მერანი-ტორპედო 2:1 - ვისთვის სასიამოვნო, ვისთვის უსიამოვნო ტრადიცია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველი წრის მიწურულს ვივარაუდეთ, რომ ზამთრის შესვენებისას "მერანში" რადიკალური და პოზიტიური ცვლილებები განხორციელდებოდა. ასეც მოხდა, გუნდი საინტერესო სატრანსფერო პოლიტიკით გამოირჩა და გვარიანადაც გაძლიერდა. ბადრი კვარაცხელიამ, ფაქტობრივად, მთლიანად გადაახალისა შემადგენლობა. მარტვილში დაბრუნდნენ ადგილობრივები, რომლებიც განათხოვრების წესით, სხვადასხვა კლუბში ასპარეზობდნენ; დაიმატეს ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელები. ამასთან, "მერანმა" გაიარა უცხოური შეკრება, სადაც საკმაოდ ძლიერ მეტოქეებს დაუპირისპირდა...

აქედან გამომდინარე, თავიდანვე ცხადი იყო, რომ "ტორპედოს" უკრაინელ სპეციალისტ ალექსანდრ შტელინს მარტვილში რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევდა - ქუთაისელთა მიზანი ხომ ბევრად უფრო ამბიციურია, ვიდრე მოკრძალებული "მერანისა". მატჩს
ინტრიგას ის ფაქტიც მატებდა, რომ ქუთათურებს უშუალოდ მარტვილში არასოდეს მოეგოთ. ბუნებრივია, ისინი ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევასაც ლამობდნენ...

მასპინძლებმა მოედნის ცენტრში უპირატესობა საწყისი წუთებიდანვე მოიპოვეს და კომბინაციური თამაშის წყალობით მალევე დაწინაურდნენ: მელიავას მიერ მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებულ გამჭოლ გადაცემას ხაბელაშვილი გამოეხმაურა და თავისიანები დააწინაურა.

სწრაფმა გოლმა მერანელებს ფრთები შეასხა, ისინი ზომიერად და საკმაოდ სახიფათოდ უტევდნენ. მე-10 წუთზე ბესიკ ჩიმაკაძეს შეეძლო ანგარიშის ორამდე გაზრდა, თუმცა როინ კვასხვაძეს ვერ აჯობა. ცოტა ხანში კი გია ნერგაძემ შეძლო საკუთარ საჯარიმოში დაძაბულობის განმუხტვა.

ტაიმის ბოლომდე გუნდებმა მომენტები გაცვალეს - ჯერ კლიმიაშვილის ჩამოწოდებულ ბურთს ნერგაძემ შეუცვალა მიმართულება (მეკარემ უკუაგდო), მოგვიანებით კი ჯღამაიას "ნასროლი" ასცდა მიზანს.

ტორპედოელთა დამრიგებელმა მდგომარეობის გამოსწორება შეცვლებით სცადა. ინერტული ქიმაძისა და ტუღუშის ნაცვლად, მოედანზე შინდაგორიძე და მამასახლისი შემოიყვანა. მატჩში ორივე აქტიურად ჩაერთო და "ტორპედოს" იერიშებიც უფრო სახიფათო გახდა. ხუთწუთიან მონაკვეთში კაპანაძეს ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა. პირველ ეპიზოდში სიზუსტემ უმტყუნა, მოგვიანებით კი მასპინძელთა მცველებმა ითამაშეს დამაჯერებლად.

59-ე წუთზე სტუმართა მრავალსვლიანი შეტევა, დიდხანს რომ გაგრძელდა, გოლით დაგვირგვინდა - მასპინძელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით მშვენივრად ისარგებლა მამასახლისმა და ანგარიში საყაიმო გახადა. ამის შემდეგ "ტორპედოს" არაერთხელ შეეძლო დაწინაურება - კაპანაძის მიერ ახლოდან დარტყმული სასწაულებრივად ასცდა კარს, ხოლო შინდაგორიძეს აშკარად ბედმა აქცია ზურგი...

გულხელდაკრეფილები არც მერანელები ყოფილან. აღსანიშნავია ზაურ გოგუაძის დარტყმა, რომელიც არაზუსტი გამოდგა.

გადამწყვეტი 78-ე წუთი იყო - მარჯვენა ფრთიდან დაწყებული იერიში ჩიმაკაძეს უნდა ექცია გოლად, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა, გამოვარდნილზე ყველას ვაკო ხაბელაშვილმა დაასწრო და დუბლი გაიფორმა.

დარჩენილ დროში ანგარიშის კორექტირება ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა - უშედეგოდ. ვთქვათ ისიც, რომ ბოლოსკენ მოედანზე ვითარება დაიძაბა და ფეხბურთელებს შორის მცირე ინციდენტიც მოხდა, თუმცა არბიტრმა აღელვებული კლიმიაშვილი ყვითელი ბარათით "დაამშვიდა", რამაც სიტუაცია განმუხტა.

ერთი სიტყვით, ამ საინტერესო და უშეღავათო ბრძოლაში "მერანმა" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVI ტური
19.02. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 ხაბელაშვილი (5. მელიავას პასით), 1:1 მამასახლისი (59), 2:1 ხაბელაშვილი (78)
მერანი (4-4-2): მამალაძე, მელიავა, ორბელაძე, გიორგაძე, კიკნაველიძე - ტეიდი, ჯიქია, ჯღამაია (65. გოგუაძე), ხაბელაშვილი (84. აშორტია) - საბანაძე (90. გაზრდელიანი), ჩიმაკაძე.
სათადარიგოები: სევოსტიანენკო, ი. ციცხვაია, გეგია, შენგელია
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
ტორპედო (4-4-2): კვასხვაძე, ფანცხავა, ნერგაძე, მირცხულავა, ქიმაძე (46. შინდაგორიძე) - კუხიანიძე, კლიმიაშვილი, ტუღუში (46. მამასახლისი), წილოსანი (82. საღრიშვილი) - ბრეგვაძე, კაპანაძე.
სათადარიგოები: ქვილითაია, ნიკონოვი, კვარაცხელია, ფურცხვანიძე
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
გაფრთხილება: ტეიდი (34), ქიმაძე (45), ბრეგვაძე (61), მირცხულავა (77), მამასახლისი (87), ჯიქია (87), კლიმიაშვილი (90)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

ბომბარდირები:
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 11
გ. ბერიაშვილი (დინამო (ბთ) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10

XVII ტური
23 თებერვალი, სამშაბათი
გურია-შუქურა
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
ტორპედო-ზუგდიდი
დინამო (ბთ)-დილა
სამტრედია-საპოვნელა
სიონი-კოლხეთი
ცხინვალი-მერანი
ჩიხურა-საბურთალო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული