ლოკომოტივი-სიონი 0:0 - ლოგიკა ვაკეში

AutoSharing Option
ორივე გუნდი ამ შეხვედრას მნიშვნელოვანი დანაკლისით შეხვდა. დავიწყოთ "ლოკომოტივით". ლანჩხუთის "გურიასთან" მიღებული წითელი ბარათების გამო გუნდს ვერ დაეხმარნენ ვაჟა ქიქავა და გიორგი ფოფხაძე, ხოლო ბაჩანა ცხადაძემ, ალექსი ბენაშვილმა და მამია გავაშელიშვილმა ტრავმების გამო იუქმეს.

მნიშვნელოვანი დანაკლისი ჰქონდა "სიონსაც". ტრავმის გამო ბოლნისელთა რიგებს კარგა ხნით გამოაკლდა ნიჭიერი ფლანგელი აკაკი შულაია. ასევე ვერ ითამაშეს ირაკლი გოგინაშვილმა და ოთარ ჯაფიაშვილმა.

თავიდანვე ვიტყვით, რომ ვაკეში ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. ვერცერთმა გუნდმა ვერ გარისკა და, შესაბამისად, ვერც "შამპანური დალია". საბოლოოდ - უგოლო ფრე, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები
იყო ორივე მხარისთვის.

თამაში "სიონის" აქტიურობით დაიწყო. სტუმართა შემადგენლობაში გამორჩეული ოთარ კობახიძე მარცხენა ფლანგიდან მაღალი სისწრაფით მიუახლოვდა თბილისელთა კარს. მის წინააღმდეგ თამაშის წესი მარჯვენა მცველად გამწესებულმა გიორგი გეთიაშვილმა დაარღვია. ლაშა გვალიამ კი კარგად ვერ შეასრულა უაღრესად სახიფათო საჯარიმო.

"ლოკომოტივმა" მოწინააღმდეგეს მალევე უპასუხა. მასპინძელთა მრავალსვლიანი კომბინაცია კარში დარტყმით დაასრულა დემურ ჩიხლაძემ, მაგრამ ბურთი ზემოდან გადასცდა მირზა მერლანის კარს.

მერე ისევ კობახიძეს ჰქონდა შანსი და ბურთი რევაზ თევდორაძემ მოიხელთა. მალე რატი არდაზიშვილის მომენტი იყო - ალბათ, ყველაზე სახიფათო პირველ ტაიმში. "სიონის" კარში გოლი არ გავიდა.

ეს იყო და, გუნდებმა ნახევარმომენტები "გაცვალეს". ჯერ ლუკა რაზმაძე ვერ შესწვდა პარტნიორის მიერ სახიფათოდ ჩაწოდებულ ბურთს, მერე კი ალეკო მზევაშვილის დარტყმას დააკლდა სიზუსტე.

მეორე ტაიმში სახიფათო მომენტების აშკარა ნაკლებობა იყო. ჯერ დავით ჩაგელიშვილს ჰქონდა შანსი, რომელიც მცველებმა გააუვნებლეს, მერე კი "სიონს" მიეცა მშვენიერი საგოლე შესაძლებლობა და ვერც ეს აღმოჩნდა შედეგიანი.

მერე ოთარ კობახიძემ ძალიან კარგი პასი გაუკეთა გიული მანჯგალაძეს, თუმცა უკრაინული "ზორიას" ყოფილ ფეხბურთელს გამოცდილმა რევაზ თევდორაძემ არ გაატანინა.

თბილისური გუნდის შემადგენლობაში შეცვლაზე ითამაშა ლუკა კიკაბიძემ, რომელიც ფრანგული "ბასტიადან" საქართველოში დაბრუნდა. როგორც შევიტყვეთ, ფეხბურთელს ტრავმა აწუხებდა და სულ ცოტა ხნის წინათ გამოჯანმრთელდა. ლუკამ ცოტა ითამაშა, მაგრამ ერთხელაც დაგვარწმუნა, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელია. ვინ იცის, იქნებ მან კიდევ შეძლოს ევროპაში წასვლა მას შემდეგ, რაც საქართველოს ჩემპიონატში ფეხს მოიკიდებს...

აქვე უნდა დავწეროთ "ლოკომოტივის" მეორე ფეხბურთელის, რატი არდაზიშვილის თაობაზეც. ფაქტია, ამ ახალგაზრდას ნიჭი არ აკლია, ოღონდ ესაა, არცთუ იშვიათად ზედმეტად ერთობა ინდივიდუალიზმით და ეს ნაკლი აუცილებლად უნდა გამოასწოროს.

ფრე "სიონის" მიზნებს ვერ შეცვლის. ვარლამ კილასონიას გუნდი კვლავ ევროსაგზურის მოსაპოვებლად იბრძვის, "ლოკომოტივმა" კი აუცილებლად უნდა მოუმატოს - რაც ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო, ჟერარდ სარაგოსა მულეტის გუნდი ჯერაც მოუგებელია.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური
11.03. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ლოკომოტივი-სიონი 0:0
ლოკომოტივი: თევდორაძე, ჩიტეიშვილი, ჭანტურია, გეთიაშვილი, ჩიხლაძე (59. ქანთარია), ხიდეშელი, მზევაშვილი, დ.ჩაგელიშვილი, მახარაძე, სამურკასოვი (84. სულთანიშვილი), არდაზიშვილი (80. კიკაბიძე).
სათადარიგოები: კუპატაძე, კიკნაძე, უბილავა, გაბაძე
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი
სიონი: მერლანი, სვანიძე, ფოფხაძე, გაფრინდაშვილი, ვ. კილასონია, მანჯგალაძე, გოგობერიშვილი, გვალია (45. საჯაია), რაზმაძე (80. ვასაძე), ტატანაშვილი (60. ლუის ალბარტო), კობახიძე.
სათადარიგოები: ნანიევი, შალამბერიძე, გიორბელიძე, გურეშიძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გაფრთხილება: სამურკასოვი (45), მანჯგალაძე (59)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12

XXI ტური
17 მარტი, ხუთშაბათი
დინამო (თბ)-დილა

18 მარტი, პარასკევი
სამტრედია-ზუგდიდი
სიონი-საბურთალო
ცხინვალი-ტორპედო
ჩიხურა-დინამო (ბთ)
შუქურა-ლოკომოტივი

19 მარტი, შაბათი
საპოვნელა-კოლხეთი
გურია-მერანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული