უმაღლესი ლიგის XVII ტურის წინათქმა: ლეგიონერები ეპიცენტრში

AutoSharing Option
ფოტოზე: წინა სეზონში ბათუმის "დინამომ" მომავალ ჩემპიონ "დილას" ორივე მატჩი მოუგო!
წინა ტურიდან სამი დღეც არ გასულა და უკვე მომდევნოს ჯერია. თუმცა, ეგ კიდევ არაფერი - შაბათს კიდევ ერთი ტური ჩატარდება და თებერვალს, როგორც "საფეხბურთო თვეს", სამუდამოდ დავემშვიდობებით. მოგეხსენებათ, მომავალი წლიდან ჩვენი ჩემპიონატი ახალ სისტემაზე (გაზაფხული-შემოდგომა) გადადის და თებერვლის სუსხშიც აღარავის მოუწევს ჩვენს "კომფორტულ" სტადიონებზე გათოშვა.

ჰოდა, ძალიანაც კარგი იქნება "ადამიანურ" პირობებსა თუ მართლაც საფეხბურთო თვეებში ჩემპიონატის მატჩების ჩატარება, თუმცა მანამდე ცოტაც მოვითმინოთ და თებერვალში დარჩენილი ეს ორი ტურიც როგორმე
უნდა გადავაგოროთ. მით უფრო, რომ დღევანდელი მატჩებიდან ორი მართლაც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

...წინა სეზონის ტრიუმფატორ "დილას" თავისთვის ისტორიულ, საჩემპიონო სეზონში მხოლოდ ერთ გუნდთან ჰქონდა უარყოფითი ბალანსი: ბათუმის "დინამომ" მომავალ ჩემპიონს ხომ ორივე მატჩი მოუგო! "დილა" ამ სეზონშიც იბრძვის ჩემპიონობისათვის, თუმცა შარშანდელისაგან განსხვავებით, ამჯერად უპირველესი ფავორიტის სტატუსი სხვა გუნდს (თბილისის "დინამო") აქვს.

ამის მიუხედავად, "დილა" არაფრით შეეშვება "საჩემპიონო რბოლას" და შარშანდელის მსგავსად, ბათუმის "დინამოც" კვლავაც შეეცდება ევროტურნირების საგზურის მოპოვებას.

მოკლედ, დღეს ქობულეთში საინტერესო მატჩი უნდა შედგეს, სადაც ერთმანეთს ორი ამბიციური გუნდი დაუპირისპირდება და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ორივე გუნდს ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს ჩემპიონატში.

არანაკლებ ინტერესს იწვევს სამწვრთნელო "დუელიც": უმაღლესი ლიგის გუნდების მთავარ მწვრთნელებს შორის ყველაზე ასაკოვანის, 68 წლის შოთა ჭეიშვილის (ბათუმის "დინამო") და ყველაზე ახალგაზრდის, 26 წლის უჩა სოსიაშვილის ("დილა")...

ამ ტურში ორი ისეთი მატჩია, როცა ერთმანეთს ლეგიონერი მწვრთნელების დამოძღვრილი გუნდები დაუპირისპირდებიან; ასე, მაგალითად, მარტვილში უკრაინელ მწვრთნელთა "დუელს" ვიხილავთ: ალექსანდრ შტელინი ("ტორპედო") იური ბაკალოვის ("ზუგდიდი") წინააღმდეგ, ხოლო თბილისში სლოვაკი იურაი იარაბეკის ოპონენტი ესპანელი სპეციალისტი ჟერარდ სარაგოსა იქნება.

დედაქალაქური "დერბი", საერთოდაც, დიდ ინტერესს იწვევს: იარაბეკიც პირველ საშინაო მატჩს ჩაატარებს "დინამო არენაზე" და მასპინძელთა ცნობადი ახალწვეულებიც - ალექსანდრე ამისულაშვილმა, უჩა ლობჟანიძემ და ნიკა გელაშვილმა "დინამოს" მაისურა უკვე მოირგეს წინა ტურში...

აი, კიდევ ერთი "დაბრუნებულის", ესპანელი ნახევარმცველის, მიკელე ალვაროს ხელმეორე დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში ჯერ არ დამდგარა.

არანაკლები სიახლეებია "ლოკომოტივშიც", სადაც ასევე ბლომად არიან ცნობადი ახალწვეულები (რევაზ თევდორაძე, ბაჩანა ცხადაძე, გიორგი ფოფხაძე, ბორის მახარაძე), პლუს პერსპექტიული ახალგაზრდები (ნიკა ჭანტურია, ალეკო მზევაშვილი), რომლებიც ამ გუნდში გარკვეული პაუზის მერე დაბრუნდნენ.

დაბოლოს, "დინამოს" მართლაც შთამბეჭდავ სერიაზე: ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდს ზედიზედ 11 ოფიციალური მატჩი აქვს მოგებული!..

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური
23.02. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 14:00
გურია-შუქურა
დისკვალიფიკაცია: ირაკლი კვეკვესკირი (გურია)
ურთიერთშეხვედრები
5: +1 =1 -3, 4:7
პირველი წრე 1:2

23.02. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 14:00
ცხინვალი-მერანი
დისკვალიფიკაცია: უჩა ბურძენაძე, ვილი ისიანი (ორივე - ცხინვალი)
ურთიერთშეხვედრები
9: +5 =1 -3, 11:8
პირველი წრე 3:2

23.02. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 14:00
სამტრედია-საპოვნელა
დისკვალიფიკაცია: ლევან შარიქაძე (საპოვნელა)
ურთიერთშეხვედრები
3: +3=0 -0, 11:3
პირველი წრე 3:2

23.02. ქობულეთი. "ჩელე არენა". 14:00
დინამო (ბთ)-დილა
დისკვალიფიკაცია: ალან ბაგაევი (დილა)
ურთიერთშეხვედრები
46: +25 =12 -9, 68:29
პირველი წრე 1:1

23.02. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა". 14:00
ტორპედო-ზუგდიდი
დისკვალიფიკაცია: შოთა ბაბუნაშვილი, ოლეგ მამასახლისი (ორივე - ტორპედო) - ლევან წურწუმია, ნიკა ლაშხია (ორივე - ზუგდიდი)
ურთიერთშეხვედრები
19: +9 =6 -4, 22:11
პირველი წრე 1:1

23.02. ივანწმინდა. 14:00
ჩიხურა-საბურთალო
დისკვალიფიკაცია: სანდრო ალთუნაშვილი, ოთო გოშაძე (ორივე - საბურთალო)
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =0 -1, 0:1
პირველი წრე 0:1

23.02. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია". 14:00
სიონი-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
39: +12=10 -17, 38:52
პირველი წრე 1:0

23.02. თბილისი. "დინამო არენა". 18:00
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
დისკვალიფიკაცია: გიორგი დიასამიძე, ალექსი ბენაშვილი, ვაჟა ქიქავა (ორივე - ლოკომოტივი)
ურთიერთშეხვედრები
39: +22=11 -6, 55:22
პირველი წრე 4:1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სულაც არაა გასათოში სიცივე ახლა და თუ მაინდამაინც ძალიან გვცივა თებერვალში, შეგვეძლო მარტში გაგვეახლებია იგივე სემოდგომა გაზაფხულის პრინციპით...
irakli apkhaidze
13:35 23-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული