პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირება სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა. მაშინ ქუთაისში მასპინძლის სტატუსით მოთამაშე "საპოვნელა" დაძაბულ შეხვედრაში 2:3 დამარცხდა. ზამთრის შესვენებისას თერჯოლელები საკმაოდ მოფერიანდნენ და ჩემპიონატი თბილისის "დინამოსთან" დრამატული მატჩით (1:2) განაახლეს, რომელშიც ზვიად ჯელაძის გუნდს აშკარად არ გაუმართლა.
ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანთან ნაჩვენებმა კარგმა თამაშმა "საპოვნელას" გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახა, რომ მათი საყვარელი გუნდი "სამტრედიას"
მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. მასპინძლებმა თერჯოლელები ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და უამრავი საგოლე მომენტი რომ არ გაენიავებინათ, ასტრონომიული ანგარიშითაც მოიგებდნენ. გაძლიერებული და შეკრებაგავლილი "საპოვნელასგან" კი ასეთი სუსტი თამაში მოულოდნელი იყო.
სამტრედიელებმა, ფაქტობრივად, დებიუტშივე გადაწყვიტეს მატჩის ბედი. მე-9 წუთზე მასპინძლებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს - ბუდუ ზივზივაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და გიორგი სომხიშვილს შანსი არ დაუტოვა.
გოლის შემდეგ სტუმრებმა, თითქოს, გამოასწორეს თამაში და კარგი საგოლე მომენტიც შექმნეს - ჯაბა დვალი მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს, მცველებთან ორთაბრძოლისას წაიქცა, მაგრამ ბურთი შეინარჩუნა და დავით ბოლქვაძეს დასარტყმელად მიაწოდა, თუმცა თერჯოლელთა გამოცდილმა ნახევარმცველმა კარს მცირედით ააცილა.
სტუმართა გააქტიურება მოჩვენებითი აღმოჩნდა - ცოტა ხანში თამაშის სადავეები ისევ გია ცეცაძის გუნდის ხელში გადავიდა. მათ სტუმრებს სწრაფი და კომბინაციური ფეხბურთი შესთავაზეს, თერჯოლელებმა კი ზეწოლას ვერ გაუძლეს და შეცდომებს მოუხშირეს. თეიმურაზ მარკოზაშვილს გოლის გატანის შესანიშნავი შანსი მიეცა, მაგრამ ხუთიოდე მეტრიდან, ფაქტობრივად, ცარიელ კარში ვერ გაიტანა.
მარკოზაშვილმა შეცდომა მალევე გამოასწორა - სტუმართა მცველების შეუთანხმებლობით ისარგებლა და მეორე ცდაზე ანგარიში 2:0 გახადა.
მატჩის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა, "სამტრედია" მომენტს მომენტზე ქმნიდა, სტუმრებს კი, გიორგი ბუხაიძის სახიფათო დარტყმას თუ არ ჩავთვლით, რეალური შანსი აღარ ჰქონიათ.
კარგად ჩაერთვნენ თამაშში დავით ჯიქია და გიორგი ახალაძე, რომლებიც სისწრაფის ხარჯზე მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნიდნენ. ჯიქიას გამოსვლისთანავე შეეძლო "საპოვნელას" დამწუხრება - მარჯვენა ფლანგიდან კარისკენ შეიწია და გზად რამდენიმე მცველი მოატყუა, მაგრამ ახლო მანძილიდან ზუსტად ვერ დაარტყა.
იქამდე კიდევ ერთი გოლის გატანის შანსი ჰქონდა მარკოზაშვილს, მაგრამ მეკარემ დაასწრო და მდგომარეობა განმუხტა. ამის შემდეგ სამტრედიელებმა სომხიშვილის კარის ბადე კიდევ ორჯერ შეარხიეს, მაგრამ არსენ ნონიკაშვილმა ორივე ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
გოლთან ახლოს იყვნენ ახალაძე, რაჟამაშვილი და სიხარულიძე, მაგრამ ხან სტუმართა მეკარე თამაშობდა კარგად, ხან კიდევ შემტევები ვერ ისწორებდნენ მიზანს.
83-ე წუთზე "საპოვნელას" დაცვა კიდევ ერთხელ "ჩავარდა" და რაჟამაშვილმა ჯიქიას ახლო მანძილიდან გაატანინა.
დარჩენილ დროში "სამტრედია" კვლავ მწვავედ უტევდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVII ტური
23.02. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-საპოვნელა 3:0
გოლები: 1:0 ზივზივაძე (9), 2:0 მარკოზაშვილი (28), 3:0 ჯიქია (82. რაჟამაშვილის პასით)
სამტრედია (4-3-3): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, ცნობილაძე, შერგელაშვილი - დათუნაიშვილი, მარკოზაშვილი (77. ახალაძე), ა. ენდელაძე (80. სანდოხაძე) - რაჟამაშვილი, სიხარულიძე, ზივზივაძე (58. ჯიქია).
სათადარიგოები: მეშველიანი, მთივლიშვილი, კერძევაძე, იოსელიანი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
საპოვნელა (4-1-4-1): სომხიშვილი - ოდიკაძე, ლ. ჭელიძე, ჩიკვილაძე, ვაჭარაძე - ნარიმანიძე (46. ტყეშელაშვილი) - მაკარიძე (24. ბუხაიძე), ქათამაძე, მიქაბერიძე (55. ბანძელაძე), ბოლქვაძე - ჯ. დვალი.
სათადარიგოები: ა. გიორგაძე, ბერუაშვილი, ბიბილეიშვილი, ზ. ენდელაძე
მწვრთნელი: ზვიად ჯელაძე
გაფრთხილება: ჯიქია (65)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი
ბომბარდირები
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10
XVIII ტური
27 თებერვალი, შაბათი
საბურთალო-დინამო (თბ)
ლოკომოტივი-სამტრედია
ზუგდიდი-ცხინვალი
შუქურა-სიონი
კოლხეთი -დინამო (ბთ)
მერანი-ჩიხურა
დილა-ტორპედო
საპოვნელა-გურია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
და კიდე კარში გიორგაძე იდგა და არა სომხიშვილი