აქ ითამაშეთ და ივარჯიშეთ!.. სფფ-მ "ზესტაფონის" ბაზა და სტადიონი იქირავა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ადგილობრივი კლუბი ფედერაციას იჯარით გადასცემს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონს და საკლუბო ბაზის ერთ-ერთ მოედანს.

რამდენიმე დღის წინათ ზესტაფონს სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების განყოფილების კომისია. მაშინ კომისიის ხელმძღვანელმა, უეფას მედიაოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ კმაყოფილება ვერ დამალა "დავით აბაშიძის" მინდვრის საფარის შეფასებისას და მას "ბრწყინვალე" უწოდა.

მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე "ზესტაფონის" ბაზასა და სტადიონს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კალენდარული მატჩების ჩასატარებლად და ვარჯიშებისთვის გამოიყენებს.

პირველი შეხვედრა ზესტაფონის მთავარ სპორტულ
არენაზე უკვე დღეს შედგება. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში თერჯოლის "საპოვნელა" პირველობის ლიდერს, თბილისის "დინამოს" შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ რიგი მიზეზების გამო "ზესტაფონი" დღეს არც ერთ ლიგაში არ ასპარეზობს. ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ მათი საყვარელი გუნდი მალე დაუბრუნდება ქართულ ფეხბურთს.

მანამდე კი ზესტაფონის საფეხბურთო საზოგადოება სხვათა გარჯის ცქერით უნდა დაკმაყოფილდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული