"მარკ სტარსის" არგუმენტი: სრულად არ გადაიხადა და რას გვერჩისო?

AutoSharing Option
"ლელოს" გუშინდელ ნომერში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის ეგზოტიკური გუნდის, "მარკ სტარსის" გარშემო ატეხილ ამბავზე ვწერდით.

კოტდივუარელი ფეხბურთელი პატრიკ საინტ ელი ამტკიცებდა, რომ "მარკ სტარსის" პრეზიდენტმა, ნიგერიის მოქალაქე კელვინ ოტუს ბლექმა მოატყუა - თითქოს, ბლექმა გუნდში სინჯების საფასურად 400 დოლარი სთხოვა, მერე 300-ზე შეთანხმდნენ, ფულიც გამოუგზავნა, მაგრამ ნიგერიელი მასთან კონტაქტზე აღარ გადის...

შეგპირდით, რომ ამ საკითხზე მეორე მხარის კომენტარსაც შემოგთავაზებდით. "ლელოს" "მარკ სტარსის" წარმომადგენელი ბექა ჭავჭანიშვილი დაუკავშირდა.

"პატრიკ საინტ ელს გავუგზავნეთ სპეციალური
ფორმა (სინჯებთან დაკავშირებით), რომლის შევსებისას მითითებული იყო, რომ ის საქართველოში სინჯებზე ჩამოდიოდა და ამის საფასური 400 დოლარი იყო.

საქართველოში მისი ტრანსპორტირებისა და დაბინავების ხარჯებს თავის თავზე იღებდა კლუბი. ამ თანხიდან კოტდივუარელმა მხოლოდ 300 დოლარის გადახდა შეძლო. თანხის სრულად დასაფარავად დრო მიეცა, რის შემდეგაც კლუბის მოსაწვევი გაეგზავნებოდა, მხარეთა შეთანხმებით კი, დამატებითი ღირებულების ანაზღაურების შემთხვევაში, "მარკ სტარსი" ვიზის მიღებაში დაეხმარებოდა.

მაგრამ ვალდებულებით გათვალისწინებული პირობა დაარღვია, თანხა სრულად არ გადაიხადა და კლუბმა მასთან ურთიერთობა შეწყვიტა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია, რის საფუძველზე ითხოვს ის 300 დოლარის დაბრუნებას?

კლუბის მუშაობა და საქმიანობა არის სრულიად გამჭვირვალე და ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით სიმართლის დადგენა ყოველთვის იყო და იქნება "მარკ სტარსის" ინტერესში", - ამბობს ჭავჭანიშვილი.

ის "მარკ სტარსში" გაკეთებულ საქმეზეც გველაპარაკა:

"ჩვენი სამწლიანი მუშაობის დროს დავაფუძნეთ საფეხბურთო აკადემია, გვყავს მესამე ლიგაში მოასპარეზე გუნდი, მეორე ლიგის "მარკ სტარსმა" კი მცირე დროში ქართულ საფეხბურთო წრეებში პოპულარობა მოიპოვა...

მიმდინარე სეზონში კლუბის მიზანი პირველი ლიგის საგზურის მოპოვებაა. ამ 3 წლის განმავლობაში გუნდში 200 ათასი ლარის ინვესტიცია ჩაიდო, დასაქმდნენ ფეხბურთელები, მათი კარიერული წინსვლა სწორედ ჩვენს კლუბში კარგი თამაშით გახდა შესაძლებელი...

ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენი კლუბის პრეზიდენტი წარსულში ცნობილი ნიგერიელი ფეხბურთელი კელვინ ოტუს ბლექი გახლავთ. ის საქართველოში კონკრეტული გეგმებით და მიზნებითაა ჩამოსული და კლუბის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს.

ჩვენთან რამდენიმე ათეული აფრიკელი ფეხბურთელი ვარჯიშობს და მათი შენახვის, დაბინავების და ყველა სხვა ხარჯი კლუბმა საკუთარ თავზე აიღო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სად არის კომენტარები გუსჰინდელი დღიდანნ კომენტარებს წერს ხალხი თქვენ კი არ დებთ რატო ? მაგაზე მაინც გაგვეცით პასუხი ადმინი რატო შლის კმენტარებს.. დაგავალეს წაშლა კომენტარების?
beqa
17:14 06-02-2016
0

სიახლეები პოპულარული