ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:1 - მარკოს თავი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპს ორივე გუნდი გადახალისებული შემადგენლობით შეხვდა. უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ "ზუგდიდში" ზამთრის შესვენებისას მთავარ მწვრთნელად უკრაინელი სპეციალისტი იური ბაკალოვი დაინიშნა, რომელმაც გუნდში ქართველებთან ერთად რამდენიმე ლეგიონერიც მოიწვია. ორი მათგანი, ნიგერიელი რაფაელ ჩუკურა და უკრაინელი სერგეი ჩებოტარიოვი, "დინამოსთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.

მასპინძლებს განახლებული ჩემპიონატის პირველ მატჩში დანაკლისიც სერიოზული ჰქონდათ. დისკვალიფიკაციის გამო ზღვისპირელებთან ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელმა ვერ ითამაშა. ამას გარდა, ზუგდიდელებმა ზვიად სიხარულია და უკრაინელი ევგენი კოვალენკოც მოისაკლისეს.

მიმდინარე ჩემპიონატში "ზუგდიდისგან" რადიკალურად განსხვავებული მიზნები აქვს შოთა ჭეიშვილის
გუნდს. მართალია, ზღვისპირელები სატურნირო ცხრილში ლიდერთა სამეულს ჩამორჩებიან, მაგრამ ევროთასებზე მოხვედრის შანსები არ დაუკარგავთ და მიზნის მისაღწევად შემადგენლობაც გააძლიერეს.

ახალწვეულებმა ჩემპიონატის პირველივე შეხვედრაში გამოიჩინეს თავი. ბოსნიელმა მცველმა მარკო მიხაილოვიჩმა პირველი ტაიმის მიწურულს თავური დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა და "დინამოს" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

აქტიური იყო სერბი თავდამსხმელი ნიკოლა კომაზეციც, დაცვაში კი საიმედოდ ირჯებოდა თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი არჩილ ტვილდიანი. შეხვედრის დაწყებამდე ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ახლახან გარდაცვლილ ჯემალ გოგიას, რომელსაც წლების განმავლობაში ზუგდიდურ კლუბებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა...

შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა, გუნდები სწრაფ ტემპში თამაშს ცდილობდნენ და მეტოქის ნახევარზე აქტიურ პრესინგს მიმართავდნენ. პირველ ტაიმში ზურგის ქარი ბათუმელთა მხარეს იყო და ზღვისპირელები ცდილობდნენ, ეს უპირატესობა გამოეყენებინათ.

პირველი ხიფათიც მათ შექმნეს - მარჯვენა ფლანგიდან გიორგი კაშიას ჩაწოდების შემდეგ გიორგი ქავთარაძე ახლო მანძილიდან კარში თავით ურტყამდა, თუმცა სიზუსტე დააკლდა. ცოტა ხანში ზუგდიდელებმაც მწვავედ უპასუხეს - სოსო მალანიამ საჯარიმოს მისადგომებიდან სახიფათოდ დაარტყა. ქარმა ბურთს ტრაექტორია შეუცვალა და კარში რომ წასულიყო, მიხეილ ალავიძე უძლური იქნებოდა - ბურთმა ძელების კვეთას ჩაუქროლა.

ცოტა ხანში ზუგდიდელებს ანგარიშის გახსნის კიდევ ერთი შანსი მიეცათ - კუთხურის შემდეგ სერგეი ჩებოტარიოვი კარში ერთი შეხებით ურტყამდა, თუმცა ბურთს მცველი გადაეღობა და სიტუაციაც განიმუხტა. ტაიმის მიწურულს ჭეიშვილის შეგირდები გააქტიურდნენ და გოლიც "მოამწიფეს".

ზუგდიდელთა მეკარე თორნიკე ზარქუამ, ზედიზედ ორჯერ, გიორგი ქავთარიძისა და პაპუნა ფონიავას მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთები მოიგერია, მაგრამ კარი "მშრალად" მაინც ვერ შეინახა - სტუმრებმა კუთხურიდან მოაწოდეს ბურთი და ბათუმელთა ბოსნიელმა მცველმა მიხაილოვიჩმა ზუსტი თავურით დააწინაურა თავისი გუნდი - 0:1.

მეორე ტაიმში მასპინძლები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ და აქტიურად უტევდნენ, "დინამო" კი მწვავე კონტრშეტევებით ცდილობდა ზუგდიდელთა "დაოკებას".

ბაკალოვის გუნდს თამაშის განახლებისთანავე შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ნიკა ქირიას სახიფათო დარტყმა მეკარე ალავიძემ სასწაულებრივად მოიგერია, შემდეგ კი ბათუმელთა კიპერმა აკრობატულ ნახტომში გურამ სამუშიას სახიფათო "გასროლაც" გააუვნებელყო.

ორჯერ მიეცა გოლის გატანის შესაძლებლობა ზუგდიდელთა კიდევ ერთ ახალწვეულ მალხაზ გაგოშიძეს. პირველად, მან კუთხურის შემდეგ თითქმის ცარიელ კარში ვერ გადაგზავნა ბურთი, მეორე ეპიზოდში კი ბათუმელთა მეკარეს ვერ აჯობა.

ანგარიშის შეცვლა სტუმრებსაც შეეძლოთ. მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა კომაზეცი, თუმცა სერბ ფორვარდს სიზუსტე დააკლდა. ბაკალოვმა მდგომარეობის გამოსწორება შეცვლებით სცადა. მატჩის მიწურულს მიზანთან ახლოს იყო სწორედ შეცვლაზე შესული ირაკლი ქობალია, რომელიც კუთხურის შემდეგ თავით სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ ბურთი ბადეს გარედან მოხვდა.

დარჩენილ დროში "დინამომ" თავი კარგად დაიცვა და ზუგდიდიდან მეტად საჭირო 3 ქულა წაიღო.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVI ტური
19.02. ზუგდიდი. "ბაიას ბაზა"
ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:1
გოლი: 0:1 მიხაილოვიჩი (43)
ზუგდიდი (4-2-3-1): ზარქუა - ქანთარია, ჩუკურა (88. თიბილაშვილი), გაგოშიძე, ჩანადირი - ტყემალაძე, მალანია (71. მაჩაიძე) - ც. სამუშია, ქირია (61. ქობალია), გ. სამუშია - ჩებორატოვი.
სათადარიგოები: ჯომიდავა, ნარმანია, ფიფია, ჭანტურია
მწვრთნელი: იური ბაკალოვი
დინამო (4-1-4-1): ალავიძე - ტვილდიანი, გოგიტიძე, მიხაილოვიჩი, სუხიაშვილი - ვარშანიძე - ქავთარაძე, შონია, კაშია (66. თევდორაძე), ფონიავა (90. ქორიძე) - კომაზეცი.
სათადარიგოები: მამინაშვილი, ქათამაძე, დიასამიძე, გაბედავა, ტეტუნაშვილი
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: მაჩაიძე (79)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

ბომბარდირები:
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 11
გ. ბერიაშვილი (დინამო (ბთ) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10

XVII ტური
23 თებერვალი, სამშაბათი
გურია-შუქურა
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
ტორპედო-ზუგდიდი
დინამო (ბთ)-დილა
სამტრედია-საპოვნელა
სიონი-კოლხეთი
ცხინვალი-მერანი
ჩიხურა-საბურთალო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული