"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი

AutoSharing Option
მეორე წელიწადია, რაც რამდენიმე ქართული გუნდი ზამთრის მოსამზადებელ პერიოდს ნაყოფიერად იყენებს და საინტერესო ტურნირში მონაწილეობს. "მარკ სტარსის თასი" - ასე ჰქვია ამ ტურნირს, რომლის ორგანიზატორებიც საფეხბურთო კლუბ "მარკ სტარსის" პრეზიდენტი კელვინ ბლეკი და ამავე კლუბის სპორტული დირექტორი თენგიზ სულაქველიძე (უმცროსი) არიან...

შარშანდელი ტურნირის ფინალს რუსთავმა უმასპინძლა და საფეხბურთო კლუბ "რუსთავის" გამარჯვებით დასრულდა. აი, რაც შეეხება წლევანდელ გათამაშებას, მასში თავდაპირველად 6 გუნდი მონაწილეობდა: "რუსთავი", "მეშახტე", "გორი", "მარკ სტარსი", "მარკ სტარსი 2"
და "ვიტ ჯორჯია 2". ამ ექვსმა გუნდმა ერთ წრედ იასპარეზა და საბოლოოდ, ფინალში მონაწილეობის უფლება, როგორც მოსალოდნელი იყო, "რუსთავმა" და "მეშახტემ" მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები "მარკ სტარსის თასის" ჯგუფურ ეტაპზე ამ ათი დღის წინაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ გამარჯვება (4:2) ვარლამ კილასონიას დამოძღვრილმა "რუსთავმა" მოიპოვა. თუმცა, გუშინ მცხეთაში, "მცხეთა პარკზე" გამართულ ფინალში ტყიბულელთა გუნდმა იმარჯვა (2:1) და "მარკ სტარსის თასის" მეორე გათამაშების გამარჯვებულიც კახა გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მეშახტე" გახდა.

"მარკ სტარსის თასის" ფინალში გუნდებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს:

რუსთავი:
ალავიძე (88. მერლანი) - მინდორაშვილი (76. გოცაძე), ე. კილაძე (60. ნარიმანიძე), აფაქიძე (76. სამადაშვილი), გაფრინდაშვილი - ქათამაძე (60. ჩიკვაიძე), სიჭინავა - ციცვიძე, ცაცკრიალაშვილი, გოგინაშვილი - ჩიმაკაძე (69. კობახიძე).
მეშახტე: ნონოსი - კოჩიევი, აფხაზავა, მჭედლიშვილი, ჭოხონელიძე - კიკაბიძე, ყურულაშვილი - ვეკუა, გვენეტაძე, გედენიძე - ჭკუასელი; შეცვლებზე შევიდნენ: ქართველიშვილი, ჩუბინიძე, გ. ლობჟანიძე, ნვანკვო, ბრეგაძე.

ფინალურ მატჩში პირველი გოლი 59-ე წუთზე გიორგი ვეკუამ გაიტანა: "მეშახტეს" ახალწვეულმა პენალტი ზუსტად გამოიყენა; 72-ე წუთზე თავი ამჯერად "რუსთავის" ახალწვეულმა, რატი ცაცკრიალაშვილმა გამოიჩინა. და აი, როცა ყველა პენალტების მოლოდინში იყო, "მეშახტეს" ნიგერიელმა ლეგიონერმა მარტინს ნვანკვომ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ფინალურ მატჩში ორივე გუნდის შემადგენლობაში ახალწვეულებმა ითამაშეს; "რუსთავში" გააგრძელებს კარიერას 24 წლის ცენტრალური მცველი ნიკა აფაქიძე, რომელიც ზუგდიდის "ბაიას" აღზრდილია და ამ გუნდის გარდა, სხვადასხვა დროს უთამაშია ლიტვურ "ტრაკაიში", "შუქურასა" და "ზუგდიდში".

"რუსთავის" ღირსებას დაიცავს 23 წლის შემტევი ნახევარმცველი ცაცკრიალაშვილიც, რომელიც საფეხბურთო საზოგადოებამ "გაგრადან" გაიცნო, შემდეგ კი უმაღლეს ლიგაში "ცხინვალში", "საბურთალოსა" და "დილაში" თამაშობდა. რაც შეეხება "მეშახტეს", ტყიბულელთა გუნდში "გაგრას" ტანმაღალი მეკარე, 23 წლის ლევან ტყეშელაშვილი და ამავე გუნდის გარემარბი, 20 წლის გიორგი ვეკუა იასპარეზებენ. აღსანიშნავია, რომ ეს ორივე ახალწვეული თავის დროზე კახა გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით გამოდიოდა თბილისის "დინამო 2"-ში.

"რუსთავი" ხვალიდან შეკრებაზე გადადის (ადგილზე მოემზადება), აი, "მეშახტე" კი, სად ჩაატარებს საშინაო ოფიციალურ მატჩებს, ჯერ კიდევ უცნობია.

დაბოლოს, ისევ "მარკ სტარსის თასის" რიგით მეორე გათამაშებაზე, რომლის საუკეთესო ფეხბურთელად "რუსთავის" შემტევი ნახევარმცველი დათა სიჭინავა აღიარეს, საუკეთესო ბომბარდირი კი 9 გოლით ემეკა იბეჰი ("მარკ სტარსი") გახდა.

როგორც "მარკ სტარსის თასის" ორგანიზატორებმა, კელვინ ბლეკმა და თენგიზ სულაქველიძემ (უმცროსმა) გვითხრეს, ეს ტურნირი მომავალ წელსაც ჩატარდება და კვლავაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან პარტნიორობით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული