როდის და რატომ დაიწყო "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება? [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 6 აპრილს, თბილისის "დინამო" ქუთაისის "ტორპედოს" მიიღებს. ყველამ იცის, რომ ეს ქართულ ფეხბურთში არსებულ დაპირისპირებათა შორის ყველაზე მწვავე და პრინციპულია.

უმაღლესი ლიგა. XXIII ტურის წინ: როცა "ქართული კლასიკო" ყველაფერს ჩრდილავს

ბევრი ფიქრობს, რომ ეს დედაქალაქისა და რეგიონის გუნდების ურთიერთობის ტრადიციული ასახვაა, რაც ყველა ქვეყანაში ხდება და არავის უკვირს - პირიქით, ასეთი მატჩების და მისთვის დამახასიათებელი ქიშპის გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელი და უემოციო იქნებოდა...

ჟორდანიას დილემა
1964 წელს, თბილისის "დინამოს" "ოქროს მატჩის" ჩატარება რომ მოუწია, ეს ქუთაისის "ტორპედოს" დამსახურება იყო. ჩემპიონატის დასრულებამდე
3 ტურით ადრე, 30 ოქტომბერს, "დინამო" ქუთაისს ესტუმრა. თბილისურ გუნდს ჩემპიონობის რეალური შანსი ჰქონდა, "ტორპედო" უმაღლესი ლიგიდან ვარდებოდა და წაგება მისთვის დაუშვებელი იყო.

მაშინ ქუთაისურ გუნდს ქართული ფეხბურთის პატრიარქი ანდრო ჟორდანია ავარჯიშებდა. სწორედ ჟორდანიამ გაუკვალა დიდ ფეხბურთში გზა მიხეილ მესხს, გიორგი სიჭინავას, გივი ჩოხელს, მურთაზ ხურცილავას, სერგო კოტრიკაძეს, შოთა იამანიძეს, გურამ ცხოვრებოვს, ვლადიმერ ბარქაიას, გურამ პეტრიაშვილს, ზაურ კალოევს, ილია დათუნაშვილს...

ასე რომ, 1964 წლის 30 ოქტომბერს ქუთაისელთა დამრიგებელს მშობლიური გუნდის წინააღმდეგ დილემა დაუდგა.

ერთი მხრივ, ქართულ გუნდს პირველად ჰქონდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობის რეალური შანსი, რაც მისი ოცნება იყო. მეორე მხრივ, ვერც "ტორპედოს" გაწირავდა. ის ქუთაისში იმიტომაც დანიშნეს, რომ პირველი წრის შემდეგ გუნდი გავარდნის პირას იყო და უნდა გადაერჩინა...

პატიოსნებით განთქმულ კაცს აზრადაც არ მოუვიდოდა თამაშის დათმობა. საბოლოოდ, ჟორდანიამ და ქუთაისელებმა "დინამოს" ბრძოლა გამოუცხადეს და მატჩი 1:1 დასრულდა. როგორც ამბობენ, სწორედ აქედან იღებს სათავეს "დინამოსა" და "ტორპედოს" სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების ისტორია.

ამ მატჩზე ქუთაისის "ტორპედოს" სტადიონზე დასწრების რეკორდი დამყარდა. მაშინდელი "სოვეტსკი სპორტის" ვერსიით, თამაშს 38 ათასი კაცი ადევნებდა თვალს, თუმცა სტაჟიანი ქუთაისელი ქომაგები ირწმუნებიან, რომ მატჩს, სულ მცირე, 45 ათასი ქომაგი ესწრებოდა. ამბობენ, სარბენი ბილიკებიც კი ხალხით იყო გადავსებულიო...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თავგატეხილი მეტრეველი
საბჭოთა ფეხბურთის მემატიანე აქსელ ვართანიანი თავის მემუარებში სხვაგვარ ვერსიას იხსენებს.

"ამ შეხვედრაში ყველა თავის პრობლემას წყვეტდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ქუთაისელთა თავდამსხმელმა ვალერიან ჩხარტიშვილმა თბილისელთა მეკარე სერგო კოტრიკაძეს აუღებელი დაურტყა და ანგარიში გახსნა, მაგრამ რამდენიმე წუთში ილია დათუნაშვილმა რამაზ ურუშაძის კარი აიღო - 1:1.

არც თამაშის მძიმე ხასიათზე და არც ზედმეტ ემოციებზე მაშინდელი ქართულენოვანი პრესა არაფერს წერდა. მხოლოდ 3 ნოემბერს გამოქვეყნდა სტატია, სათაურით - "მალე ფინიშია", სადაც ავტორს, ზვიადაძეს, საინტერესო ფრაზა წამოსცდა: "ჩვენს ქალაქში ჩამოსულ "დინამოს" ისეთი "სტუმართმოყვარეობით" დახვდნენ, ქულა ძლივს გადაარჩინეს".

გარკვევით მხოლოდ პარტიულმა რუსულენოვანმა გაზეთმა "ზარია ვოსტოკმა" დაწერა. ანონიმური ავტორი მასპინძელთა მცველებს - სარჯველაძესა და წივწივაძეს, მესხთან და მეტრეველთან ორთაბრძოლებში მეტისმეტი სიხისტისთვის აკრიტიკებდა. მეტრეველმა მცირე ტრავმაც მიიღო. მაგრამ ავტორს მიზეზი აღარ დაუკონკრეტებია.

მერე თვითმხილველებისგან გახდა ცნობილი, რომ "დინამოს" თავდამსხმელს ტრიბუნიდან ნასროლი ქვით თავი გაუტეხეს", - წერს აქსელ ვართანიანი.

უცნაური მადლობა
საბოლოოდ, "დინამოს" მოსკოვის "ტორპედოსთან" "ოქროს მატჩის" ჩატარება მოუხდა და 1964 წლის 18 ნოემბერს პირველად მოიპოვა კიდეც საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული.

ქუთაისის "ტორპედომ" კი გადათამაშებაში მიიღო მონაწილეობა და გადამწყვეტ მატჩში, ასევე ტაშკენტში, ქუთაისელებმა გორკის (ახლანდელი ნიჟნი ნოვგოროდი) "ვოლგა" 4:2 დაამარცხეს და გავარდნას გადაურჩნენ.

ანდრო ჟორდანიას ნათესავმა შოთა ფაღავამ "ლელოსთან" საინტერესო ისტორია გაიხსენა:

"დინამოსთან" ფრის შემდეგ კომუნისტებმა ანდროს "მადლობა" გადაუხადეს - სპორტკომიტეტიდან მოვიდა ბრძანება თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ.

მაგრამ ნაღდი მადლობა ქუთაისელმა გულშემატკივრებმა გადაუხადეს - ამ ბრძანებით აღშფოთებულები ანთებული ჩირაღდნებით აღმასკომის შენობას მიადგნენ. კომუნისტებს ფეხბურთის გამო სახალხო გამოსვლები რაში აწყობდათ და ანდრო აღარ გაათავისუფლეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მეტრეველის განეიტრალება წივწივაძეს, ხოლო მესხის სარჯველაძეს ევალებოდა.

ორივე მცველი მეტად უხეშობდა. მაშინ მსაჯები დღევანდელივით მკაცრად არ სჯიდნენ, თორემ ერთიც და მეორეც გაძევებას იმსახურებდა (მესხს გამაშიც კი შემოახიეს).

ქვებით დარევა სისულელეა, არ ყოფილა!

საბოლოოდ გაგვიმართლდა, "დინამო" ჯერ ბანიკოვმა იხსნა და მერე ორივე გუნდმა გადათამაშებაში ივარგა.




GG
06 აპრილი 2016 19:26
0
ტქვენ სტატიაში არის შეცდომები, 1964 30 ოქტომბერს არ იყო იმდენი მაყურებელი რასაც ტქვენ წერტ. 1-1 რომ დამტავრდა ეს ტამაში მაშინ დატუნაშვილმა კი გაგვიტანა გოლო მაგრამ სუფტა აფსაიტი იყო სამხრეტ კარებში. ყველაზე მეტი მაყურებელი რომ იყო ის ტამაში დინამომ მოიგო 3-1 ცოტაოდენი შეხლა-შემხლა მაშინ მოხდა სარჟველაძესა და მესხს შორის , არ გეწყინოს რომ გისწორებ შენიშვნას მე ეს ორივე ტამაში მაქვს ნახული
გელა
06 აპრილი 2016 18:02
0
უბედურება ის არის,რომ იმათ ვისაც ეს თამაში არ უნახავთ წერენ ათასნაირ მოგონილს. არც მეტრეველისათვის და არც სხვა თბილისელ ფეხბურთელებისათვის თავი არ გაუტეხავთ. დიდი დაძაბულობა იყო, მაგრამ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ტაშკენტის მატჩის შემდეგ დეკემბერ- იანვარში დინამოელებს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს ქუთაისში და კარგი ბანკეტიც ჰქონდათ. მე მახსოვს, რომ 45000 მდე მაყურებელი ამ გუნდების შეხვედრას 1963 წელს დაესწრო. ხალხი სარბენ ბილიკებზეც იყო განლაგებული. დატევით 45000 დაეტევოდა თუ გავითვალისწინებთ საჯდომ ორ ადგილს შორის ერთი ზედმეტი კაცის ჩამატებას და + ბილიკებზე მყოფებსაც დაუმატებთ. ,,დინამოზეც'' ასე ჯდებოდნენ ,,დიდი'' მატჩების დროს.
შოთა
06 აპრილი 2016 17:25
0
Ras abunted xaლxs ...
kote
06 აპრილი 2016 16:29
0
ბ-ნო "ოკრიბელო"... არც ისეთი ამბავი არ ყოფილა, როგორც თქვენ აღწერთ. იყო დაძაბულობა, მაგრამ "ქვებით დარევია, და ავტობუსი დაულეწიათ" ზედმეტია...
tngh
06 აპრილი 2016 16:16
0
იმავე დღეს მოსკოვის "ტორპედო" კიევის "დინამოს" ეთამაშებოდა. კიეველთა მეკარე ბანნიკოვმა ბოლო წუთზე "ტორპედოელებს" პენალტი აუღო და ამიტომაც ვერ გაგვისწრო მოსკოვის "ტორპედომ". დანამდვილებით ვიცი, თბილისკენ მომავალი გულშემატკივრები ავტომობილში რადიოთი უსმენდნენ ამ თამაშს და ბანნიკოვმა პენალტი, რომ აიღო "სვეტიცხოველში" სანთელი დაუნთეს.
tngh
06 აპრილი 2016 16:11
0
თამაშის შემდეგ ხალხი ქვებით დარევია დინამოელებს ჯერ მინდორზე(ტორბედოს რამდენიმე ფეხბურთელს მეტრეველი და მესხი განურიდებია მინდვრიდან) და შემდეგ დინამოს ავტობუსი დაულეწიათ. მაგრამ ყველაზე დიდი მიზეზი მაინც, დინამოს და ტორპედოს შორის იყო ის რომ,თუ ვინმე საინტერესოდ "გაფხაკურდებოდა" ტორპედოში, ეგრევე დინამოში გადმოყავდათ და ეს აღიზიანებდა ყველაზე ძალიან ტორპედოს ფანებს.
ოკრიბელი
06 აპრილი 2016 15:19
0
სარბენ ბილიკებზე არა,მაგრამ ნაწილობრივ მასე იყო.ამას გარდა სტადიონი ფიზიკურად ვერასოდეს დაიტევდა ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი 30-32 000 ზე მეტს.
თუმცა სასიამოვნო იყო რომ ამდენი ხალხი დადიოდა და ფეხბურთი უდიდესი ზეიმი იყო!
QWERTY
06 აპრილი 2016 14:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული