სამწლიანი პაუზის შემდეგ ფოთში პირველი საფეხბურთო მატჩი ჩატარდება. ამაზე "კოლხეთის" სპორტულმა დირექტორმა ლაშა ჯაკობიამ "ლელოსთან" ამას წინათ ილაპარაკა - ფეხბურთის ფედერაციის ჩარევითა და უშუალო მონაწილეობით, "კოლხეთი" ფოთში უახლოეს პერიოდში უნდა დაბრუნებულიყო... (იხილეთ ვრცლად)
...და დაბრუნდა კიდეც, თუმცა გუშინდლამდე დაზუსტებული არ იყო, "კოლხეთი" უკვე 13 მარტს შეძლებდა ქუთაისის "ტორპედოსთან" მასპინძლობას თუ მომდევნო საშინაო შეხვედრაში. მიზეზი ცნობილი იყო - ფოთის სარაგბო სტადიონ "პარკი არენაზე" ტექნიკური ხასიათის პრობლემები უნდა მოეგვარებინათ.
9 მარტს კლუბის პრესსამსახურმა გვაცნობა, რომ ეს
საფეხბურთო მატჩების ფოთში ჩატარება საქართველოს რაგბის კავშირის, ფეხბურთის ფედერაციის, კომპანია "ქართუს", ფოთის და "კოლხეთის" ხელმძღვანელთა ერთობლივმა შეთანხმებამ განაპირობა.
სამატჩოდ სტადიონის მომზადება უკვე მიმდინარეობს, რაც საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. მასში მონაწილეობენ ფოთის რაგბის სკოლისა და "კოლხეთის" პერსონალი.
"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ "კოლხეთი" მშობლიურ ქალაქს უბრუნდება და საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვითამაშებთ. მიუხედავად იმისა, რომ სადაც მეტოქეებს ვიღებდით, ყველგან კარგად გვმასპინძლობდნენ, საკუთარ "კედლებს" სულ სხვა ძალა აქვს.
ძალიან გასაკვირია, შინ სამწლიანი უთამაშებლობის მიუხედავად, გუნდი უმაღლეს ლიგაში ღირსეულად რომ იბრძოდა. ჩააყენეთ ჩვენ მდგომარეობაში თავი და მიხვდებით, რა რთულია ეს. მჯერა, ჩვენი გულშემატკივარი მეტი ქულის მოპოვებაში დაგვეხმარება", - ამბობს "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი გელა სანაია.
კლუბის გენერალურმა დირექტორმა თემურ ბარქაიამ კი "ლელოსთან" სარაგბო სტადიონზე თამაშის ჩატარების სირთულეებზე ილაპარაკა:
"ფეხბურთის ფედერაციის, ფოთის ხელმძღვანელობისა და, რა თქმა უნდა, რაგბის კავშირის დამსახურებაა, ფოთში ფეხბურთი რომ ბრუნდება. უზომოდ ბედნიერები ვართ. ახლა თამაშის ორგანიზებისთვის აუცილებელ დეტალებს ვაგვარებთ, რადგან რაგბისა და საფეხბურთო სტადიონების ტექნიკური მაჩვენებლებით ერთმანეთისგან განსხვავდება.
სირთულეები რამდენიმე დეტალის გამო შეგვექმნა: რაგბის კარების ამოღება "პარკი არენაზეც" და "ფაზისზეც", საიდანაც ფეხბურთის კარები უნდა მოგვეტანა. ჩვენს სტადიონზე მოედნის სარწყავი და სადრენაჟო სისტემის დაზიანების საფრთხე იყო. საბოლოოდ, ქობულეთის "შუქურა" დაგვეხმარა და გადასატანი კარები გვათხოვა, რისთვისაც დიდი მადლობა კლუბის დირექტორ რევაზ ჩელებაძეს! მალე კი თავად ვიყიდით და ჩამოვიტანთ კარებს.
გარდა ამისა, რაგბის გუნდების სათადარიგოთა სკამები მესერს მიღმა იყო, ჩვენ კი მოედანთან გვჭირდება".
ბარქაიას თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება ფოთის "ფაზისის" სტადიონის რეკონსტრუქცია:
"ორი ტენდერი ჩატარდა და ვერც ერთმა გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულება ვერ შეასრულა. ამიტომ ორივესთან ფოთის მერიას სასამართლო დავა აქვს. არავინ უწყის, ეს პროცესი როდის დასრულდება.
ჩვენ ქალაქის ხელმძღვანელობას ველაპარაკეთ და საკითხი ახალი სეზონის დაწყებამდე აუცილებლად უნდა გადაწყდეს. სხვათა შორის, ფეხბურთის ფედერაცია შეგვპირდა, რომ მთავრობასთან გვიშუამდგომლებს, რათა ზუგდიდის სტადიონთან ერთად, ინფრასტრუქტურულ პროექტებში პრიორიტეტულად "ფაზისის" მშენებლობაც შეიტანონ".
ფოთელთა გენერალური დირექტორი ამბობს, რომ გუნდი პირველ საშინაო შეხვედრას საბრძოლო განწყობით ხვდება:
"ქუთაისის "ტორპედოს" სახით რთული მეტოქე გვეყოლება, მაგრამ მეორე წრე არასახარბიელოდ დავიწყეთ და უკანდასახევი გზა არ გვაქვს. ჩვენთვის ახლა თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. ამიტომ ფოთელ გულშემატკივრებს მოვუწოდებ, 13 მარტს "კოლხეთის" საშინაო შეხვედრას დაესწრონ და გაგვამხნევონ.
ყველაზე საშინელ ფიქრებშიც არ დავუშვებთ, რომ უმაღლესი ლიგიდან გავვარდეთ. მერე უმაღლესში დაბრუნება ძალიან გაგვიჭირდება".
ბარქაიას თქმით, სახელმწიფო პროგრამამ "კოლხეთს" სულზე მიუსწრო:
"ეს პროგრამა სწორედ ჩვენნაირ კლუბს სჭირდებოდა და დიდი შვებაც მოგვიტანა, რადგან მცირე ბიუჯეტი გვქონდა, სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებით კი გაცილებით უკეთესი ბიუჯეტი გვექნება.
ისიც დიდი სტიმულია, თანხას პრემიალური და სტიმულირების ფონდებიდანაც რომ მივიღებთ. ჩვენი სპონსორი ფოთის პორტი იყო და ახლა მოლაპარაკება კიდევ ორ კომპანიასთან გვაქვს. ერთი ის ვიცი, რომ გარდამავალი ჩემპიონატისთვის ბიუჯეტი მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ, რადგან 10-გუნდიან პრო ლიგა 1-ში "კოლხეთი" აუცილებლად უნდა მოხვდეს".
საინტერესოა, რომ ფოთელებს ზაფხულის ტრანსფერებისთვის მზადება უკვე დაუწყიათ:
"მაისის შემდეგ გუნდში სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდება. ჩვენმა სპორტულმა დირექტორმა ლაშა ჯაკობიამ უკვე ორ უკრაინელ ფეხბურთელთან დაიწყო მოლაპარაკება და კიდევ ორთან სიტყვიერი შეთანხმება აქვს. ისინი საკმაოდ კარგი მოთამაშეები არიან და არა - ჩამოსაწერები.
საქმე ისაა, რომ უკრაინულ ფეხბურთში მდგომარეობა ძალიან გაუარესდა და ფეხბურთელები უკვე საკმაოდ დაბალ ხელფასებს იღებენ. დროც არის, რომ ძლიერი ლეგიონერები ჩამოვიყვანოთ და ქართულ ფეხბურთში არსებული ნეგატივი პოზიტივით შევცვალოთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"