საბურთალო-შუქურა 3:2 - ფაქტობრივად, დარჩნენ... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანელი მწვრთნელის, პაბლო ფრანკო მარტინის ხელმძღვანელობით, "საბურთალო" აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას და ზედიზედ მეორე უხვგოლიან საშინაო მატჩში გამარჯვების შემდეგ უმაღლესი ლიგის ყველაზე ახალგაზრდულმა გუნდმა, ფაქტობრივად, გაინაღდა უძლიერესთა შორის დარჩენა.

სხვათა შორის, ეს პრობლემა აღარც "შუქურას" აწუხებს და ქობულეთელებსაც დიდად არ უნდა სწყენოდათ მარცხი; მით უფრო, რომ სტუმართა თავკაცს, თეიმურაზ შალამბერიძეს სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდა: სხვადასხვა მიზეზით სამი წამყვანი ფეხბურთელი (თორნიკე თარხნიშვილი, ადრიან პუკანიჩი, ირაკლი კომახიძე) ხომ აკლდა, ამას გარდა, სათადარიგოთა სკამზეც შვიდის ნაცვლად, ხუთი მოთამაშე ჰყავდა. ისე, "შუქურას" ძალზე რეალური შანსი
ჰქონდა, რომ თბილისიდან ქულა წაეღო, მაგრამ მატჩის მიწურულს მეტოქის მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ილია კერძევაძემ ოთო გოშაძეს ვერ აჯობა...

...შეხვედრის საწყისი წუთები მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა: გიორგი ხარაიშვილისა და გურამ გოშთელიანის აქტიურობას "მიჩვეულნი" ვართ, რომლებთაც არც ძირითადში დამკვიდრებული გიორგი კოხრეიძე ჩამორჩა.

ამის მიუხედავად, მატჩის პირველი სახიფათო (გნებავთ - რეალური) მომენტი სტუმრებმა შექმნეს: ტანმაღალმა ელგუჯა ლობჯანიძემ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და მისი ზუსტი პასის შემდეგ მერაბ ურიდია ეფექტურად ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ "საბურთალოს" ცენტრალურმა მცველმა გიორგი მამუჩაშვილმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

სამაგიეროდ, საპასუხო შეტევა გამოდგა შედეგიანი: მასპინძლებმა სწრაფი იერიში განახორციელეს და მეტოქის საჯარიმოში მყოფმა გიორგი ფანცულაიამაც ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. სტუმრები დიდხანს არ დარჩენილან მდევრის როლში: რევაზ გეწაძემ მარცხენა ფლანგიდან თავის საფირმო "ცაციათი" ძლიერად დაარტყა ახლო კუთხეში, ძელიდან გადმოვარდნილი ბურთი კი ურიდიამ უპრობლემოდ აქცია გოლად.

ტაიმის ბოლომდე ორივე გუნდს კიდევ ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ შემტევების დარტყმებს სიზუსტე აკლდათ: გურამ გოშთელიანმა ვერაფერი მოუხერხა აზამატ ჯიოევს, ისე, როგორც - გიორგი ფანცულაიამ, ხოლო ელგუჯა ლობჯანიძემ ეფექტური ინდივიდუალური გარღვევა ოდნავ არაზუსტი დარტყმით დაასრულა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრები ბევრად აქტიურად გამოიყურებოდნენ და ერთ ეპიზოდში რეალური შანსიც მიეცათ, მაგრამ ლაშა თოთაძემ საკუთარი გუნდი აშკარა ხიფათს გადაარჩინა.

მერე უკვე "საბურთალო" გამოცოცხლდა და ამაში ლომის წილი ნოდარ იაშვილს მიუძღვოდა: მასპინძელთა რეაქტიულმა მარჯვენა მცველმა ჯერ გოშთელიანის მისამართით გააკეთა ჩინებული გამჭოლი გადაცემა, ერთ წუთში კი უკვე ფანცულაიას ჩაუწოდა და ამ უკანასკნელსაც ახლო მანძილიდან გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. თუმცა "შუქურამ" კიდევ ერთხელ შეძლო ანგარიშის გათანაბრება: მოუღლელი გრიგოლ დოლიძის კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს ზუსტად შეაგება თავი ნიკა აფაქიძემ.

მატჩი საყაიმო ანგარიშით რომ დამთავრებულიყო, უსამართლო შედეგს ვერ დავარქმევდით, თუმცა მასპინძლები მეტოქესთან შედარებით ბევრად უფრო მოტივირებულნიც იყვნენ და ამას "შუქურას" ცენტრფორვარდის, ელგუჯა ლობჯანიძის ტრავმაც დაემატა - "საბურთალომ" რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელა და აქედან ერთი - გოლით დასრულდა.

მასპინძელთა ახალწვეულ რატი ცაცკრიალაშვილის პირველ მცდელობას ჯიოევი ჩინებული რეაქციით გადაეღობა და ბურთი კუთხურზე მოიგერია, თუმცა სწორედ ამ "სტანდარტულს" მოჰყვა მატჩის ბოლო და გადამწყვეტი გოლი - ცაცკრიალაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ამჯერად უკვე ზუსტად დაარტყა და "საბურთალოს" წარმატებული სვლაც გააგრძელა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXII ტური
02.04. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)
საბურთალო-შუქურა 3:2
გოლები: 1:0 ფანცულაია (28. გოშთელიანის პასით), 1:1 ურიდია (31), 2:1 ფანცულაია (60. იაშვილის პასით), 2:2 აფაქიძე (67. დოლიძის პასით), 3:2 ცაცკრიალაშვილი (73)
საბურთალო (4-1-4-1): გოშაძე - ნ. იაშვილი, მამუჩაშვილი, თოთაძე, სოფრომაძე - ტერა - კოხრეიძე (56. გვარაძე), ცაცკრიალაშვილი (85. ალთუნაშვილი), ხარაიშვილი, ფანცულაია - გოშთელიანი (77. რუხაძე).
სათადარიგოები: ლაკვეხელიანი, ბიძინაშვილი, ხორხელი, ჩოჩიშვილი
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო მარტინი
შუქურა (4-2-3-1): ჯიოევი - გეგეჭკორი, აფაქიძე, ზ. მალანია (73. კალანდაძე), ჩალაძე - მოსიაშვილი, ბრაჭული - დოლიძე, ურიდია, გეწაძე (62. ი. კერძევაძე) - ე. ლობჯანიძე (69. ჭანუყვაძე).
სათადარიგო: გორმოზაშვილი, სტურუა
მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
გაფრთხილება: სოფრომაძე (14), ტერა (42), დოლიძე (50)
არბიტრი: გ. ავაზაშვილი.

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ო. მარცვალაძე (დილა) 14
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12
ჯ. ჯიღაური (დინამო (თბ) 12

მომდევნო, XXIII ტური
6 აპრილი, ოთხშაბათი
სიონი-ზუგდიდი
ჩიხურა-ცხინვალი
შუქურა-მერანი
სამტრედია-დინამო (ბთ)
ლოკომოტივი-კოლხეთი
საპოვნელა-საბურთალო
გურია-დილა
დინამო (თბ)-ტორპედო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეჰ მეტი არაა ჩემი მტერი რამე ეშველოს ქართულ ფეხბურთს ასეთი მატჩებით გვინდა ქართული ფეხბურთის დონემ აიწიოს ერთერ საქართველოს ჩემპიონატის მატჩზე გახლდით სადაც მითხრეს ქობულეთს მაინც არაფერი დარჩენია და ამ მატჩს უეჭველი წააგებსო ძალიან მაინტერესებდა მის სიმართლეში დავრწმუნებულიყავი და სულმოუთქმელად ველოდი როდის დაიდებოდა ამ მატჩის მიმოხილვა რამაც კიდევ ერთხელ მოჰფინა ნათელი მის სისწორეს და დამარწმუნა რომ ქართული ფეხბურთი სულ სიბინძურეშია გახვეული საიდანაც დამოსვლა საკმაოდ ძნელი იქნება და ტყუილად გვპირდებიან უკეთესობას გადაახვიეთ ეს ვიდო და დარწუნდებით თუ როგორ აშკარად ატარებენ ცენტრალური მცველები საბურთალოს თავდამსხმელებს საკუთარი კარისაკენ და როგორი ლამაზი სპექტაკლი დაიდგა ,ხოლო როგორ არ უხარია პირველი გოლის შემდეგ ანგარიშის გათანაბრება არცერთ ქობულეთელ ფეხბურთელს და როგორ მოვალეობის მოხდის მიზნით ულოცავენ თანაგუნდელს ეს ხომ აშკარააა არაფერს ვამბობ გატანილ გოლებს ყველა მომენტში სტუმართა მცველები აგვიანებენ და თავისუფლად ბურთის მიღების საშუალება აძლევენ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს გაახილეთ ხალხო თვალი სად ვბანაობთ და შენ ფედერაცია რას აკეთებ ასეთ ჩაშვებულ მატჩებს თუ ვერ ხედავ
kukuta
12:47 05-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული