გია ჭიაბრიშვილი: "საბურთალოში" საგანგაშო არაფერი ხდება!

AutoSharing Option
ბოლო ორი შეხვედრაა, "საბურთალო" დიდი ანგარიშებით აგებს - ჯერ იყო 0:5 "ჩიხურასთან", მერე - 0:4 თბილისის "დინამოსთან". გასაგებია, რომ "საბურთალო" ახალგაზრდული გუნდია და ამგვარი არასტაბილურობა მოსალოდნელიცაა. მაგრამ ზედიზედ ორ მატჩში 0:9 ნამეტანია.

რას სჭირს გუნდს და რატომ სჭირს? ამ კითხვებით მივმართეთ "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს:

- ორიოდე დღის წინათ იხუმრეთ, "საბურთალო" მოგებაშიც ნიჭიერია და წაგებაშიცო. მაგრამ ბოლო ტურებში "ნიჭს" გუნდი წაგებებში უფრო ავლენს და ყველა ფიქრობს, რომ "საბურთალოში" რაღაც ხდება...
- მეორე წრის პირველი შეხვედრა "ცხინვალთან" ჩავატარეთ და, ფაქტობრივად,
მოგებული გვქონდა ეს თამაში, მაგრამ... მეკარე საეჭვო ვითარებაში გაგვიგდეს და ნაღდი გოლიც არ ჩაგვითვალეს. მერე კი დიდი ანგარიშებით წაგებები ერთმანეთს დაემთხვა.

თუმცა გარწმუნებთ - "საბურთალოში" საგანგაშო არაფერი ხდება! ეს ჩვეულებრივი პროცესია. გუნდი ასეთი წაგებებითაც იზრდება, სეზონი კი ჯერ არ დასრულებულა. რა მიზანიც გვაქვს, იმას შევასრულებთ და უმაღლეს ლიგაში ადგილს შევინარჩუნებთ. გუნდში ცვლილებები მოხდა, ჩვენი სათადარიგოთა სკამი მოკლეა, თან სერიოზულად არ გავძლიერებულვართ.

- რატომ არ გაძლიერდა გუნდი?
- იმიტომ, რომ მოყვანილი ფეხბურთელებით თამაშს გვირჩევნია, ჩვენივე გაზრდილები დავაყენოთ გზაზე. ყველა გუნდს აქვს კარგი და ცუდი პერიოდები, მაგრამ არაფერია, ცოტა ხანი უნდა მოვითმინოთ, აღმავლობაც იქნება, ავთამაშდებით და დარწმუნებული ვარ, მალე სულ სხვა "საბურთალოს" იხილავთ, ისეთს, რომლის ყურებაც გულშემატკივარს ახარებდა.

- კლუბებიდან მოსული ინფორმაციები მეტყველებს, რომ გარდამავალი ჩემპიონატისთვის მზადება აქედანვე იწყება. საკუთარ რესურსზე დაყრდნობით განახლებული ფორმატის ჩემპიონატში მოხვედრა ხომ არ გაგიჭირდებათ?
- ბირთვი ჩვენი იქნება და ჩემპიონატის დარჩენილ დროში არსებული კადრების მაქსიმალურად გამოყენებასა და გაზრდას შევეცდებით. მერე კი ვნახავთ, რომელ პოზიციაზე დაგვჭირდება გაძლიერება. გარდამავალ ჩემპიონატამდე, შევეცდებით, ფეხბურთელები რამდენიმე პრობლემატურ პოზიციაზე მოვიწვიოთ და ისეთი გუნდი და ძალა გავხდეთ, რომელსაც პრობლემები არ შეექმნება.

- კლუბის სპორტულ დირექტორად დანიშნული მანოლო იერო ესპანეთიდან ფეხბურთელების ჩამოყვანითაც დაგეხმარებათ?
- დარწმუნებული ვარ, იერო "საბურთალოსთვის" ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს და, მათ შორის, გამოცდილი ლეგიონერებსაც შეგვაშველებს. ახალგაზრდებს 2-3 გამოცდილი უცხოელი სჭირდებათ. მათ გვერდით ჩვენი ბიჭები უფრო გაიზრდებიან. ჩვენ ეს ახლაც შეგვეძლო, მაგრამ წეღანაც ვთქვი - ვამჯობინეთ, რომ ახლა ჩვენები გაგვეზარდა და მაქსიმალურად გამოგვეყენებინა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა შედეგს უნდა მიახციოტ,როცა როგორც კი ახალგაზრდა ფეხბურტელი კარგად ატამასდება მაშინვე საზგვარ5გარეტ კიდიტ,რაგაც ასაკობრივი ზგვარი მაინც დააცესეტ
ალეკსანდრე
16:23 02-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული