ირაკლი მოდებაძე: პრობლემები არის, მაგრამ საჩემპიონო ბრძოლა გრძელდება!

AutoSharing Option
გორის "დილა" ერთადერთი გუნდია, თბილისის "დინამოსთან" საჩემპიონო დუელში რომაა ჩართული. თუმცა ეს პერსპექტივაც ნელ-ნელა ფერმკრთალდება - ბოლო უქმეების ტურმა ამ ორ გუნდს შორის სხვაობა 10 ქულამდე გაზარდა...

ამის მიუხედავად, გორელთა ერთ-ერთი ლიდერი, 31 წლის ირაკლი მოდებაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ტიტულის შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძოლებს.

"ლელომ" მას ინტერვიუ სთხოვა...

- როგორ ფიქრობთ, კარგად მოემზადა "დილა" მეორე წრისთვის? უკვე სამი ტურია ნათამაშები და, ალბათ, შეიძლება გარკვეული დასკვნის გაკეთება...
- ჩემი აზრით, კარგად მოვემზადეთ. ნაყოფიერი შეკრება გვქონდა თურქეთში. ვითამაშეთ საკონტროლო შეხვედრები... მოკლედ,
მოსამზადებელი პერიოდით, მე პირადად, კმაყოფილი ვარ. ჩემი აზრით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენი გუნდი მზად შეხვედროდა მეორე წრეს.

- მაგრამ "დილას" სტარტით მთლად კმაყოფილი არ უნდა იყოთ. თუნდაც, ქუთაისის "ტორპედოსთან" საშინაო მარცხი ავიღოთ...
- რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ ვიქნები. ჩვენი გუნდი ყველა შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულისთვის გადის მოედანზე. მართალია, "ტორპედოსთან" დავმარცხდით, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩვენ კიდევ გვაქვს დრო იმისთვის, რომ თუნდაც იმ შეხვედრაში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ.

- ანუ იმის თქმა გსურთ, რომ "დილა" საჩემპიონო ბრძოლას აგრძელებს?
- რა თქმა უნდა, აგრძელებს! ეგ არის ოღონდ, რომ გუნდი როცა საჩემპიონოდაა მომართული, პირობებიც საჩემპიონო უნდა იყოს. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, ასე ვერ არის და ეს ალბათ ყველამ იცის. ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ ვამბობ - "დილა" ბოლომდე იბრძოლებს ტიტულის შესანარჩუნებლად. თუ არა და, როგორც მინიმუმ, ევროპის ლიგაზე მაინც უნდა გავიდეთ.

- რას იტყვით ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე? კლუბებში დიდი აჟიოტაჟი და ენთუზიაზმი ჩანს. "დილაში" როგორ არის ამ მხრივ საქმე?
- კარგი პროგრამაა, ახლა მთავარია, ეს ყველაფერი საქმედ იქცეს. ფეხბურთელისთვისაც არის იქ პოზიტიური მომენტები... თუნდაც განათებაზე თამაში, ან ის, რომ ხელოვნურ საფარზე აღარ ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატის მატჩები...

კარგია, სახელმწიფო კლუბებს რომ ეხმარება. როგორც ვიცი, ყველასთვის ერთნაირი თანხაა იქ გათვალისწინებული. კერძო კლუბის ინვესტორი ამ ფულს თავისას დაამატებს და...

ისე კი, ამ შემთხვევაში, ცოტა არ იყოს, ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდებიან სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი კლუბები. მთელი სეზონის განმავლობაში რომ მიჰყვეთ გათვალისწინებული თანხა, რაც შეიძლება მაღალი ადგილი უნდა დაიკავონ ჩემპიონატში, რათა შესაბამისი ბონუსები მოიპოვონ. ამის გაკეთება კი იოლი ნამდვილად არ იქნება.

- ანუ გულისხმობთ იმას, რომ მაღალ ადგილებზე გასვლის უკეთესი შანსი უკეთ დაკომპლექტებულ გუნდებს ექნებათ, რაც ლოგიკურია...
- რა თქმა უნდა, ასეა.

- ...და გამოსავალს რაში ხედავთ?
- პროგრამა მიმართულია იქითკენ, რომ ქართულ ფეხბურთში გაიზარდოს კერძო ინვესტიციის წილი. ეს გასაგები და მისასალმებელია. ამასთან ერთად, ურიგო არ იქნება, თუ კლუბებს კერძო ინვესტორის მოძიებაშიც დაეხმარებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ურიგო არ იქნება თუ კლუბებს კერძო ინვესტორის მოძიებაშიც დაეხმარებიან"-))) და ფეხბურთსაც თუ ითამაშებენ თქვენს მაგივრად კიდევ უკეთესი იქნება!! არაა ირაკლი?!
GRRR
11:54 06-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული