უმაღლესი ლიგის XX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
სამ დღეზე გაწერილი ტური საინტერესო და მოვლენებით დახუნძლული აღმოჩნდა; იმის გარდა, რომ სატურნირო ცხრილში რამდენიმე გადაადგილება მოხდა, მეტისმეტად დაიძაბა სიტუაცია ევროტურნირების საგზურებისათვის მებრძოლ გუნდებს შორისაც და გასავარდნ ზონაშიც.

იმაზეც ღირს ყურადღების გამახვილება, თუ როგორ შეძლო რამდენიმე გუნდმა თავისი დანავსული სერიის შეწყვეტა; ზოგმა, პირიქით, ზეწარმატებული სერია გააგრძელა; ზოგი, პირიქით, კრიზისიდან ვერ გამოდის და ასე შემდეგ.

მოკლედ, XX ტურში მრავლად იყო აღსანიშნავი თუ გამოსარჩევი ფაქტები და შევეცდებით, არც ერთი არ გამოგვრჩეს...

სატურნირო ინტრიგა და საინტერესო სერიები
თბილისის "დინამო" კვლავაც აგრძელებს ისედაც შთამბეჭდავ სერიას:
ჩემპიონატში ზედიზედ 12 მატჩი აქვს მოგებული!

ასევე გამორჩეულად გვინდა აღვნიშნოთ "სამტრედიის" ასევე მართლაც ჩინებული და კვლავაც შედეგიანი თამაში: გია ცეცაძის გუნდმა სტუმრად ურთულესი მატჩი მოიგო უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის მებრძოლ "მერანთან" და მეორე ადგილამდეც დამსახურებულად აღზევდა.

თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიასაგან" აბსოლუტურად განსხვავებული მიზნების მქონე სხვა გუნდების სერიებზეც გვინდა ვთქვათ; მით უფრო, რომ ერთდროულად სამმა გუნდმა შეძლო და მართლაც დანავსული სერია შეწყვიტა: "საბურთალოსა" და "კოლხეთს" ამ ტურამდე 7 მატჩი არ ჰქონდათ მოგებული, "საპოვნელას" კი - ამ ტურამდე ზედიზედ 10 წაგება ჰქონდა!

და აი, ეს ნავსიანი პერიოდი წარსულს ჩაბარდა, თუმცა ახლა სხვა გუნდებს გაუგრძელდათ კრიზისული ეტაპი: "ცხინვალსა" და "ზუგდიდს" მეორე წრეში ჯერ არც ერთი მატჩი არ მოუგიათ, თუმცა ორივე შემთხვევაში საქმე უფრო ობიექტურ მიზეზებთან გვაქვს...

ხარაიშვილის ჰეთ-თრიკი, სიხარულიძის დუბლი
"ლელოს" გუშინდელ ნომერშიც ვწერდით იმის შესახებ, თუ როგორი ბენეფისი მოაწყო "გურიასთან" მატჩში "საბურთალოს" 19 წლის ლიდერმა და კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხარაიშვილის ასეთმა ზემოტივირებულმა და სუპერშედეგიანმა თამაშმა ახალგაზრდულ "საბურთალოს" ხომ ასე ნანატრი გამარჯვება მოუტანა.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ამ ახალგაზრდა და ნიჭიერმა ფეხბურთელმა უმაღლეს ლიგაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა, სულ კი მიმდინარე სეზონში უკვე მეცხრე გოლი გაიტანა, რაც ნახევარმცველისათვის, მართლაც, მშვენიერი შედეგია. სხვათა შორის, ხარაიშვილმა საქართველოს ჩემპიონატში ჰეთ-თრიკი (თანაც - ორჯერ) წინა სეზონშიც შეასრულა, ოღონდ იმ დროსათვის "საბურთალო" ხომ პირველ ლიგაში ასპარეზობდა...

მიმდინარე სეზონში, ამ ტურამდე, უმაღლეს ლიგაში ერთ მატჩში სამი გოლი მხოლოდ ექვს ფეხბურთელს ჰქონდა გატანილი: ნიკა კაჭარავას, გიორგი ბერიაშვილს, ოთარ მარცვალაძეს, დიმიტრი ტატანაშვილს, გიორგი ქვილითაიასა და ირაკლი სიხარულიძეს.

ამ სიას ახლა გიორგი ხარაიშვილიც მიემატა, ხოლო "სამტრედიის" 25 წლის ფორვარდმა ირაკლი სიხარულიძემ "მერანთან" ჩატარებულ მართლაც დრამატულ მატჩში დუბლი შეასრულა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სიხარულიძემ ამ სეზონში თავისი მესამე "დუბლი" ამჯერად შეცვლაზე შესულმა მოახერხა და გარკვეული პაუზის მერე საუკეთესო ბომბარდირთა დავაშიც ჩაერთო (12 გოლი აქვს გატანილი).

ისე, გასულ ტურში შეცვლაზე შემოსულ ფეხბურთელთა თემა ერთობ აქტუალური იყო და ამაზე ოდნავ ქვემოთ...

მოახლოებული ზეიმი
თუ ასე გაგრძელდა, ძალიან დიდი შანსია, რომ ამ სეზონის ტრიუმფატორი აპრილში გამოვლინდეს! იურაი იარაბეკის დამოძღვრილმა თბილისის "დინამომ" დაძაბულ ორთაბრძოლაში მაინც შეძლო არასახარბიელო სატურნირო სიტუაციაში მყოფი "ზუგდიდის" დამარცხება და უახლოეს მდევრებს უკვე 14 ქულით უსწრებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა დინამოელთა კაპიტანმა, 38 წლის ალექსანდრე იაშვილმა, ხოლო მისმა ახალგაზრდა პარტნიორმა, 22 წლის ბაჩანა არაბულმა ძირითად შემადგენლობაში მეორედ გამოჩენა ეფექტური გოლით აღნიშნა.

აქვე "ზუგდიდზეც" უნდა ვთქვათ: იური ბაკალოვის გუნდი მეორე წრეში კვლავაც მოუგებლად ასპარეზობს, მაგრამ ფავორიტ მეტოქეს რიგ ეპიზოდებში არაფერი დაუთმო და კინაღამ ფრესაც მიაღწია.

სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში ამ ტურამდე "დინამოს" კარში ერთ მატჩში 2 გოლი მხოლოდ სამ გუნდს ("დილა", "სიონი", "კოლხეთი") ჰქონდა გატანილი, ახლა კი მათ რიცხვს "ზუგდიდიც" მიემატა.

ეფექტიანი შეცვლები
სეზონის დასაწყისიდან ვერ ვიხსენებთ ისეთ ფაქტს, კონკრეტულ ტურში შეცვლაზე შემოსულ ამდენ ფეხბურთელს რომ გაეტანოს გოლ(ებ)ი. XX ტური კი, ამ მხრივ, მართლაც გამორჩეული იყო და ზოგიერთი შემცვლელის გოლ(ებ)მა სულაც ამა თუ იმ მატჩის ბედი გადაწყვიტა.

აი, ისინიც, ვინც შეცვლაზე შემოსულმა შეძლო თავის გამოჩენა: ირაკლი სიხარულიძე, დავით რაჟამაშვილი (ორივე - "სამტრედია"), იური შეველი ("ზუგდიდი"), გიორგი ხორხელი ("საბურთალო"), მიხეილ სარდალიშვილი ("ჩიხურა"), გიორგი ბუხაიძე ("საპოვნელა"), დათა სიჭინავა ("კოლხეთი").

აღსანიშნავია, რომ სარდალიშვილმა უკვე მესამე გოლი გაიტანა შეცვლაზე შემოსულმა, მშობლიურ "კოლხეთში" გარკვეული პაუზის მერე დაბრუნებულმა დათა სიჭინავამ კი - მეოთხე! თანაც, როგორც სჩვევია, შორეული და ეფექტური დარტყმით...

სადებიუტო თემა
გასულ ტურში სხვა თემებიც არანაკლებ აქტუალური იყო. ასე, მაგალითად, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლები გვინდა მივულოცოთ "ზუგდიდის" 21 წლის ნახევარმცველ სოსო მალანიას, "საბურთალოს" 20 წლის ფეხბურთელ გიორგი ხორხელს (მერე "დუბლის" შესრულებასთანაც რომ იყო ახლოს) და "საპოვნელას" 22 წლის ცენტრალურ მცველ გიორგი ნარიმანიძეს.

რუსთავის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი გიორგი ნარიმანიძე საქართველოს ჩემპიონატს ზამთრის პაუზის დროს დაუბრუნდა და "საპოვნელაში" ჩაირიცხა, ახლა კი თანაგუნდელ გიორგი ბუხაიძესთან ერთად ლომის წილი შეიტანა თერჯოლელთა გუნდის ასე ნანატრ გამარჯვებაში.

უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა 21 წლის ლუკა კიკაბიძემაც ("ლოკომოტივი").

ლეგიონერებიც გამოირჩნენ
ადრეც ვივარაუდეთ, რომ სეზონის დასრულებამდე კიდევ იყო მოსალოდნელი ჩვენს ჩემპიონატში ახალ-ახალი ლეგიონერების გამოჩენა; ახლაც, ამ ტურში კიდევ ორ უცხოელ ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში: 28 წლის ბოსნიელ მეკარეს, დინო ჰამზიჩსა და ასევე 28 წლის სლოვენიელ ნახევარმცველს,  ანჯეი ლოვრენჩიჩს (ორივე - "ჩიხურა").

ასევე, უნდა აღინიშნოს "საბურთალოს" ესპანელი მწვრთნელის, პაბლო ფრანკო მარტინის წარმატებული დებიუტი. დიდი ანგარიშებით წაგებული მატჩების სერია "საბურთალომ" ლანჩხუთის "გურიასთან" გამარჯვებით (4:2) შეწყვიტა.

არანაკლებ აქტუალური იყო გასულ ტურში ლეგიონერთა გარჯა შედეგიანობის თვალსაზრისითაც - ხუთმა უცხოელმა ფეხბურთელმა შეძლო გოლის გატანა მეტოქის კარში. აი, ყოჩაღი ლეგიონერები: დმიტრო ზოზულია, ევგენი მოროზენკო (ორივე - "გურია"), იური შეველი ("ზუგდიდი"), ნიკოლა კომაზეცი (ბათუმის "დინამო"), ბენჯამენ ტეიდი ("მერანი").

შეგახსენებთ, რომ ამათგან სამი (ზოზულია, მოროზენკო, შეველი) - უკრაინელია, კომაზეცი - სერბი, ტეიდი კი - ნიგერიელი.

დაბოლოს, ისიც ვთქვათ, რომ ამ ხუთეულიდან ტეიდია ერთადერთი, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი სწორედ XX ტურში გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ბუხაიძე გენაცვალე , ყველაზე მაგარი იყო
zestafani
22:54 15-03-2016
0
კოლხეთის თამაშზე ჩემს გვერდით დუბლების ფეხბუთელი იჯდა, თამაში 2-0 რო გახდა ვთქვი რო თუ ვინმეს ფეხბურთი ესმის ამ ქვეყანაში ტუხარელის მოგებულია ეგ თამაში და აუცილებლად სიმბოლურში უნდა მოხვდესთქო იმ ბიჭმა კი მიპასუხა მართალი ხარ მაგრამ აი ნახავ სიჭინავას და ნიქაბაძეს შეიყვანენო ( ორივემ საოცარი სილამაზის გოლები გაიტანა) რატოქო რო ვკითხე აქ გოლი ვისაც გააქ სიმბოლურშიც მაგი ხვდებაო :D არ მეგონა თუ მართლა ასე იყო მაგრამ აი შედეგიც :D ისე მართლა გოლებით საზღვრავთ თუ ლატარიის პონტში არჩევთ? თუხარელმა გააკეთა 2 საგოლე გადაცემა, გარდა ამისა მარჯვენა ფრთა არ გაჩერებულა საერთოდ 90 წუთი და პლიუს ამას თავდასხმას რო ეყოჩაღა მინიმუმ 2 კიდე უნდა გასულიყო თუხარელის პასით. რავი ფეხბურთი მე ეგ მგონია და თუ ვცდები მაშინ მეც შემიყვანეთ მომავალ სიმბოლურში უბანში გამაქ ბევრი გოლი :D პენლებიც დაჟე და წონის მიუხედავად ერთხელ მაკრატელაც დავარტყი :D
მანუჩარ
12:51 15-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული