უმაღლესი ლიგა. XXI ტურის წინათქმა: ინტრიგა მორჩა?

AutoSharing Option
წინას მსგავსად, ეს ტურიც სამ დღეზეა გაწერილი, რის შემდეგაც უმაღლეს ლიგაში თითქმის ორკვირიანი შესვენება გამოცხადდება. მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს მომდევნო კვირაში ოფიციალური მატჩი ელოდება სან მარინოსთან, მერე კი - ამხანაგური შეხვედრა უკრაინასთან.

ცხადია, დიდი ინტერესით ველოდებით საქართველოს ეროვნული ნაკრების თბილისურ ამხანაგურ მატჩსაც (29 მარტს, ყაზახეთთან), რომელშიც, არ არის გამორიცხული, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე რამდენიმე ფეხბურთელმაც ითამაშოს.

XXI ტური კი ისეთი მატჩით იწყება, სულ რაღაც ერთი თვის წინათ ლამის "საჩემპიონო დაპირისპირებად" რომ მიიჩნევდა ბევრი. ისევე, როგორც წინა სეზონში, ოქროს მედლების უპირველესი
კანდიდატები ხომ ამჯერადაც თბილისის "დინამო" და "დილა" უნდა ყოფილიყვნენ.

ასეც იყო ზამთრის პაუზამდე. აი, მეორე წრის დასაწყისიდან კი, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და იმის დიდი ალბათობაც არსებობს, რომ "დინამომ" თავისი მორიგი ტიტული უკვე... აპრილის დასაწყისშივე მოიპოვოს.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური
17.03. თბილისი. "დინამო არენა". 18:00
დინამო (თბ)-დილა
პირველი წრე 0:2
ურთიერთშეხვედრები
54: +41 =11 -2, 144:28
დისკვალიფიკაცია: ლევან ნონიკაშვილი (დილა)

ზამთრის პაუზას თბილისის "დინამო" ლიდერის როლში შეხვდა, თანაც, უახლოეს კონკურენტს, "დილას" 5 ქულით უსწრებდა. თუმცა, დაიწყო მეორე წრე და სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა: "დინამო" აგრძელებს თავის შთამბეჭდავ წარმატებულ სერიას და მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ "სამტრედიასა" და "დილას" მართლაც სოლიდური სხვაობით, 14 ქულით უსწრებს!

აი, ასე: მეორე წრის სტარტზე "დინამომ" თუ ხუთივე მატჩი მოიგო, "დილამ" 15 შესაძლებლობიდან მხოლოდ 6 ქულა აიღო; ეგ კი არა, "დილას" უკვე მეორე (გნებავთ - მესამე) ადგილის დაკავებაც პრობლემატური გაუხდა: მშვენიერ ფორმაში მყოფი "სამტრედიის" გარდა, ევროტურნირების საგზურის მოპოვების პრეტენზია (თანაც, საფუძვლიანი) კიდევ ოთხ-ხუთ გუნდს გაუჩნდა.

არადა, არავინ იცის, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები, "დილას" ფინანსური პრობლემები რომ არ შექმნოდა; ისიც სათქმელია, რომ იმავე "დინამოსაგან" განსხვავებით, ამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "დილა" საგრძნობლად დასუსტდა: გიორგი ნავალოვსკისა და გოგიტა გოგუას წასვლით გორელთა გუნდიც დაზარალდა და ეს ორი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჩვენს ჩემპიონატსაც დააკლდა.

თუმცა, ეს ყველაფერი ნამდვილად არ აკნინებს "დინამოს" წარმატებულ ასპარეზობას: ახალი მწვრთნელის, იურაი იარაბეკის ხელმძღვანელობით, გუნდმა მეორე წრეში ხუთივე მატჩი მოიგო, სულ კი ჩემპიონატში ზედიზედ 12 მოგება აქვს!

და როდის ან ვისთან წააგო ბოლოს "დინამომ" ოფიციალური მატჩი? როდის და, შარშან, 26 სექტემბერს... "დილასთან"!

აი, ეს იყო მიმდინარე ჩემპიონატში "დინამოს" პირველი და უკანასკნელი მარცხი და "დილას" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი მოდებაძის "დუბლიც" საჩემპიონო ინტრიგის ტოლფასად მივიჩნიეთ; თუმცა მერე მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და დღევანდელი მონაცემებით, ძალიან ძნელად წარმოსადგენია, რომ ახალგაზრდა სპეციალისტის, უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დილამ" წინა სეზონის მიღწევა გაიმეოროს.

თუმცა ამ ფორმაციის "დილას" მწვრთნელ-ფეხბურთელებმა მაინც "მოასწრეს" და კლუბის ისტორიაში გამორჩეული ფაქტის მონაწილენი გახდნენ: საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში მეორედ ხომ სწორედ ამ სეზონში მოხდა, როცა გორელთა გუნდმა შეძლო და თავისთვის ყველაზე არასასურველი მეტოქე დაამარცხა.

პირველად კი "დილამ" 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო თბილისის "დინამოს", როცა გორელთა გუნდს გიორგი დარასელია მოძღვრავდა, მეტოქისას კი - დუშან უჰრინი (უმცროსი); სხვა დანარჩენ შემთხვევებში კი "დინამო" თითქმის ყოველთვის უპრობლემოდ ამარცხებდა (ძალიან ხშირად - დიდი ანგარიშითაც) და ამიტომაც აქვს ურთიერთდაპირისპირებებში მეტოქესთან ასეთი უპირატესობა.

ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, გვჯერა, რომ დღევანდელი მატჩი საინტერესოდ ჩაივლის და იმის იმედიც დავიტოვოთ, რომ ლიდერთა დაპირისპირება მთლად ცარიელი ტრიბუნების წინ არ ჩაივლის.

იმის იმედიც გვქონდეს, რომ "დინამო არენაზე" მისული გულშემატკივარი (მნიშვნელობა არა აქვს, "დინამოსი" თუ "დილასი") ამაღლებულ განწყობაზე იქნება - ტურის ცენტრალური დაპირისპირება 18 საათზე იწყება, მანამდე კი, 14 საათზე, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს რუს თანატოლებთან ელოდებათ სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი მატჩი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
თუ ასეთი საინტერესო მატჩია რატო არ უჩვენებთ ტელევიზიით?...
ვაი შენს პატრონს.
13:36 17-03-2016
0
fcd-ს. რა სოფლის დედაკაცივით იწყევლები ...
gigo
15:53 17-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული