პასუხისმგებლობა მე ასე მესმის - ზვიად ჯელაძემ "საპოვნელა" მაინც დატოვა

AutoSharing Option
ზვიად ჯელაძემ თერჯოლის "საპოვნელას" მთავარი მწვრთნელის პოსტი მაინც დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ მის გადარწმუნებას ცდილობდნენ და გადადგომის განცხადებას არ უკმაყოფილებდნენ, 41 წლის სპეციალისტმა იმერულ კლუბში დარჩენა აღარ ისურვა.

ჯელაძემ ეს ნაბიჯი ლანჩხუთის "გურიასთან" საშინაო მარცხის შემდეგ გადადგა.

"საპოვნელა" მეორე წრეს გადახალისებული შემადგენლობითა და დიდი იმედებით შეხვდა. ამის მიუხედავად, სამივე შეხვედრა წააგო: თბილისის "დინამოსთან" (1:2), "სამტრედიასთან" (0:3) და ლანჩხუთის "გურიასთან" (0:2). გუნდი ისევ პირველ წრეში დაგროვილი 8 ქულის ამარაა და 18 ტურის შემდეგ ცხრილის ფსკერზე იმყოფება.

"წამოვედი, რადგან ასე ჯობდა. სამი
თამაში წავაგეთ და ლოგიკური გადაწყვეტილება იყო.

თბილისის "დინამოს" ვეომეთ და რეალურად, წაგებას არ ვიმსახურებდით. იმ შეხვედრის არბიტრი ფეხბურთის ფედერაციამ არასწორად დანიშნული პენალტის გამო 4 მატჩით დასაჯა. მაგრამ ამით ჩვენთვის არაფერი შეცვლილა და ახლა იმ ამბების გახსენება აღარ მინდა...

მერე კი, "სამტრედიასა" და ლანჩხუთის "გურიასთან" ისე წავაგეთ, დარჩენას აზრი არ ჰქონდა. პასუხისმგებლობა მე ასე მესმის და მას არ გავურბივარ", - თქვა ჯელაძემ.

გარდა ამისა, შევიტყვეთ, რომ "საპოვნელა" დატოვეს კლუბის დირექტორმა გიორგი ლოლაძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ალიმბარაშვილმა. დირექტორის პოსტზე მირიან გეწაძე დაინიშნა, რომელიც პირველ წრეში გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. მან არ დაადასტურა ინფორმაცია, თითქოს, ჩემპიონატის მორიგ ტურში, "სიონთან" გასვლით მატჩში, გუნდს თავად უხელმძღვანელებს:

"დიახ, "საპოვნელას" დირექტორად სეზონის ბოლომდე დამნიშნეს, მაგრამ გუნდს მე არ ჩავიბარებ. მალე გადაწყდება, ვინ იმუშავებს მთავარ მწვრთნელად. A ლიცენზიის მქონე სპეციალისტები "საპოვნელაშიც" გვყავს - მამუკა ხუნდაძე და აკაკი კვერნაძე. ალბათ, მთავარ მწვრთნელად ერთ-ერთი მათგანი დაინიშნება, მეორე კი დუბლებს ჩაიბარებს".

გეწაძე ამბობს, რომ უმძიმესი სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, ვითარების გამოსწორების იმედი მაინც აქვთ:

"გუშინ ბიჭებს გამგებელთან ერთად შევხვდით და ვილაპარაკეთ, რომ მდგომარეობა სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ. ვისაც მონდომებით თამაში არ სურს და ვარჯიში ეზარება, თავად მიხვდება და დაგვტოვებს.

ყველა აღიარებს, რომ მდგომარეობა შესაცვლელია და ამის სურვილიც არის. ვინც დარჩება, მოვთხოვთ, მაქსიმალურად დაიხარჯოს გუნდისთვის. ფაქტია, რომ სამივე მატჩი წავაგეთ და შემადგენლობა გადასახალისებელია.

ახლა გუნდი სასტუმროში ცხოვრობს, ფეხბურთელებს მშვენიერი კვება აქვთ. ასეთი პირობები პირველ წრეში რომ გვქონოდა, საქმე აქამდე არ მივიდოდა, მაგრამ... სხვა გზა არაა, ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 12 ტურია დარჩენილი და იმედია, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას მაინც მოვახერხებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
მიდით ბიჭებო, ვისაც ტკივა ტერჯოლა ის თავს არ დაზოგავს!!!
irakli Apkhaidze
11:52 04-03-2016
0
ნუ მიწყენენ თერჯოლელები, მაგრამ ჩემის აზრით, ისეთი პატარა და პროვინციული ქალაქი (ქალაქი სიმბოლურად ვახსენე, ისე მხოლოდ ერთი ქუჩაა ამ "ქალაქში"), როგორიც თერჯოლაა, უმაღლეს ლიგაში გუნდი ალბათ არ უნდა ყავდეს.
gagi
12:56 04-03-2016
0

სიახლეები პოპულარული