მარტში "სამტრედიამ" სამივე შეხვედრა მოიგო და იმერული კლუბის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე "ლელომ" თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.
"ლელომ" მარტის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დააჯილდოვა
ცეცაძემ და კომპანიამ მოგებათა სერია ბოლო ტურშიც გააგრძელა, გორში უშუალო კონკურენტი "დილა" 2:1 დაამარცხა და 3 ქულით გადაასწრო.
დილა-სამტრედია 1:2 - დაუკმაყოფილებელი პრესტიჟი [VIDEO]
ახლა კი ინტერვიუ გია ცეცაძესთან:
- ჯერ ბოლო მატჩით დავიწყოთ. გორში "დილასთან" გამარჯვებას, სატურნირო თვალსაზრისით, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა...
- რა თქმა უნდა, გამარჯვება ძალიან მახარებს, მით უფრო - გასვლაზე და თანაც კონკურენტთან. მაგრამ ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ, რომ ამ თამაშით კმაყოფილი არ ვარ. თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ.
- სეზონი გამოუცდელი ფეხბურთელებით დაიწყეთ და გუნდი თავიდან არასტაბილურად თამაშობდა. ამიტომ თქვენგან მეორე წრეში ასეთ ნახტომს არავინ ელოდა...
- ახლა რაც ხდება, ამაში გარკვეული კანონზომიერება არის. თამაშის გაუმჯობესება ნამდვილად მოვახერხეთ და აქ აუცილებლად აღვნიშნავ ფეხბურთელების როლს - გვენდობიან და ყველანაირად მოგვყვებიან, რაც პროგრესისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
მაგრამ ვერ დავიჩემებ, რომ ამ 8 თვეში გუნდი ისე მოვამზადე, რომ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდებით. მეტ-ნაკლებად ნორმალური მიზანი რომ დავისახოთ, ამას, მინიმუმ, 2-წლიანი გეგმაზომიერი მუშაობა, სტაბილური გარემო და ოდნავ მაღალი დონის ჩემპიონატი სჭირდება. მაგრამ ჩვენი მიზანი სწორედ ასეთი გუნდის ჩამოყალიბებაა.
- ამის მაგალითია საჩხერის "ჩიხურა". არც ისე მაღალი დონის მოთამაშეებით, ეს გუნდი ევროპალიგის პლეი ოფს მიუახლოვდა, რადგან ორი წლის განმავლობაში სტაბილური შემადგენლობით თამაშობდა...
- ასეა მთელ მსოფლიოში, თუ ისეთ კლუბებს არ ჩავთვლით, რომელთაც დიდი ბიუჯეტები აქვთ და ვარსკვლავების მიწვევა შეუძლიათ. თუმცა შეთამაშება ასეთ გუნდებსაც სჭირდებათ.
ჩვენთან კარგი ისაა, რომ მწვრთნელები და ფეხბურთელები ერთი აზრით ვცხოვრობთ და ჩვენს თამაშს ეს ერთსულოვნება აშკარად ეტყობა. მიხარია, რომ ისეთი ფიზმომზადების მწვრთნელი გვყავს, როგორიც თემურ ლორთქიფანიძეა; რომ მეკარეებს ეროვნულ ნაკრებში წლების განმავლობაში ნამუშევარი მამუკა აბუსერიძე ავარჯიშებს, მანამდე კი გელა ჭანტურია იყო... ბოლოდროინდელი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის.
- ბევრი კი მიიჩნევს, რომ თქვენი წინსვლის მიზეზი კახა კალაძეა. ამტკიცებენ, რომ ის თავისი რაიონის გუნდს "ქაჩავს"...
- (იცინის) კი, კახა მაგრად გვეხმარება, გადაცმული თამაშობს, სხვისი გვარით... მაგრამ კონკურენტებს რომ ვუგებთ, იქ ვინღა გვეხმარება?!
ჩვენი სამწვრთნელო სტაფი გულიანად მუშაობს, ბიჭები ვარჯიშსა და მოედანზე თავს დებენ და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენს წარმატებას ვინმემ ასეთი აბსურდული საფუძველი თუ მოუძებნა, სასაცილოა და ამაზე სერიოზულად პასუხის გაცემა არც ღირს. გულსატკენი ის კი არ არის, ასეთ ჭორებს რომ იგონებენ, არამედ ის, რომ საქართველოში ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა და აღარც გვიკვირს. სამწუხაროდ, ენას ძვალი მართლაც არ აქვს.
- გარიგებული თამაშები ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ მეორე წრეში მათი რაოდენობა შემცირდა და ეროვნულ ჩემპიონატში ვითარება სწორედ ამან შეცვალა?
- მეც ასე მგონია. ჯერ წინ არც საფეხბურთო ინფრასტრუქტურით მივიწევთ და არც საფეხბურთო დონით. ერთადერთი, მე როგორც მგონია, წინსვლა ამ კუთხით მართლაც არის და ეს ჩემპიონატის დონის ამაღლების წინაპირობა უნდა გახდეს. იმედია, არ ვცდები. ჩემი აზრით, ფეხბურთის განვითარებისთვის ყველაზე მთავარი სწორედ ესაა და მერე - ინფრასტრუქტურა...
სხვათა შორის, ჩემპიონატის დონეზე ძალიან დიდ გავლენას მისი გაშუქება თუ გაუშუქებლობა ახდენს. კიდევ კარგი, ამას "ლელო" და კიდევ რამდენიმე გამოცემა ცდილობს. თვის მწვრთნელობა ჩემთვის რატომ გახდა დიდი სიხარული? იმიტომ, რომ ფეხბურთში მთავარია, ხალხმა და მედიამ დაგაფასოს.
2013 წელს ჩემი 19-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ და წლის გუნდად დაასახელეს, მე კი - წლის მწვრთნელად. მაგრამ მას შემდეგ სამი წელი გავიდა და უზომოდ გამიხარდა, "ლელომ" თვის მწვრთნელად პირველად რომ დამასახელა...
რაც შეეხება გულშემატკივარს, მიხარია, რომ ვარ იმ გუნდის მთავარი მწვრთნელი, რომელსაც გამორჩეული გულშემატკივრები ჰყავს, ვინც შინ და გარეთ დაგვყვება და უზომო მხარდაჭერას გვაგრძნობინებს. ეს ხალხი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"