არასოდეს დამიწერია ამ თემაზე. ხატზე შემიძლია დავიფიცო, რომ დაშლით არავის არაფერი დაუშლია, მაგრამ რაღაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი იმ ქალაქის წინაშე, სადაც დავიბადე და გავიზარდე; იმ ქომაგის წინაშე, ვინც ფეხბურთი შემაყვარა და ვისი დიდი დამსახურებაცაა, თუ დღეს რამე კარგი და ადამიანურია ჩემში.
როცა უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, მეც გადავწყვიტე, ხელში კალამი ამეღო. წინასწარვე ასე მგონია:
დავიწყოთ პრაქტიკული მიზეზებით. დღეს "ზესტაფონს" აქვს სტადიონი, ორი ბაზა, აქვს 6 მინდორი. სტადიონი და ბაზა ფეხბურთის ფედერაციამ იქირავა. კლუბს არ გაუვლია ლიცენზირება, მაგრამ სფფ-მ სწორედ ეს სტადიონი შეარჩია და ვფიქრობთ, იქ ისეთი ხალხი მუშაობს, სტადიონის შერჩევა რომ არ ეშლება.
მიზეზი მეორე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სურს და ჩვენც ძალიან გვინდა, რომ ეროვნული ჩემპიონატის მატჩები საღამოს, ხელოვნურ განათებაზე და, რაც მთავარია, კარგ მინდორზე გაიმართოს. ფაქტია, საერთო ფერხულიდან "დავით აბაშიძის" გამორიცხვა არ შეიძლება და ვერც ისე იქნება, რომ იქ სულ მხოლოდ სხვა გუნდმა ითამაშოს.
მიზეზი მესამე. "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ იცის, როგორ გააკეთოს კარგი გუნდი. ადრე ის ხშირად იმუქრებოდა ქართული ფეხბურთიდან წასვლით და ბოლოს წავიდა კიდეც, მაგრამ გვჯერა, ეს მხოლოდ დროებითია.
დაწყობილ სიტუაციაში, როცა კერძო სექტორის განვითარებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი, კოკაია არსად წავა. სულაც არ მიმაჩნია, რომ მისი მოღვაწეობა კლუბის პრეზიდენტის პოსტზე უნაკლო იყო, მაგრამ კოკაიამ 40 მილიონი დაახარჯა "ზესტაფონს". მან არაფრისგან შექმნა მიმზიდველი პროდუქტი და ჩემი პირადი აზრით, ქართულ ფეხბურთს დღეს სწორედ ასეთი ადამიანები სჭირდება.
ახლა იმაზეც დავწეროთ, რა იყო და რა უნდა იყოს ფეხბურთი ზესტაფონისთვის. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა დავით აბაშიძის სახელობის არენაზე, დამეთანხმება - ეს იყო ნამდვილი დღესასწაული, რომელიც ქალაქში კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ დგებოდა. დღესასწაული, რომელსაც ყველა ელოდა. გამოხვიდოდი ქალაქში და ყველა ფეხბურთით სუნთქავდა. დილიდან საღამომდე ირჩეოდა გუნდის ამბები. ირჩეოდა ჯაბა დვალის ფეხის, ნიკა გელაშვილის დაჭიმული კუნთის თუ სხვათა ამბები და ხალხი ბედნიერი იყო, რომ საღამოს თავის რჩეულებს სტადიონზე ხედავდა...
ერთმა ჭკვიანმა, დაკვირვებულმა კაცმა მითხრა ის, რაც ახლა უნდა დავწერო: ფეხბურთმაო, "ზესტაფონმაო", მიმტკიცებდა ის, დიდი საქმე გააკეთაო - შაბათ-კვირას მაინც ჩამოდის თბილისიდან ხალხიო...
მიგრაცია, როგორც ყველა პროვინციულ ქალაქს, ზესტაფონსაც აწუხებს. ახალგაზრდები თბილისში მიდიან და უკან აღარ ბრუნდებიან. ამ მხრივაც ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა "ზესტაფონი" - ორი დღით ჩამოსული კაცი მშობლიურ გარემოს ან ვეღარ წყდებოდა, ან დაბრუნებაზე საფუძვლიანად დაფიქრდებოდა ხოლმე და ისე როგორ იქნებოდა, კვირაში ერთხელ მაინც არ დაეხედა მანამდე მივიწყებული მშობლიური ქალაქისთვის.
ბევრი, ძალიან ბევრი რამ მინახავს "ზესტაფონის" თამაშებზე და ყოველივე ამის დავიწყება შეუძლებლად მოჩანს. მინახავს ბევრი ცრემლი, კიდევ მეტი სიხარული, მინახავს გულშეწუხებული, გრძნობადაკარგული ხალხი და მოულოდნელობისგან გაფითრებული ექიმებიც - შენთვის, მშვიდად ხარ და... უცბად კაცი ხელიდან გეცლება...
პირადად არ მინახავს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ კლუბს ორი ძალიან კარგი ზესტაფონელის სიცოცხლე დაედო ზვარაკად - იმდენი ინერვიულეს, გულმა ვეღარ გაძლო...
ვინც ზესტაფონს შიგნიდან იცნობს, უთუოდ დამეთანხმება - სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა, ამ კლუბს უდიდესი წვლილი მიუძღვის მართლაც ძალიან წესიერი ახალგაზრდა თაობის აღზრდაში. ბავშვები ქუჩაში აღარ იდგნენ. ბავშვები შაბათ-კვირას საყვარელ გუნდს ქომაგობდნენ. ისინი სწავლობდნენ ბევრს - ერთმანეთის გვერდში დგომას, ლუკმის გაყოფას, სწორად ცხოვრებას...
ჩემს თაობას, ამ ბიჭების დარად, ძალიან უყვარდა ფეხბურთი, მაგრამ ჩვენ დროს ცოტა სხვა იდეალები იყო. ჩემი თაობა, დიდწილად, ქუჩამ გადაყლაპა. ჩვენც გვყავდა საყვარელი გუნდი, მაგრამ მაშინ ასე დალაგებული და ორგანიზებული ვერ იყო ყველაფერი და ეს მართლაც არ არის იმ გუნდის ხელმძღვანელობის ბრალი. ის გუნდიცა და იმ გუნდის ხელმძღვანელობაც დღესაც ძალიან უყვართ ზესტაფონში. "მარგვეთის" ტრადიცია "ზესტაფონმაც" უნდა გააგრძელოს და, ამავე დროს, "მარგვეთიც" იყოს - ვინ თქვა, რომ ერთი ქალაქისთვის ორი გუნდი ბევრია?!
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - დღეს ზესტაფონი ძალიან ნაცრისფერია. ასეთი იყო მაშინაც და იმ ყოფას კვირაში ერთხელ მაინც ანათებდა ნაღდი ზეიმი. ნაღდი ზეიმი ხალხს დროებით მაინც ავიწყებდა უამრავ პრობლემას.
ბევრჯერ საკუთარი თვალით მინახავს, მავანს საჭმლის ფულით ბილეთი უყიდია და თამაშზე მისულა. ამაზე მეტი, ალბათ, ვერც ვერაფერი დაიწერება და აღარც არაფერი უნდა დაიწეროს, ისედაც ყველაფერი ცხადზე ცხადია.
ერთმა კაცმა ერთხელ ისიც მითხრა, უამრავი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ თავი მოვიკლა, ფეხბურთი მაცოცხლებს, მაძლებინებს, სტადიონზე რომ მივდივარ, ყველაფერი მავიწყდებაო...
მე მჯერა, რომ "ზესტაფონი" დაბრუნდება და, რაც მთავარია, დაბრუნდება სამართლიანად. არ შეიძლება, რაღაც დაიწყოს და შუა გზაზე გაჩერდეს.
ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, დაუბრუნდება თუ არა ილია კოკაია ქართულ ფეხბურთს, "ზესტაფონს"?..
რამდენიმე წლის წინათ მან "ზესტაფონის" გულშემატკივარს უთხრა: "მე გპირდებით თქვენ, რომ აქ, ამ ქალაქში ჩამოვიტანთ ჩემპიონთა ლიგის ზეწარს და აჟღერდება ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი".
დანაპირებს შესრულება სჭირდება და ამ დანაპირების შესრულება, ყველაზე მეტად, კოკაიას უნდა უნდოდეს, ვინც "ზესტაფონს" ცხოვრების საუკეთესო წლები შეალია.
მჯერა, "ზესტაფონი" დაბრუნდება. დაბრუნდება სამართლიანად და ღირსეულად!
მჯერა, მისი უდიდებულესობა ფეხბურთი დაბრუნდება ყველგან, სადაც დღეს ის არ არის. ჯერჯერობით, ასე ვხედავ ფეხბურთის ფედერაციის გეზს და ვნახოთ...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"