შეგახსენებთ, რომ თემქაზე მდებარე "შატილის" სტადიონზე "მარკ სტარსმა" გურჯაანის "ალაზანს" უმასპინძლა. შეხვედრა 84-ე წუთზე ჩაიშალა, რადგან მოედანზე "მარკ სტარსის" გულშემატკივრები შეიჭრნენ, რასაც ჩხუბი მოჰყვა. მოგვიანებით, გარჩევები მოედნის გარეთ გაგრძელდა, სადაც "ალაზანის" 2 მოთამაშე - გიორგი მურველაშვილი და არჩილ ბოყაშვილი დაჭრეს.
გამოძიება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ხულიგნობის ბრალდებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხულიგნობის ბრალდებით 24 წლის ახალგაზრდა დააკავა.
"უპირველესად, გვინდა
"მარკ სტარსი" ემიჯნება ამ ფაქტს და გმობს მომხდარს. ვიმედოვნებთ, გამოძიება სწრაფად გამოავლენს ინციდენტის მონაწილეებს და დასჯის.
ჩვენი მხრივ, გამოძიებას ჩვენს ხელთ არსებული ყველანაირი მასალა მივაწოდეთ, მაგრამ აქვე დავძენთ, რომ ინციდენტში მონაწილეობა "მარკ სტარსის" არც ერთ ფეხბურთელს არ მიუღია - ჩხუბში გარეშე პირები იყვნენ ჩართულნი, ორივე გუნდის ფეხბურთელები კი მხოლოდ მათ განეიტრალებასა და დამშვიდებას ცდილობდნენ.
მომხდარს ჩემპიონატში მონაწილე გუნდები გამოეხმაურნენ და უმრავლესობამ მხარდაჭერა აღგვითქვა", - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.
ამავე დროს, "მარკ სტარსის" ხელმძღვანელობა ბრალდებებსაც გამოეხმაურა:
"თანადგომასთან ერთად, იყო გამონაკლისები და ამ მძიმე ვითარებაში უაზრო ბრალდებები წაგვიყენეს - თითქოს, მსაჯებზე ზეწოლის შედეგია, რომ მათ არც ერთი ფეხბურთელი არ გააძევეს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მოედანზე ჩხუბში "მარკ სტარსის" არც ერთი ფეხბურთელი არ მონაწილეობდა. ეს ფაქტი ვიდეორგოლში დადასტურებულია და ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვინც ამგვარ უპასუხისმგებლო და შეურცხმყოფელ განცხადებას აკეთებს, შეგვიძლია ვიდეო წარვუდგინოთ და თავადაც დარწმუნდებიან, რომ "მარკ სტარსის" არც ერთი ფეხბურთელი გასაძევებელი არ იყო".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"