[ოთხშაბათის საკითხავი] სად არის კერძო სექტორი?

AutoSharing Option
ვინც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს თვალს ადევნებს, არა მგონია, არ დამეთანხმოს - წლევანდელი პირველობის დონე იმდენად დაბალია, რომ ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს. ფაქტია, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ისიც ფაქტია, რომ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებამ ბევრი რამ სასიკეთოდ უნდა შეცვალოს, მაგრამ...

ეს პროგრამა ვერ იქნება ქმედითუნარიანი, თუ ქართული ფეხბურთით კერძო სექტორი არ დაინტერესდა...

ვინ მოთვლის, რამდენ ადამიანს ჩაუდია ფული ქართულ ფეხბურთში. ყველაზე თავს ვერ დავდებთ და, არაერთი მათგანი მართლაც რომ წრფელი სიყვარულით ემსახურებოდა და
დღესაც ემსახურება ქართულ ფეხბურთს. საუბედუროდ, დღეს ჩვენს ფეხბურთში კერძო ინვესტორი სანთლითაა საძებარი. არადა, ცოტა ხნის წინ ასე არ იყო.

აქსიომაა: კერძო ინვესტორის მიერ დაფინანსებული კლუბი უფრო თანამედროვე რელსებზე დგას, უფრო ფიქრობს მომავალსა და ინფრასტრუქტურაზე...

ჩვენი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებს რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ, რომ იქ ძირითადად კერძო კლუბების მიერ აღზრდილი ფეხბურთელები თამაშობენ. ჩვენ გვყავს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კლუბები, ამ უკანასკნელთ კი ჰყავთ ქომაგი და მათ გარეშე დღეს ქართულ ფეხბურთს არსებობა გაუჭირდება, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ თავს ვიტყუებთ.

განა, რა პროგრესზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როცა ესა თუ ის კლუბი გამგებლის ან გუბერნატორის პირად სურვილებზეა დამოკიდებული; როცა ის თვიდან თვემდე სახელმწიფოსგან ელის წყალობას.

ცალკეა გაბერილი შტატები, ახლობლობისა და ძმაკაცობის ყბადაღებული თემა, რომელიც, განსაკუთრებით, სახელმწიფო კლუბებში იჩენს თავს. ისეთი შემთხვევებიც ვიცით, რომ გუნდში უშუალოდ... საკრებულოს მაღალჩინოსნებისა თუ გამგებლის რეკომენდაციით მიუღიათ ფეხბურთელი...

ქართულ საკლუბო ფეხბურთში აუცილებლად უნდა დაიწყოს შემოტრიალება და ამ შემოტრიალების მთავარი შემოქმედნი კერძო ინვესტორები უნდა იყვნენ. მომავალი მათია.

ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთში არაერთი ისეთი ინვესტორი იყო, რომელთა გამოყენებაც ჩვენი ფეხბურთის საკეთილდღეოდ გაცილებით უკეთ შეიძლებოდა. ეგაა, თითქმის ყველა მათგანი გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ჩვენი საკლუბო ფეხბურთის უპერსპექტივობაში რწმუნდებოდა და მის მიერ დახარჯულ ერთობ სოლიდურ თანხას წყალში გადაყრილად მიიჩნევდა...

...და არც გაემტყუნებოდა, არადა, იმ გუნდების ნოსტალგია ჩვენში დღესაც ცოცხალია.

გახსოვთ "ამერი"? ამ გუნდმა ქართულ საკლუბო ფეხბურთში ახალი იმედი და სიო მოიტანა. გლდანში, ამერელთა პატარა და კოხტა სტადიონზე თამაშის ცქერა ერთი დიდი სიამოვნება იყო. იმ გუნდმა რამდენიმე დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარა ევროთასებზე...

მაგრამ გავიდა დრო და კლუბის მფლობელი ზურაბ ფოცხვერია მიხვდა - ქართულ ფეხბურთში ფულის ხარჯვა არ იყო მომგებიანი და პერსპექტიული საქმე.

თავის დროზე, "ვისოლს" ქუთაისის "ტორპედოს" ბევრი გულშემატკივარი ემდუროდა, მაგრამ, ჩემი სუბიექტური აზრით, მაშინდელი "ტორპედო" ახლანდელზე უკეთესი, პერსპექტიული გუნდი იყო. გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს "ვისოლს" ფეხბურთისკენ გახედვა აღარ უნდა.

ალბათ, ბევრს არ დაგვიწყებიათ "თბილისი". ეს გუნდი თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობდა. ამ გუნდმა შეიძინა ერთგული გულშემატკივარი. ამ გუნდს ჰყავდა საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ფეხბურთელები. და დღეს ეს გუნდი აღარ არის.

ვერავინ იტყვის, რომ კლუბის მეპატრონე თემურ უგულავამ "თბილისს" რამე დააკლო, მაგრამ მოხდა ის, რაც სხვა შემთხვევაში - უგულავამ ბევრი ითმინა, მოვლენებს დააკვირდა და ბოლოს წასვლა გადაწყვიტა.

სხვათა შორის, ის "თბილისი" არმიელთა სტადიონზე თამაშობდა, რომელიც დღეს... საერთოდ აღარ არსებობს. იმ ადგილზე ახლა კორპუსებია წამოჭიმული. როცა ამას ყოველდღე ხედავ, ქართული ფეხბურთის თუნდაც მცირე პროგრესზე წერა აზრს კარგავს.

ილია კოკაია და "ზესტაფონი". ზესტაფონში არის ბაზა და სტადიონი - საუკეთესოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურა. კლუბს თბილისშიც აქვს გამორჩეული ბაზა. კოკაიამ 40 მილიონი დაახარჯა "ზესტაფონს" და ის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ ფეხბურთიდან მოკვეთა...

მაგალითების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება. მგონი, საჭირო აღარ არის. ისედაც ყველაფერი ცხადია. ძალიან კარგი იქნება, თუ რამდენიმე წასული ინვესტორი მაინც დაბრუნდება, რა თქმა უნდა - ახალ ინვესტორებთან ერთად. ძველების სასარგებლოდ მათი საფეხბურთო გამოცდილება მეტყველებს.

რა თქმა უნდა, ეს არ იქნება იოლი პროცესი, მაგრამ დღეს ჩვენი საკლუბო ფეხბურთი ისეთ დღეშია, რომ იოლი საერთოდ არაფერი არ არის! უმთავრესი ისაა, ქართულ საკლუბო ფეხბურთში ფულის დამბანდებელ ინვესტორს დარჩეს იმის განცდა, რომ ის ფულს წყალში არ ყრის.

აქვე ალალი მადლობა რომან ფიფიას, გურამ რუხაძეს, ბესო ჩიხრაძეს, "საბურთალოს" შეფობას და იმ თითო-ოროლა კერძო ინვესტორს, ჯერაც რომ ემსახურებიან ქართულ ფეხბურთს...

მერე რა, რომ ყაზახეთია?..
გადაწყვეტილი ამბავია - საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ყაზახეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, ალმათის "ქაირათს" გაწვრთნის. სწორედ ამ გუნდს ავარჯიშებდა საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი.

როგორ უნდა შეფასდეს ცხადაძის კარიერისთვის ეს ნაბიჯი?

ჩვენ წლების განმავლობაში მივეჩვიეთ იმას, რომ ყაზახური ფეხბურთი ჩვენსას ვერ დაეტოლებოდა. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა. ყაზახებმა საკლუბო ფეხბურთში მაგრად გაგვასწრეს და სანაკრებო ფრონტზეც რომ არ ჩამოგვრჩებიან, ეს ერთად ვნახეთ ერთი კვირის წინ...

"ქაირათს" კარგი შემადგენლობა ჰყავს, ფინანსურადაც ულხინს და ყაზახეთის ჩემპიონობაც სურს. შემადგენლობა ტყუილად როდი ვახსენეთ: ცხადაძე-მწვრთნელისთვის ძალიან დიდი გამოწვევა უნდა იყოს ანდრეი არშავინთან და ანატოლი ტიმოშჩუკთან მუშაობა.

სხვისი არ ვიცი და, პირადად მე "ქაირათი" გაცილებით ძლიერი გუნდი, სხვა საფეხური მგონია, ვიდრე თუნდაც ბაქოს "ინტერი". ნუ დაგვავიწყდება, რომ ბოლო დროს ყაზახური კლუბები ევროთასებზე წარმატებებს მიეჩვივნენ.

მალე ზაფხული მოვა, მანამდე ცხადაძე თავის თარგზე მოჭრის გუნდს და დიდი იმედი გვაქვს, ევროტურნირებზეც კარგად ათამაშებს. ყაზახეთს კი ისეთი ჩემპიონატი აქვს, გასეირნებით თითქმის ვერავისთან გაისეირნებ. იქ მრავლად არიან კარგი ლეგიონერები სერბეთიდან, რუსეთიდან, ბალკანეთის ქვეყნებიდან, აფრიკიდან...

მოკლედ, ამ ეტაპზე, როცა სეზონი ჯერ არ დასრულებულა, "ქაირათი" მისაღები ვარიანტია, თუმცა მჯერა, ეს არ არის ცხადაძე-მწვრთნელის მწვერვალი და ის კარიერაში უფრო ძლიერ გუნდსაც გაწვრთნის.

ახლა კი სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ - ყაზახური ფეხბურთი ქართულზე წინაა! სხვა თუ არაფერი, სადღეისოდ იქაურ საკლუბო ფეხბურთში იმხელა ფული იხარჯება, ჩვენ რომ არც დაგვესიზმრება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვეთანხმები ყველაფერს მაგრამ ეს ცხადაძე რა შუაში იყო? ნუ დაგვღალეთ ამ ცხადაძით.
niko
07 აპრილი 2016 13:02
0
სანამ არ იქნება კერძო სექტორი, არ იქნება ფეხბურთი.
Cemo giga
06 აპრილი 2016 17:01
0
გამაგიჟებს ე ხალხი რა.

ანეგდოტია ეგეთი, ცოლი მთვრალ ქმარს არ უღებს კარებს და ქმარი ეუბნება, გამიღე ლამაზი ყვავილები მაქვს ლამაზი ქალისთვისო. გაუღო და ეკითხება სადაა ლამაზი ყვავილებიო, და ქმარი: და ლამაზი ქალი სადააო? :D

ანალოგიურად, სად არის კერძო სექტორიო; და ფეხბურთი სადაა?
giga
06 აპრილი 2016 16:40
0
ძალით ფულს არავინ ჩადებს ფეხბურთში. ეს 5 წელი იმიტომ აიღეს რომ სიტუაცია გამოსწორდეს, რაღაც დონემდე. მერე იმ დაბალ დონეზე 5 წელი სახელმწიფო შეგინარჩუნებს სტაბილურად. სადაც სტაბილურობაა იქ ბიზნესი უფრო მიდის, რადგან გათვლა უფრო ადვილია. გარდა ამისა 10 გუნდა ჩემპი გაზრდის კონკურენციას ფეხბურთელებში. უკვე იმ 1000 ლარის გულისთვის სირბილი მოუწევს. დღეს ამბობს 1000 ლარად რატო ვითამაშოო, ხვალ ადგილი და ის ფულიც რომ არ ექნება თავს შეიწუხებს. თუ ფეხბურთელებმა არ მოინდომეს, თუ ის ტრენერები არ მოვიშორეთ ვინც ახალგაზრდებს დაწინაურებაში ფულს თხოვს სტადიონზე ხალხი არ მივა. არავინ არ უყურებს ამათ მაიმუნობას არც ტელევიზორში და არც ნოუკამპი რომ აუშენო, იქ.
ფედერაციამ გადადგა დიდი ნაბიჯი, ახლა ჯერი ტრენერებზე და ფეხბურთელებზეა. ამის მერე მოვა ქომაგი და ბოლოს ბიზნესმენი. აბა თქვენ ჯერ კრიშა გინდათ და მერე სახლი.
kvaxa
06 აპრილი 2016 16:33
0
სანამ არ იქნება სტადიონები, სანამ ყველა უმაღლესის გუნდს არ ექნება დინამოს, ან საბურთალოს დონის აკადემია მანამდე ვიქნებით სხვა ქვეყნების ჩამონათვალში ამან გაგვასწრო იმან და ა.შ კერძო ინვესტორი რო დააინტერესო ჯერ ფედერაცია უნდა იყვეს მაგალითის მიმცემი მე ფედერაციას ვთხოვდი შექმნას ქართული ფეხბურთის ტელევიზია რომელიც უმაღლესი ლიგიდან რეგიონალურის და ბავშვთა ფეხბურთის ჩათვლით გააშუქებს თამაშებს. არ მგონია იყოს წამგებიანი,
Giorgi567
06 აპრილი 2016 15:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული