12:30 21-03-2016
სიონი-საბურთალო 0:0 - მასპინძელმა დაკარგა, სტუმარმა მოიპოვა [VIDEO]
AutoSharing Option
დანაკლისი ჰქონდა "სიონსაც". სხვადასხვა მიზეზის გამო მინდორზე ვერ გავიდნენ გუნდის კაპიტანი დავით სვანიძე, ლაშა გვალია და დავით საჯაია. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ფავორიტად ევროსაგზურისთვის მებრძოლი "სიონი" ითვლებოდა.
როგორც ჩანს, ბოლნისელებმა საქმე ნაადრევად ჩათვალეს მომთავრებულად. ასეთ რამეს კი ფეხბურთი არავის ჰპატიობს. ფაქტია, სატურნირო ცხრილში არსებული სიმჭიდროვიდან გამომდინარე, "სიონმა" საქმე მნიშვნელოვნად გაირთულა - ევროთასებზე მოხვედრა ახლა შედარებით რთული იქნება.
პირველ ტაიმში "საბურთალო" ძალიან კარგად გამოიყურებოდა. საწყის წუთებში გიორგი ფანცულაიას მიეცა საგოლე შანსი, თუმცა ხელსაყრელი სიტუაციიდან კარში დარტყმა ვერ მოახერხა.
მერე ისევ ფანცულაიამ იაქტიურა და კარგი პასი გაუკეთა გურამ გოშთელიანს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდმა სუსტად დაარტყა და მირზა მერლანის კართან ხიფათიც განიმუხტა.
მერე სტუმართა შორის აშკარად გამორჩეული გიორგი კოხრეიძის ჯერი დადგა. მან ერთი მეურვე ჩამოიშორა და კარშიც დაარტყა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. უნდა ითქვას, რომ კოხრეიძემ მაღალ დონეზე ჩაატარა ეს შეხვედრა, ხშირად ამწვავებდა სიტუაციას და ბურთსაც კარგად ფლობდა.
"სიონი" გამოფხიზლდა. ზურაბ ჯაფიაშვილი თბილისელთა საჯარიმოში წაიქცა. ბოლნისელები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა.
მალე მოვლენათა ეპიცენტრში ისევ ჯაფიაშვილი აღმოჩნდა. მან ყველასთვის მოულოდნელად, შორიდან გადაწყვიტა დარტყმა - ბურთი გარედან მოხვდა "საბურთალოს" კარის ბადეს.
36-ე წუთზე "სიონმა" პირველი ასპროცენტიანი საგოლე მომენტი შექმნა. გიული მანჯგალაძის კუთხურის შემდეგ დიმიტრი ტატანაშვილმა მძლავრი თავურით სცადა გატანა - "სიონს" წინაღობად ძელი მოევლინა.
მეორე ტაიმში ვარლამ კილასონიამ ბოლნისელთა ტაქტიკა უფრო შემტევი გახადა. "სიონის" იერიშებს მეტი სიმძაფრე შემატა პორტუგალიელმა ფორვარდმა ლუის ვიეირა მედინამ. ამას გარდა, კილასონიამ საყრდენი ალეკო გოგობერიშვილი მოხსნა და თავდასხმაში კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუშვა...
მეორე ნახევარი მასპინძლებმა გაცილებით უკეთ ჩაატარეს. ტაიმი 3 წუთის დაწყებული იყო, როცა მანჯგალაძემ ბურთი გიორგი გაფრინდაშვილს გადააწოდა. ამან მედინა მონახა, ვისი თავურიც საბურთალოელთა მეკარე ოთარ გოშაძის ნადავლი გახდა.
მერე "სიონმა" სახიფათოდ შეასრულა კუთხური - ლუკა რაზმაძის კარგი თავურის შემდეგ ბურთი ოდნავ ასცდა სტუმართა კარს. ეს იყო და ტატანაშვილმა მეწყვილე მედინას უპასა - პორტუგალიელს სიზუსტე დააკლდა.
"საბურთალოს" რამდენჯერმე მიეცა კარგი კონტრშეტევის განხორციელების საშუალება, თუმცა სტუმარმა აქედან ვერაფერი გამოადნო, რაც, ისევ და ისევ, პაბლო ფრანკო მარტინის შეგირდების გამოუცდელობას უნდა დავაბრალოთ.
თამაშის დასკვნითი ნაწილი "სიონის" უპირატესობით წარიმართა. ტატანაშვილის თავურის შემდეგ ბურთი კარს ზემოდან გადასცდა. მერე კი გაფრინდაშვილმა მაგარი პასი მისცა მედინას, რომელმაც დაარტყა, მაგრამ გოშაძემ სასწაული რეაქცია გამოავლინა და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
"სიონის" ბოლო შანსი ვარლამ კილასონიას (უმცროსი) ჯარიმა იყო და ბურთი ისევ გოშაძის ნადავლი გახდა.
საბოლოოდ, სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ფრე მასპინძელს ორი ქულის დაკარგვად უნდა ჩავუთვალოთ, სტუმრისთვის კი ის აშკარად მონაპოვარია.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური
19.03. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი-საბურთალო 0:0
სიონი: მერლანი, ფოფხაძე (46. ვასაძე), კილასონია, ჯაფიაშვილი, გაფრინდაშვილი, რაზმაძე, გოგობერიშვილი (46. ლუის ვიეირა მედინა), მანჯგალაძე, კობახიძე (72. გოგინაშვილი), ტატანაშვილი, გიორბელიძე.
სათადარიგოები: ნანიევი, შალამბერიძე, გურეშიძე, ოთარაშვილი
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
საბურთალო: გოშაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი, გოშთელიანი, ხორხელი (53. რუხაძე), ფანცულაია (75. ალთუნაშვილი), ბიძინაშვილი (59. გვარაძე), ტერა, კოხრეიძე, სოფრომაძე.
სათადარიგოები: ქურდაძე, ქოჩორაშვილი, მეგრელაძე, ლაკვეხელიანი
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო მარტინი
გაფრთხილება: მანჯგალაძე (30), ფანცულაია (76), მარგველაშვილი (83)
არბიტრი: ბ. ნინუა
ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 11
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10
XXII ტური
1 აპრილი, პარასკევი
ლოკომოტივი-საპოვნელა
2 აპრილი, შაბათი
დილა-სამტრედია
საბურთალო-შუქურა
დინამო (ბთ)დინამო (თბ)
მერანი-სიონი
ზუგდიდი-გურია
ტორპედო-ჩიხურა
კოლხეთი-ცხინვალი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული