"ადაპტაციაში ხელი იმანაც შემიწყო, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანაში მოვხვდი"

AutoSharing Option
ბექა მახარაძის "ლოკომოტივში" გადასვლის შემდეგ ბათუმის "დინამოს" ხელმძღვანელებს საფიქრალი გაუჩნდათ. გუნდის კაპიტნის შემცვლელი სასწრაფოდ უნდა მოეძებნათ და მას უცხოეთში მიაგნეს - ბათუმელებს თურქულ შეკრებაზე გამოცდილი ბოსნიელი მცველი მარკო მიხაილოვიჩი შეუერთდა...

მისი სადებიუტო შეხვედრა წარმატებული გამოდგა. ბათუმელებმა "ზუგდიდთან" გასვლაზე სწორედ მიხაილოვიჩის გოლით მოიგეს (1:0).

188 სმ სიმაღლის 28 წლის ცენტრალურმა მცველმა დიდ ფეხბურთში კარიერა 2008 წელს სერბეთში, ნოვი სადის "ვოევოდინაში" დაიწყო. მერე კი შვედეთის პირველი და უმაღლესი ლიგის გუნდები ("დალკურდი", "უმეა", "ბ
რაგე", "ჰამარბიუ", "სირიანსკა") მოიარა და აგერ, საქართველოშიც აღმოჩნდა.

როგორ და რა გზებით ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში, ამაზე ბათუმელთა ლეგიონერის ინტერვიუდან შეიტყობთ:

- მარკო, საქართველო და ბათუმის "დინამო" თქვენთვის ახალი, უცნობი ქვეყანა და გუნდია. როგორია პირველი შთაბეჭდილებები?
- დიახ, უცხო იყო ქვეყანაც და გუნდიც. საქართველოში აქამდე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ჩამოსვლის დღიდანვე თავს კარგად ვგრძნობ. გუნდს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ჩვენ კარგ, სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ, კარგი მწვრთნელები და ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს.

- ახალ გუნდთან შეგუება ყოველთვის რთულია, მაგრამ თქვენ ეს საკმაოდ ადვილად მოახერხეთ...
- გუნდში თბილად მიმიღეს, დისკომფორტი არ მიგრძვნია. თანაც, ბათუმი ძალიან ლამაზი ქალაქია. ადაპტაცია იმიტომაც გამიადვილდა, რომ აქ კარგი ბიჭები დამხვდნენ. ამასვე ვიტყვი იმ ადამიანებზე, რომლებიც კლუბს ხელმძღვანელობენ.

- საინტერესოა გარეშე თვალით დანახული საქართველოს ჩემპიონატი. მთავარი ნაკლოვანება, რაც შენიშნეთ და პლუსიც, თუ ასეთი არის?
- სათამაშოდ ძნელი ტურნირია. განსაკუთრებით იმიტომ, რომ სტადიონები და მოედნები არც ისე კარგია. ამიტომაც თამაშობენ გუნდები იმაზე დაბალი ტემპით, ვიდრე თავად ვიყავი შეჩვეული - თუნდაც, იმავე შვედეთში. მაგრამ სეზონი ახლა დაიწყო და აქაურ დონეზე სრული წარმოდგენა ჯერ მაინც არ მაქვს.

- კონკრეტულად, აქამდე ჩატარებულ მატჩებზე რას იტყვით?
- "ზუგდიდში" რთული შეხვედრა გვქონდა. თუმცა, პირადად ჩემთვის, უფრო სასიამოვნო იყო ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც გორის "დილაა". თბილისის "დინამოსთან" მატჩსაც დიდი ინტერესით ველი. როგორც ვთქვი, მთავარი მინუსი არის მოედნები და თამაშის დაბალი ტემპი. ყველა ქვეყანას აქვს თავისი პლუს-მინუსები და ეს არ არის გასაკვირი. მაგრამ საქართველოში ჩამოსული ლეგიონერები ვალდებულნი ვართ, აქაურ ვითარებას მოვერგოთ და ჩვენი შესაძლებლობების 100 პროცენტი ვაჩვენოთ.

- როგორც ვიცით, თქვენ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმეთ, მაგრამ ბათუმის "დინამო" თუ ევროპის ლიგაზე ითამაშებს, დარჩებით გუნდში?
- ჯერჯერობით, დასაწყისი მშვენიერია, 3 თამაშში 7 ქულა მოვიპოვეთ და იმედია, სეზონის ბოლოს სამეულში მოხვდებით. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ლაპარაკი კი ჯერ ნაადრევია. ეს კლუბისა და ჩემი მენეჯერის, მამუკა წერეთელის შეთანხმებაზეა დამოკიდებული. მერე რა იქნება, ახლა ნამდვილად არ ვიცი, სეზონის ბოლოს გამოჩნდება. თუ ორივე მხარის სურვილი იქნება, ახალ ხელშეკრულებას გავაფორმებთ. დღეს კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ყოველ მომდევნო შეხვედრაში უკეთ და უკეთ ვითამაშო.

კარგია, რომ აქ მარტო არ ვარ - "დინამოში" მეორე ლეგიონერი ნიკოლა კომაზეცი ჩემიანია...

- ...მაგრამ ის სერბია, თქვენ კი ბოსნიელი ხართ...
- ბოსნიის პასპორტი მაქვს, თორემ სერბი ვარ და მეუღლესთან ერთად, ბელგრადში ვცხოვრობდი... სხვათა შორის, ადაპტაციაში ხელი იმანაც შემიწყო, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანაში მოვხვდი.

- საუკეთესო პერიოდი რომელ კლუბში გქონდათ, ან რომელი მატჩი გახსენდებათ განსაკუთრებულად?
- "ჰამარბიუ", სადაც 2 წელი ვთამაშობდი. მატჩს რაც შეეხება, ასეთი იყო 2014 წელს გიოტებორგის გაის-თან შეხვედრა. პრინციპულ მატჩს შინ ვატარებდით. 1:3 კი წავაგეთ, მაგრამ ლამაზი გოლი გავიტანე და 20 ათასი მაყურებელი ჩემს სახელს ყვიროდა... ეს დიდებული გრძნობა იყო...

- სერბეთი და საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრას ერთი შესარჩევი ჯგუფიდან შეეცდებიან. რას ფიქრობთ ამ ორი გუნდის შანსზე?
- სერბეთი ძლიერი საფეხბურთო ქვეყანა იყო, მაგრამ ბოლო შესარჩევ ციკლში მხოლოდ მე-4 ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონატზე ვერც საქართველო გავიდა და აქედანაც ჩანს, რომ ახლა საუკეთესო პერიოდი არც ერთ ამ ნაკრებს არ უდგას... მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ შესარჩევ ციკლში ორივე გუნდი გამოიჩენს თავს და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
არა, რას ერჩით ეს ხალხი, რატო აკრიტიკებთ ამ ადამიანს ასე უაზროდ ვერ ვხვდები. მაგარი ფეხბურთელია, გამორჩეული მე თუ მკითხავ თავისი სტილით და ყომარობს მაგრად ზოგადად. ჩვენთან ნეტა ყველა ამ ბიჭის ნაირი იყო. ნუ წაიღეთ ტვინი ამდენი კრიტიკით. თავებს მიხედეთ რა.. აცადეთ კაცს წარმატება!
მიშო
00:16 09-03-2016
0
ზუგდიდტან 3 ქულა ამ კავმა დადო, და ნუ ვივიწყებთ, პირველი კომენტარის საყურედღებოდ ჩვენი ფეხბურთი ლეგიონერების გარესე ვერ განვითარდება და მიხაელოვიჩი ნამდვილად ნორმალური ფეხბურთელია, ვარსკვლავს აკ ვერავინ ჩამოიყვანს იმიტომ რომ ქვეყანას ფული არ გააჩნია, ამ იგროკის მენეჯერი კიდე ჩემი ძმის ახლობელია ისეთი ტრანსფერები აქ განაკეთები ქართველ მენეჯერები ვერც იოცნებებენ
temuri
22:44 08-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული