ლაშა ჯაკობია: ფოთში ვბრუნდებით!

AutoSharing Option
სასიამოვნო სიახლეა - ფეხბურთის ფედერაციის უშუალო ჩარევითა და მონაწილეობით, "კოლხეთი" მშობლიურ ქალაქში დაბრუნდება და უახლოეს პერიოდში ფოთში ითამაშებს. უკვე მეორე წელია, რაც უმაღლეს ლიგაში გადასულ გუნდს საკუთარ სტადიონზე თამაშის უფლებას არ აძლევდნენ.

ეს ლოგიკურიც იყო, რადგან "ფაზისის" არენა ვერა და ვერ აშენდა. რამდენჯერმე გამოცხადებული და ჩაშლილი ტენდერის შემდეგ მშენებლობა მაინც დაიწყო, თუმცა ჯერ საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის და "კოლხეთი" ხან სამტრედიაში ატარებს საშინაო მატჩებს, ხან - ლანჩხუთში.

...მაგრამ "კოლხეთის" სპორტულმა დირექტორმა ლაშა ჯაკობიამ გვითხრა,
რომ ვითარება შეიცვალა:

"გადაწყვეტილი ამბავია, რომ "კოლხეთი" მალე კვლავ ფოთში ითამაშებს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი ჩაერივნენ ამ საქმეში და ამისთვის მათ დიდი მადლობა!

მათ რაგბის ფედერაციასა და ფოთის სარაგბო სტადიონის დირექციასთან გვიშუამდგომლეს და დიდი ხნის პრობლემა მოგვიგვარეს - ამიერიდან, საკუთარი სტადიონის რეკონსტრუქციის დასრულებამდე, "კოლხეთი" ფოთის სარაგბო სტადიონზე ითამაშებს.

მუდმივად სხვადასხვა ქალაქში სიარულით მაყურებელსაც ვკარგავდით და ცხადია, შედეგებიც ვერ გვექნებოდა ისეთი, საკუთარ კედლებში რომ მიაღწევდა გუნდი... სხვა ქალაქების სტადიონებზე თამაში დიდი ხარჯია.

არადა, უმაღლეს ლიგაში ყველაზე ღარიბი კლუბი ვართ. 6 მარტს ქობულეთში "შუქურას" ვეთამაშებით, 13-ში კი საშინაო მატჩი ქუთაისის "ტორპედოსთან" გველის. თუ ამ დრომდე ტექნიკური ხასიათის საკითხების მოგვარება მოხერხდება, ფოთში ვითამაშებთ. საქმე ისაა, რომ იმ სტადიონზე ფეხბურთის კარი არ არის, თამაშის გასამართავად კი რაგბის ძელებია ამოსაღები და ფეხბურთის - ჩასადგმელი", - ამბობს ჯაკობია.

"კოლხეთის" სპორტულმა დირექტორმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გაგვანდო:

"როგორც შევიტყვეთ, უახლოეს პერიოდში, სახელმწიფო პრიორიტეტულად განიხილავს სტადიონის აშენებას სამ ქალაქში და ერთ-ერთი მათგანი ფოთია. იმედია, "ფაზისის" რეკონსტრუქცია მალე დასრულდება და "კოლხეთის" მომთაბარე ცხოვრებას წერტილი დაესმება.

საერთოდაც, ბოლოხანს სასიკეთო ცვლილებები აშკარაა. "კოლხეთის" მაგალითზე რომ ვთქვათ, ვერც ვიოცნებებდით ისეთ დაფინანსებაზე, რაც წლეულს სახელმწიფო პროგრამით გვექნება".

აქამდე "კოლხეთს" ფოთში მხოლოდ მორაგბეთა არენაზე ვარჯიშის საშუალებას აძლევდნენ, რომელიც მშვენიერი და კეთილმოწყობილია - ტრიბუნები 2 500 მაყურებელს იტევს, საფარი ხელოვნურია და კარგ მდგომარეობაშია. არის კეთილმოწყობილი გასახდელები, საშხაპეები, განათების სისტემა...

იმ პირობებში, როცა უმაღლესი ლიგის ბევრი კლუბი საკუთარ ქალაქში თამაშს მოკლებულია, ფოთში "კოლხეთის" დაბრუნება მართლაც კარგი ამბავია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძაან მაგარია!
კოლხი!
17:36 04-03-2016
0
სამში ერთი ბათუმია,თუ არა
vaxvax
16:27 04-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული