უმაღლესი ლიგის XXI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
სამდღიანი ტური, როგორც ვივარაუდეთ, საინტერესო გამოდგა და ერთი-ორი მოულოდნელი შედეგიც დაფიქსირდა. რამდენიმე გამოსარჩევი ფაქტიც მოხდა, თუმცა ამ ყველაფერზე ქვემოთ, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ უმაღლეს ლიგაში თითქმის ორკვირიანი პაუზა გამოცხადდა - ამ და მომდევნო კვირაში ხომ საქართველოს 19-წლამდელთა, ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებს ოფიციალური და ამხანაგური მატჩები აქვთ ჩასატარებელი...

ინტრიგა დაბრუნდა?
გასული ტურის ცენტრალური მატჩი, რაღა თქმა უნდა, მიმდინარე გათამაშების ლიდერის, თბილისის "დინამოსა" და ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონის სტატუსის მქონე "დილას" დაპირისპირება უნდა ყოფილიყო და ასეც მოხდა.

შეგახსენებთ, ამ ტურამდე "დინამო" 14
ქულით უსწრებდა გორელთა გუნდს და მორიგი წარმატების შემთხვევაში კონკურენტს, ფაქტობრივად, საბოლოოდ ჩამოიცილებდა. თუმცა, დინამოელთა მართლაც შთამბეჭდავი და ხანგრძლივი სერია შეწყდა: სწორად არჩეული ტაქტიკითა და კიდევ სხვა კომპონენტთა ერთობლიობით, "დილამ" ჩემპიონატს გარკვეული ინტრიგა დაუბრუნა.

აღსანიშნავია, რომ "დინამოს" ამ შეხვედრამდე ჩემპიონატსა და თასზე თითქმის ექვსთვიანი (17-მატჩიანი) წაუგებელი სერია ჰქონდა, მაგრამ უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დილამ" კონკურენტს ეს სერიაც შეაწყვეტინა და, რა თქმა უნდა, საკუთარი ისტორიაც დაწერა.

საქმე ისაა, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში "დილას" ამ ტურამდე მხოლოდ ორჯერ ჰყავდა დამარცხებული თბილისის "დინამო" და აი, მესამე გამარჯვებაც; თანაც, "დილამ" შეძლო და ამ სეზონში ორივე დაპირისპირება მოუგო ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, მსგავსი შედეგი კი საქართველოს ჩემპიონატების 26-წლიან ისტორიაში ერთეულ გუნდებს ("სამტრედია", "ტორპედო", "ვიტ ჯორჯია") თუ ჰქონიათ...

მოკლედ, მართლაც საამაყოდ უნდა ჰქონდეს საქმე გორელთა გუნდის ახალგაზრდა თავკაცს, უჩა სოსიაშვილს, რომელმაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწორად არჩეული ტაქტიკის წყალობით აჯობა თავის სლოვაკ კოლეგას.

სხვათა შორის, იურაი იარაბეკის რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება, ცოტა არ იყოს, საკამათოც იყო: ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, წინა ტურში "ზუგდიდთან" სტუმრად მოგებულ მატჩში ლომის წილი რომ შეიტანა; აღარაფერს ვამბობთ "დინამოს" კაპიტნისა და მიმდინარე ჩემპიონატის, უდავოდ, საუკეთესო ფეხბურთელის, ალექსანდრე იაშვილის ასევე სათადარიგოთა სკამზე გამწესებაზე - "იაშკა" მოედანზე მხოლოდ შესვენების მერე გამოჩნდა...

შედეგიანობის ანტირეკორდი
საინტერესო ტური კი გამოვიდა, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ სწორედ ახლა დამყარდა მიმდინარე სეზონის ანტირეკორდი შედეგიანობის თვალსაზრისით - 8 მატჩში მხოლოდ 8 (რვა!) გოლი გავიდა.

აქამდე ყველაზე ცოტა გოლი XVIII ტურში გავიდა (15) და ის ფაქტი არ მოგვეწონა, ახლა კი, საერთოდ, მინიმალური რაოდენობის გოლები ვიხილეთ და ასეთი დაბალი შედეგიანობის მიზეზი რა იყო, ძნელი სათქმელია...

გასულ ტურში კიდევ ერთი ანტირეკორდი დამყარდა: სეზონის დასაწყისიდან პირველად მოხდა, როცა ერთ ტურში ოთხი უგოლო ფრე დაფიქსირდა.

საინტერესო სერიები
თბილისის "დინამოს" 17-მატჩიანი წაუგებელი სერიის დასრულებაზე ზემოთაც ვისაუბრეთ. ახლა კი სხვა გუნდების სერიებზეც ვთქვათ და, უპირველეს ყოვლისა, "სამტრედიის" წარმატებული სერიის აღნიშვნა გვინდა: გია ცეცაძის გუნდს ზედიზედ 5 მოგების გარდა, ჩემპიონატში უკვე 9-მატჩიანი სერია აქვს!

აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ "სამტრედიის" გარდა, მეორე წრეში დაუმარცხებლად კიდევ ერთი გუნდი ასპარეზობს - "სიონი", ოღონდ ვარლამ კილასონიას გუნდს საკადრო პრობლემებთან ერთად ფრეებიც მოუმრავლდა.

თავის მხრივ, "დილამ" დაარღვია უსიამოვნო სერია, რომელიც ოთმატჩიან მოუგებელ სერიას უკავშირდებოდა. აი, რამდენიმე გუნდი კი კვლავაც ვერ ახერხებს გარკვეული კრიზისული პერიოდის დაძლევას: "ცხინვალი", "ლოკომოტივი" და "ზუგდიდი" უკვე ექვსი ტურია ჩემპიონატში მოგებას ვერ ახერხებენ...

შერგელაშვილის სტანდარტულები
ამ მწირგოლიან ტურში ერთი დუბლი მაინც შესრულდა: "სამტრედიის" მარცხენა მცველმა, 24 წლის ლაშა შერგელაშვილმა "ზუგდიდის" კარში ორი გოლი გაიტანა და ორჯერვე ზუსტად შესრულებული "სტანდარტულებიდან" იხეირა.

აღსანიშნავია, რომ შერგელაშვილმა მარტის თვეში უკვე ორჯერ შეასრულა დუბლი.

სუპერშემცვლელი!
"ჩიხურას" 23 წლის გარემარბი მიხეილ სარდალიშვილი კარიერაში, უდავოდ, გამორჩეულ სეზონს ატარებს და 8 გოლით საჩხერელთა გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია (ამდენივე გაიტანა თორნიკე მუმლაძემაც).

აღსანიშნავია, რომ ამ 8 გოლიდან სარდალიშვილმა 5... შეცვლაზე შესულმა გაიტანა, რაც მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგია.

ასე მოხდა გასულ ტურშიც, როცა შეცვლაზე შესულმა სარდალიშვილმა, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, მეორე და გადამწყვეტი გოლი გაიტანა ბათუმის "დინამოს" კარში.

ლეგიონერები
გასულ ტურში კიდევ ორ ლეგიონერს ჰქონდა დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში და ორივეს - ჭეშმარიტად ინტერნაციონალურ "გურიაში": 23 წლის მეკარე ალეკსანდარ იოვანოვიჩს (სერბეთი) და 25 წლის მცველს, პატერსონ კაბორეს (ბურკინა ფასო). სერბი ჩვენს ჩემპიონატში ბევრი გვინახავს, აი, კაბორე კი პირველია, პატივი რომ დაგვდო და ბურკინა ფასოდან გვესტუმრა...

არაერთხელ აგვიღნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონი მართლაც განსაკუთრებულია ლეგიონერ-მწვრთნელთა სიმრავლით. ჩვენს უმაღლეს ლიგაში დღესდღეობით 6 უცხოელი სპეციალისტი საქმიანობს - იურაი იარაბეკი (სლოვაკეთი), ალეკსანდრ შტელინი, იური ბაკალოვი (ორივე - უკრაინა), ვიკტორ დემიდოვი (რუსეთი), ჟერარდ სარაგოსა მულეტი, პაბლო ფრანკო მარტინი (ორივე - ესპანეთი).

ამათგან ყველაზე გვიან საქართველოში მარტინი ჩამოვიდა და ისიც უნდა ვთქვათ, რომ "საბურთალოს" ეს საკადრო ცვლილება აშკარად წაადგა: ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ამ ახალგაზრდულმა გუნდმა ბოლო ორ მატჩში 4 ქულა მოაგროვა.

სხვა ფაქტები
გასულ ტურში კიდევ რამდენიმე გამოსარჩევი ფაქტი მოხდა. ასე მაგალითად, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა "ჩიხურას" 20 წლის ახალწვეულმა დავით ვოლკოვმა.

მისმა გამოცდილმა კოლეგამ, 30 წლის თეიმურაზ ღონღაძემ ("დილა") კი მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა, თანაც - ვის კარში!

აღსანიშნავია, რომ უნივერსალ ღონღაძეს ადრეც გაუტანია თბილისის "დინამოს" კარში გოლი და მაშინაც - გადამწყვეტი მნიშვნელობის, ოღონდ იმ დროს "ზესტაფონში" თამაშობდა.

კიდევ ერთი მეგოლე უნდა გამოვარჩიოთ - "ლოკომოტივში" დაბრუნებულმა 29 წლის დავით ჩაგელიშვილმა საქართველოს ჩემპიონატში თითქმის 5-წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო თავის გამოჩენა.

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ო. მარცვალაძე (დილა) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი) 13
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 11
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კვასხვაძე თუ ამ სიმბოლურში ყოფნას არ იმსახურებდა და აღარ ყოფილა საშველი კაცმა სამი ასპროცენტიანი გოლისაგან იხსნა "ტორპედო",...
კახუჩელა
15:30 22-03-2016
0
ძალიან უსამართლოდ დგება ეს სიმბოლური ვინც სიონი საბურთალოს მატჩზე იყავით ყველაზე გამორჩეული იაშვილი იყო მთელი თამაშის განმავლობაში სიონის შემტევი ვერ გაცდა . გახილეთ თვალები !!!! უსამართლობააააააა
luka_luka
16:26 22-03-2016
0

სიახლეები პოპულარული