ნუ დავღუპავთ თაობას - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ცვლილებების დროა!

AutoSharing Option
საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები საქართველოს საფეხბურთო მომავალია, თუმცა რა მომავალი უნდა უწოდო იმას, როცა ევროპის ჩემპიონატში 17-წლამდელთა ნაკრები შემდეგი სახის შედეგს აფიქსირებს: საქართველო - დანია 1:3, საქართველო - რუსეთი 1:7 და საქართველო - ესტონეთი 0:1.

ზვიად ჯელაძის გაწვრთნილი გუნდი იმაზე სუსტად გამოიყურებოდა, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. ჯელაძის ნაკრებს მუდმივად არასტაბილური შედეგები ჰქონდა, მაგრამ ეს შესარჩევი ეტაპი ყველაზე ცუდი აღმოჩნდა.

დავიწყოთ შემადგენლობით, საქართველოს ნაკრების ღირსებას შემდეგი ფეხბურთელები იცავდნენ:

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია)

მცველები: ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), საბა
ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), გიორგი მირზიკაშვილი (დინამო თბ), ზურაბ ერაძე (დინამო თბ),
ნიკა კოკაია (გაგრა)

ნახევარმცველები: ნიკოლოზ ტალახაძე (საბურთალო), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ანდრია დევდარიანი (ტორპედო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბ), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია), დავით ზურაბიანი (დინამო თბ)

თავდამსხმელები: გიორგი ომარაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ტორონჯაძე (გაგრა), გურამ ხვედელიძე (ტორინო, იტალია).

გუნდს არ ეტყობოდა მწვრთნელის ხელი და არც გუნდი გამოდგა ისეთი, რომელსაც შეეძლო თავი გამოეჩინა. ჩამოშლილი დაცვა, რომელმაც არ იცოდა, ელემენტარულად, როგორ განლაგებულიყო; ნახევარდაცვა, რომელიც ვერც დაცვას ეხმარებოდა და ვერც შეტევას, ხოლო აი, შეტევა, შედარებით დანიასთან მატჩში, რაღაცას აკეთებდა, თუმცა რუსეთთან და ესტონეთთან ისინიც გაქრნენ.

განსაკუთრებულად მტკივნეული რუსეთთან მარცხი გამოდგა. არა იმიტომ, რომ მტერია, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრები 1:7 განადგურდა და ბავშვებს "მტერია, მტერიას" ძახილში, ელემენტარულად სათანადო ტაქტიკური მონახაზი არ შეუდგინეს და არც ასწავლეს, თუ რითი დაპირისპირებოდნენ თაობას, რომელმაც წინა შეხვედრაში ესტონეთი გაანადგურა.

არადა, ვერც იმას ვიტყვით, ნაკრებს მოსამზადებლად დრო არ ჰქონდაო. ჯერ ზაფხულში იყო ბანიკოვის ტურნირი, სადაც ზვიად ჯელაძის დამოძღვრილებმა ლიეტუვა 2:1 დაამარცხეს, სლოვაკეთთან ფრედ, 0:0 ითამაშეს, შემდეგ კი უკრაინასთან 1:3 და ლატვიასთან 0:1 დამარცხდნენ. ხოლო ამ შესარჩევისთვის მოსამზადებლად ნაკრები ორი კვირით ადრე შეიკრიბა. ჯერ თბილისში ემზადებოდნენ და შემდეგ წავიდნენ დანიაში. ვერც იმას იტყვი, რომ შესაბამისი პირობები არ ჰქონდათ ან რაიმე მოაკლეს, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა.

ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმ ფაქტს, რომ ამ თაობაში ცუდი ბიჭები გვყავს. უბრალოდ, მათ არ ჰყავთ შესაბამისი პიროვნება, რომელიც სწორად გაუძღვება. ცალკე ამბავია, რა ატმოსფეროა გუნდში, რამ გამოიწვია მათი ასეთი არასტაბილურობა? რა როლს თამაშობს მწვრთნელი მათ ფსიქოლოგიურ გაერთიანებაში და ერთ გუნდად შეკვრაში? ამავდროულად, საჭიროა, კითხვები დაისვას სელექციასთან დაკავშირებით. ამ ფორმაციის ნაკრებში რეგიონებიდან მხოლოდ ანდრია დევდარიანია მოწვეული. არადა, მწვრთნელი რაიონებსა და სოფლებში თითოეულ სკოლას უნდა აკვირდებოდეს და მუდმივად ქალაქიდან ქალაქში სიარულის რეჟიმში იყოს, რათა შემთხვევით ნაკრებმა ტალანტი არ დაკარგოს, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ არის.

მთავარი კითხვა ასეთ დროს დგება მწვრთნელის კომპეტენციასთან დაკავშირებით. რა ნიშნით ვირჩევთ ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელებს? რატომ ვანდობთ ამ ფაქიზ ასაკს ისეთ მწვრთნელებს, რომლებსაც საერთაშორისო დონეზე შედეგი არც დაუდიათ და არც ადგილობრივ დონეზე აქვთ მნიშვნელოვანი შედეგები? ნაკრებში როგორც რჩეული ფეხბურთელები არიან, რჩეული მწვრთნელებიც უნდა იყვნენ. 

თუ ვიტყვით იმას, რომ არ გვყავს ასეთი მწვრთნელები ქართველებს, ტყუილი გამოდგება. რატომ არ მუშაობს ამ თაობასთან ამავე ასაკში ისტორიული შედეგის დამდები ვასილ მაისურაძე და არის 20-წლამდელთა ნაკრებში, რომელიც არცერთ ტურნირზე არ გამოდის? რატომ არ შეიძლება ამ თაობასთან ყოფილიყო ბავშვებთან მუშაობაში ერთ-ერთი გამოცდილი და ძლიერი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი? რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ ეროვნულ ჩემპიონატში ახალგაზრდებთან მუშაობაში გამოცდილ მწვრთნელზე, სოსო ფრუიძეზე?

თუ ეს არ გვყოფნის, მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტი, რომელიც საქართველოში იცხოვრებს, მუდმივად დააკვირდება ბავშვებს, იმუშავებს მათთან და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მათ აღზრდაში.

სხვა შემთხვევაში ამ ასაკში შედეგი არ გვაქვს, ეს კი ავტომატურად პრობლემებს გააჩენს უფროს თაობებშიც. სასწრაფო ცვლილებებია საჭირო. ახალგაზრდული ნაკრებები აღმასვლის შემდეგ დაღმასვლას არ უნდა განიცდიდნენ. პირიქით, უფრო და უფრო კარგი თაობების წარმოჩენას უნდა მიეძღვნას საქმე. პატიოსანი სელექცია, სწორი აღზრდა და პროფესიონალი მწვრთნელი აუცილებლად მოიტანს შედეგს. ეს ყველაფერი სასწრაფოდ არის გასაკეთებელი. ისე არ უნდა მოხდეს, რომ კიდევ ერთი თაობა დავკარგოთ.

Sportall.ge შეეცდება უახლოესს მომავალში ზვიად ჯელაძესთან ინტერვიუ შემოგთავაზოთ.

altU17. საქართველოს ნაკრები ესტონეთთანაც დამარცხდა

altU17. საქართველოს ნაკრები რუსეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

altსად არიან დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ

მკითხველის კომენტარები / 22 /
საბურტალო დინამოდანო რომ გაიძახით საბურტალოდან მხოლოდ ტალახაძე იყო გამოძაბული მწვრთნელი ადრევე იყო შესაცვლელი მაგრამ ფედერაციას ეძინა
gulshematkivari
14:22 02-11-2018
1
სადაც ძმაკაცობ მუშაობს და პრფესიონალიზმი უარყოპილია იქ ყველგან ასე ხვდება. დ კიდევ ფეხბურთი ვაშკაცური სპორტია და დედიკოს ბიჭებს იქ რფელი ესაქმებათ
ვახო
06:47 02-11-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული