპლექტებული. გოლები
სწრაფად მივიღეთ, მაგრამ მეორე ტაიმში გამოვცოცხლდით. საბოლოოდ, 2:3 წავაგეთ...

მეორე თამაში გვქონდა მოლდოვურ "ზარიასთან". ცუდმა ამინდმა ძალიან შეგვიშალა ხელი. აქაც თავიდან ორი ბურთი გავუშვით, რაც ცუდად დაგვჩემდა. მერე გავათანაბრეთ ანგარიში. მე ანტალიაში ასეთი ცუდი ამინდი არ მინახავს...

მესამე თამაში ჩავატარეთ ჩერნოგორიის ჩემპიონატის ლიდერ "მლადოსტთან". მოწინააღმდეგე ძალიან უხეშობდა. მეტოქის 2 ფეხბურთელი გააძევა მსაჯმა, მაგრამ შეთანხმების მიხედვით, ჩერნოგორიელები კვლავ თერთმეტნი დარჩნენ მინდორზე... ბოლოს ისეთი მასშტაბები მიიღო მათმა უხეშობამ, მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ძარიას საშინლად ეუხეშნენ...

მეოთხე შეხვედრა ყველაზე კარგი და სანახაობრივი გამოვიდა. სერბულ "იაგოდინასთანაც" თავიდან 2 ბურთი გავუშვით და მერე შემოვატრიალეთ თამაში. 2:2 დავასრულეთ.

ბოლო თამაში გვქონდა დანიურ "ვენდსისელთან". ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის. ამ მატჩში ცენტრალური მცველების გარეშე ვითამაშეთ, რადგან ოთხივე მათგანი გაგვიცივდა... "ვენდსისელს" მაღალი, სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. ორი გოლი "სტანდარტულიდან" გაგვიტანეს. მეორე ტაიმში ისევ გამოვასწორეთ თამაში და გოლიც გავიტანეთ, მაგრამ მაინც დავმარცხდით. თამაშის მერე მატჩის ბულგარელმა მსაჯებმა გვითხრეს - მეორე ტაიმი ძალიან კარგად ითამაშეთო...

მთლიანობაში, თურქულ შეკრებაზე ერთი მატჩიც კი ვერ მოვიგეთ, თუმცა შედეგი პირველ პლანზე ოფიციალური მატჩებისას დადგება. ახლა კი დავხვეწეთ სხვადასხვა სქემა, საქმეში ვნახეთ ყველა მოთამაშე...

- რას იტყვით გუნდის ახალწვეულებზე?
- მათ უმრავლესობას კარგად ვიცნობთ. ერთადერთი, გიორგი ჩელებაძეა ახალი. ის გუნდს კარგად შეეწყო.

- როგორ ფიქრობთ, დაცვის ხაზში პრობლემები მხოლოდ მცველების ავადმყოფობის ბრალია?
- არა, არ უნდა იყოს მხოლოდ ამის ბრალი. გუნდში მოვიდა ახალი ცენტრალური მცველი ბაგაევი. ის ადრეც იყო ჩვენთან, მაგრამ მაინც ახალწვეულია. არიან სხვა ახლებიც. ჩვენი უკანა ხაზი კიდევ დასაბალანსებელია. მჯერა, ეს ასეც მოხდება.

- გოგიტა გოგუა "ირტიშში" ჩაირიცხა. ყაზახებს ის "დილასთან" საკონტროლო მატჩისას მოეწონათ?
- კი, გოგიტამ მართლაც რომ შესანიშნავად ითამაშა იმ შეხვედრაში...

- ხომ არ იცით, "ირტიში" გოგუას სანაცვლოდ რამეს გადაუხდის "დილას"?
- სიმართლე გითხრათ, არ ვარ ჩახედული ამ საკითხში.

- ჩემპიონატი კარს მოგვადგა. კიდევ ხომ არავინ დატოვებს "დილას"?
- წასვლით აღარავინ წავა. ამ დროისთვის მოლაპარაკება მიმდინარეობს ერთ ქართველ და ერთ უცხოელ ფეხბურთელთან. ამ ეტაპზე დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. უცხოელის საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

- რა იქნება გუნდის მიზანი?
- ჩვენი მიზანი ევროტურნირების საგზურის მოპოვებაა.

- ქალაქის საკრებულომ "დილას" ბიუჯეტი დაამტკიცა. რამდენადაა ის საკმარისი ამბიციური გუნდისთვის?
- არ არის საკმარისი. ჩვენ გვაქვს ფეხბურთელების დავალიანება და იმ თანხიდან ბავშვთა ფეხბურთსაც უნდა მოხმარდეს გარკვეული ნაწილი. ასე რომ, შესაძლოა, კვლავ ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
უჩა მაგარი მწვრთნელია
გიო
15:34 18-02-2016
0
ეს სულ როგორ წუწუნებს ნეტა თუ არ დაიღალა )))))
FC DT 1925
14:42 17-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული