10:30 24-02-2016
სიონი-კოლხეთი 3:1 - ერთი მსახიობის თეატრი [VIDEO]
AutoSharing Option
მოკლედ, მოიგო იმან, ვისაც უნდა მოეგო, თუმცა ვარლამ კილასონიას გაწვრთნილ გუნდს ყველა საგოლე მომენტი რომ გამოეყენებინა, ანგარიში უდავოდ ორნიშნა იქნებოდა.
"თამაზ სტეფანიას" ახალი, ევროპული სტანდარტების ტაბლო ამშვენებს და "სიონმა" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ტაბლოზე თავიდანვე მასპინძელთათვის მისაღები ციფრები ანთებულიყო.
გატანის კარგი შანსები შეექმნათ დიმიტრი ტატანაშვილსა და ირაკლი გოგინაშვილს. "სიონს" სწრაფი გოლი არ გამოუვიდა და კინაღამ აქეთ დაისაჯა - თამაზ ჟიშკარიანს გამოცდილმა მირზა მერლანმა არ გაატანინა.
იქვე, ფოთელთა კიდევ ერთი მომენტი იყო - მერლანმა ცუდად "ამოიტანა" ბურთი, რომელიც ექსსიონელმა დათა სიჭინავამ მიიღო და ოდნავ აუხტა - კოლხმა დარტყმას სიძლიერე დააკლო, თანაც ბურთს ბოლნისელთა ერთ-ერთი მცველი გადაეფარა.
ეს იყო და, "სიონმა" ანგარიში გახსნა. გიული მანჯგალაძემ აკაკი შულაიას გააყოლა ბურთი, ამან საჯარიმოში კარგად გახსნილი ტატანაშვილი მოძებნა და გამოცდილი ფორვარდი არ დაიბნა - დაამუშავა ბურთი და მისთვის მოსახერხებელ ფეხზეც გადაიტანა - 1:0.
პირველი ტაიმის ბოლომდე დარჩენილ დროში ისევ სიონი" დომინირებდა. გატანის შანსები ჰქონდათ ტატანაშვილთან ერთად საუკეთესო გიორგი გაფრინდაშვილს, ხოლო ორჯერ - შულაიას.
ცოტა გასაკვირი იყო, პირველი ტაიმის შემდეგ ვარლამ კილასონიამ აქტიური შულაია რომ შეცვალა. მისი ადგილი მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე მანჯგალაძემ დაიკავა, ცენტრში კი გამოცდილი ალეკო გოგობერიშვილი დადგა.
მეორე ტაიმი კვლავ "სიონის" აქტიურობით დაიწყო. კონსტანტინე სეფიაშვილმა ურთულესი ბურთი აუღო ლუკა რაზმაძეს, თუმცა მანამდე გატანა ლაშა გვალიასაც მართებდა, ვინც გუშინ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა.
55-ე წუთზე "სიონმა" გაიტანა გოლი, რომელსაც დიდხანს ამწიფებდა. ირაკლი გოგინაშვილი მარცხენა ფლანგიდან შევიდა ფოთელთა საჯარიმოში. კოლხმა მცველებმა ხელი ვერ შეუშალეს და მოლდოვური "საქსანიდან" საქართველოში დაბრუნებულმა ნახევარმცველმა აუღელვებლად გადაგზავნა ბურთი სტუმართა კარში.
ამის შემდეგ, "კოლხეთის" საპასუხო გოლამდე, "სიონმა" 5-6 ასპროცენტიანი საგოლე მომენტი გაატანა ქარს. გოლი ყველა შემთხვევაში გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ბოლნისელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ. ტრიბუნებზე ხუმრობდნენ კიდეც - სეფიაშვილის კარს ჯადო აქვს გაკეთებულიო...
ტატანაშვილმა (ორი შანსი), რაზმაძემ და მანჯგალაძემ მხოლოდ თავად თუ იციან, როგორ ვერ გამოიყენეს უაღრესად ხელსაყრელი მომენტები.
74-ე წუთზე კი ამოქმედდა დაუწერელი საფეხბურთო კანონი და "სიონი" დაისაჯა. მცველმა და მერლანმა შეუთანხმებლად ითამაშეს, რის შემდეგაც გიორგი ნიქაბაძემ ახლო მანძილიდან შეამცირა ანგარიშში სხვაობა.
83-ე წუთზე ვარლამ კილასონია-უმცროსს "სიონის" დაწინაურებისა და თამაშის ბედის გადაწყვეტის დიდებული შანსი მიეცა, თუმცა არაზუსტად შეასრულა პენალტი - ბურთი ზემოდან გადააცილა კარს.
ამის შემდეგ "სიონს" კიდევ მიეცა 3-4 შანსი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტატანაშვილისა და შეცვლაზე შესული ოთარ კობახიძის მომენტები. ყველაფერთან ერთად, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ფოთელთა კარის დარაჯმა სეფიაშვილმა.
სწორედ მან წააქცია მატჩის ბოლო წუთზე ტატანაშვილი. არბიტრმა მართებულად მიანიჭა ამ ფოლს "ბოლო იმედის" კვალიფიკაცია და სეფიაშვილი მინდვრიდან გააძევა.
"კოლხეთს" ყველა შეცვლა გამოყენებული ჰქონდა და კარში ლევან კაკულია ჩადგა, ვისაც დაზარალებულმა აუღელვებლად გაუტანა 11-მეტრიანის ნიშნულიდან.
საფეხბურთო ფორტუნა ხშირად არ არის სამართლიანი, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სამართლიანად მოხდა - მოიგო იმან, ვინც 3 ქულა ალალად დაიმსახურა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVII ტური
23.02. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი-კოლხეთი 3:1
გოლები: 1:0 ტატანაშვილი (26), 2:0 გოგინაშვილი (55), 2:1 ნიქაბაძე (74), 3:1 ტატანაშვილი (90-პენ)
სიონი: მერლანი, ვ. კილასონია, გურეშიძე, საჯაია, გაფრინდაშვილი, გვალია (77. შალამბერიძე), რაზმაძე, მანჯგალაძე, გოგინაშვილი (72. კობახიძე), ტატანაშვილი, შულაია (46. გოგობერიშვილი).
სათადარიგოები: ნანიევი, ფოფხაძე, სვანიძე, მანაგაძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
კოლხეთი: სეფიაშვილი, თევზაძე, თ.შალიკაშვილი, გოგონაია, ჩაკვეტაძე, გურეშიძე, გიგაური (58. მესხი), თუხარელი, სიჭინავა (67. თ. კაკულია), ნიქაბაძე, ჟიშკარიანი (46. ლ. კაკულია).
სათადარიგოები: ძაგანია, ტუღუში, კვარაცხელია, პოლულიახი
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: თევზაძე (35), თუხარელი (45), სიჭინავა (52), გოგობერიშვილი (75), შალამბერიძე (80), გოგონაია (83), ჩაკვეტაძე (83)
გაძევება: სეფიაშვილი (90)
არბიტრი: ლ. სილაგავა.
ბომბარდირები
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10
XVIII ტური
27 თებერვალი, შაბათი
საბურთალო-დინამო (თბ)
ლოკომოტივი-სამტრედია
ზუგდიდი-ცხინვალი
შუქურა-სიონი
კოლხეთი -დინამო (ბთ)
მერანი-ჩიხურა
დილა-ტორპედო
საპოვნელა-გურია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
სეფიაშვილი ყოჩაღ ძალიან მაგარი მეკარეა, რა უნდა ფოთში ის ძლიერ გუნდს იმსახურებს!
0
0
ასეთ ბალახზე თავმოყვარე ფეხბურთელმა როგორ უნდა ითამაშოს ფეხბურთი?!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული