მიხეილ აშვეთია: დასამალი არ არის, რომ საკმაოდ ვღელავ

AutoSharing Option
ფოტოზე: მიხეილ აშვეთია და ალექსანდრ შტელინი "ტორპედოს" ვარჯიშზე
დღეს, 6 აპრილს, XXIII ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება - თბილისის "დინამო" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს.

უმაღლესი ლიგა. XXIII ტურის წინ: როცა "ქართული კლასიკო" ყველაფერს ჩრდილავს

თამაშის წინა დღეს ქუთაისელთა სამწვრთნელო შტაბში ცვლილებება მოხდა, ოღონდ, როგორც "ტორპედოს" პრესსამსახური აცხადებს, ეს ცვლილება დროებითია. საქმე ისაა, რომ ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ შტელინი ბოლო პერიოდში გულის ტკივილს უჩიოდა და ერთი კვირის წინათ კორონარული არტერიის სტენტირებაც ჩაუტარეს.

"ტორპედოს" პრესსამსახურის ცნობით, უკრაინელ სპეციალისტს სარეაბილიტაციოდ გარკვეული
დრო სჭირდება, მანამდე კი გუნდს მისი ასისტენტები - მიხეილ აშვეთია და გიორგი სუხიაშვილი გაუძღვებიან. ასე იქნება ორ მატჩში - დღეს "დინამოსთან" და 10 აპრილს "სამტრედიასთან".

შტელინი გუნდს ამის შემდეგ დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რომ "ტორპედოსთან" კონტრაქტი უკრაინელს მაისის ბოლოს უმთავრდება. ახლა კი მცირე ინტერვიუ, რომელიც მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელ მიხეილ აშვეთიას ჩამოვართვით:

- რა ხდება რეალურად? "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ შტელინი გუნდიდან გაუშვა?
- მეც ისე ვიცი, რაც ითქვა. მე და გიორგი სუხიაშვილი გუნდს მხოლოდ ორ შეხვედრაში ვუხელმძღვანელებთ, რის შემდეგაც მთავარი მწვრთნელი პოსტს დაუბრუნდება.

- ოთხშაბათს ისეთი მატჩია, რომელსაც გულშემატკივარი მთელი წელი ელოდება. თქვენთვის კი უფრო მნიშვნელოვანიც არის, რადგან მთავარი მწვრთნელის როლში გუნდს მოედანზე პირველად გაიყვანთ...
- დასამალი არ არის, რომ საკმაოდ ვღელავ. "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელობა ერთი თამაშითაც დიდი პასუხისმგებლობაა, მით უფრო, ასეთ პრინციპულ შეხვედრაში.

მეორე მხრივ, თბილისის "დინამო" ჩემი ყოფილი კლუბია, დღემდე უზომოდ მიყვარს და მის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა.

წინა მატჩი საკუთარ სტადიონზე "ჩიხურასთან" წავაგეთ და ახლა გვაქვს შანსი, რომ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია მოვახდინოთ.

- შანსებს როგორ შეაფასებთ?
- "დინამო" ჩემპიონატის ლიდერია და მესმის, რომ ფავორიტად ყველა მას მიიჩნევს, მაგრამ, მეორე მხრივ, "ტორპედო" რაც უნდა მძიმე დღეში იყოს, "დინამოსთან" ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაციითა და მონდომებით თამაშობს.

ვეცდებით, ახლაც მაქსიმალური მონდომებით ვითამაშოთ. არ ვაჭარბებ - ჩვენი ფეხბურთელების მჯერა და დარწმუნებულიც ვარ, ისეთი კარგი შემადგენლობა გვყავს, მე-8 ადგილს არ ვიმსახურებთ. ამ გუნდს გაცილებით მეტის პოტენციალი აქვს და იმედია, "დინამო არენაზე" მოსულ გულშემატკივარს ამაში დავაჯერებთ.

- "ჩიხურასთან" მატჩის კადრებიდან ისე ჩანდა, თითქოს ბალახის საფარი კვლავ არ არის სასურველ მდგომარეობაში...
- არა, არა, ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე იყო. გარედან ასე იმიტომ ჩანს, რომ გაფუჭებულ ადგილებზე ახალი ბალახი ამოვიდა. ჯერ მინდორი იდეალური არ არის, მაგრამ სათამაშოდ ნამდვილად ვარგა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები მიხეილ აშვეთიას და თუ კი მთლიანად ანდობენ ახალი სეზონიდან უკეთესი იქნება!!!
გაგა
15:32 06-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული