10:00 07-04-2016
დინამო (თბ)-ტორპედო 2:1 - ბოლო წამის დრამა [VIDEO]
AutoSharing Option
"დინამო არენაზე" მოსულ მაყურებელს ნამდვილად არ უნანია - ქართულ "კლასიკოში" ვიხილეთ ლამის ყველაფერი, რაც ფეხბურთს უხდება, ეფექტური თამაში და ტექნიკური ილეთები, მოულოდნელი სცენარი, გოლები, გაძევება, ფოიერვერკები...
ცალკე აღნიშვნის ღირსია ქომაგი - მადლობა ორივე გუნდის გულშემატკივრებს, ჩვენს დუნე ჩემპიონატს რომ ალამაზებენ და ერთმანეთში სპორტული ქიშპით გუნდებსაც აცოცხლებენ და ტრიბუნებსაც...
ალექსანდრ შტელინის ნაცვლად, ქუთაისელები მოედანზე მთავარი მწვრთნელის ასისტენტებმა - მიხეილ აშვეთიამ და გიორგი სუხიაშვილმა გაიყვანეს. უნდა ითქვას, რომ მწვრთნელთა ამ დუეტმა გამჭრიახობა გამოავლინა და რამდენიმე საინტერესო გადაადგილება გააკეთა...
პირველი ტაიმი ისე მიდიოდა, როგორც გუნდების სატურნირო მდგომარეობას შეეფერებოდა - თბილისელები უტევდნენ, ქუთაისელები თავს იცავდნენ, თუმცა, ეპიზოდურად, მწვავე კონტრშეტევების ორგანიზებასაც ახერხებდნენ.
მატჩის დებიუტში ანგარიშის გახსნის კარგი შანსი თორნიკე კაპანაძეს ჰქონდა, როცა გიორგი გველესიანის მიერ მოგერიებულ ბურთს გაეკიდა და მახვილი კუთხიდან კარში არაზუსტად დაარტყა.
ერთ წუთში კი ოთარ კიტეიშვილმა საჯარიმოში ნიკა გელაშვილი მოძებნა, რომელიც მეკარეს გასცდა, მაგრამ კარსაც დაშორდა და ბადე ვერ შეარხია.
მერე ისევ კაპანაძემ შეუტია - მარცხენა ფლანგიდან თენგიზ ბრეგვაძის მიერ ჩაწოდებულ ბურთს თავი კი დაუხვედრა, მაგრამ ისევ უშედეგოდ.
სტუმართა რიგებში გამორჩეული იყო ლაშა შინდაგორიძე, რომელსაც ახლა სათამაშო პრაქტიკა აქვს და პოტენციალსაც ნელ-ნელა აჩენს. ის ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, მაგრამ ცენტრშიც ხშირად იწევდა. ერთ ეპიზოდში მისი ძლიერი დარტყმა ლიბორ ჰრდლიჩკამ მოიგერია, დამატებაზე კი კაპანაძემ ვერ ივარგა.
პირველ ტაიმში თბილისელთა უპირატესობას ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა: გელაშვილმა, რომელმაც "დინამოში" ჩარიცხვის შემდეგ საუკეთესო თამაში ჩაატარა, ბურთი საჯარიმოსთან მიიღო, ბაქარ მირცხულავას გაექცა და მეკარე მაქსიმე ქვილითაიას შორეულ კუთხეში გაუტანა - 1:0.
მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით დაიწყო. თბილისელები უფრო მეტს და დამაჯერებლად უტევდნენ. ალექსანდრე იაშვილი საჯარიმოს ხაზთან წააქციეს და თავადვე სახიფათოდ დაარტყა - სტუმრები მეკარე ქვილითაიამ გადაარჩინა.
ორჯერ სცადა კარის აღება ჯაბა ჯიღაურმა, მაგრამ ქუთაისელთა კიპერს ვერაფერი მოუხერხა. ძნელი სათქმელია, რატომ, მაგრამ ფაქტია - ამის შემდეგ მასპინძლები მოეშვნენ.
ქუთაისელთა სამწვრთნელო დუეტმა მოედანზე ირაკლი კლიმიაშვილი და ბექა ტუღუში შეიყვანა. მათ სტუმართა თამაში გამოაცოცხლეს. შინდაგორიძემ მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა და ამანაც გარკვეული სიმწვავე შემატა ქუთაისელთა იერიშებს.
ტორპედოელებმა უფრო თამამად შეუტიეს. 78-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ მარცხენა ფლანგზე წამოიწყო შეტევა, მერე შინდაგორიძემ ლობჟანიძე ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და საჯარიმოში იერიში ისევ ქიმაძეს გაუგრძელა, რომელიც კარისკენ დაიძრა და გველესიანმა მოცელა. მსაჯმა დაუფიქრებლად დანიშნა პენალტი, რომელიც გიორგი კუხიანიძემ უნაკლოდ შეასრულა - 1:1.
იურაი იარაბეკმა მცველ თევზაძის ნაცვლად თავდამსხმელი ბაჩანა არაბული შეიყვანა და თბილისელებმა ბოლო ძალებით შეუტიეს მეტოქეს. ერთ-ერთი იერიშის დროს ვახტანგ ჭანტურიშვილმა საჯარიმოში ჯიღაურს გადააწოდა, რომლის დარტყმული ძელს მოხვდა, დამატებაზე კი არაბულს ანრი ჭიჭინაძე გადაეღობა - გიორგი ვადაჭკორიამ ხელი პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა.
ქუთაისელებმა არბიტრის გადაწყვეტილება უსამართლოდ ჩათვალეს, ემოციურად გააპროტესტეს და ერთი შეხედვით - სამართლიანადაც.
ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგაც კი ცალსახა დასკვნის გამოტანა ძნელია. ცხადია, არბიტრმა აზრი არ შეიცვალა და თამაშის კულმინაციაც დადგა - "ტორპედოს" მეკარე მაქსიმე ქვილითიამ მოგვარის, დინამოელი გიორგი ქვილითაიას დარტყმულის მიმართულება კი გამოიცნო, თითქოს თითებითაც შესწვდა, მაგრამ... თავისიანებს მაინც ვერ უშველა - 2:1.
მატჩის შემდეგ:
იურაი იარაბეკი: "ტორპედო" პირველი გუნდია, რომელმაც ჩვენს მოედანზე ფეხბურთი ითამაშა
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIII ტური
06.04. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 გელაშვილი (40), 1:1 კუხიანიძე (79-პენ), 2:1 გ. ქვილითაია (90+3-პენ)
დინამო: ჰრდლიჩკა - უ. ლობჟანიძე, გველესიანი, ამისულაშვილი, თევზაძე (83. არაბული) - ჯიღაური, პარუნაშვილი, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი - ა. იაშვილი (75. ზ. ჭელიძე), ნ. გელაშვილი (59. გ. ქვილითაია).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ჯანელიძე, ს. ლობჟანიძე
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
ტორპედო: მ. ქვილითაია, ტაბატაძე, მირცხულავა, ჭიჭინაძე, ქიმაძე - მამასახლისი (71. ფურცხვანიძე), კუხიანიძე - შინდაგორიძე, საღრიშვილი (75. ბ. ტუღუში), ბრეგვაძე (62. კლიმიაშვილი) - კაპანაძე.
სათადარიგოები: რ. კვასხვაძე, ნიკონოვი, ბაბუნაშვილი, ვ. კვარაცხელია
მწვრთნელები: მიხეილ აშვეთია, გიორგი სუხიაშვილი
გაფრთხილებები: იაშვილი (42), თევზაძე (68), კლიმიაშვილი (86)
გაძევება: მირცხულავა (90+4)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.
ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 17
ო. მარცვალაძე (დილა) 14
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 13
მომდევნო, XXIV ტური
10 აპრილი, კვირა
კოლხეთი -ჩიხურა
საბურთალო-ლოკომოტივი
დინამო (ბთ)-გურია
დილა-სიონი
მერანი-საპოვნელა
ტორპედო-სამტრედია
ზუგდიდი-შუქურა
ცხინვალი-დინამო (თბ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 34 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
Romeli sazgvrebit neta, miertebuli soplebit xom ara? Qutaisi meore qalaqia teritoriitac da mosaxleobitac da rac sheexeba mosaxleobas, droebit wasuli xalxis gamoa magdeni qutaisshi mosaxleoba tore egeni yovel tviurad da yovel wliurad brundebian da qutaisis mosaxleoba minimum 200 atasia, batumisa ki bevrad naklebi da rac aris isic axali miertebuli sazgvrebit (soplebit) da ertsac davamateb, kutaisshi mosaxleoba yovel tviurad meryeobs radgan xan chamodian da xan gadian qalaqidan, magram sabolood mainc metia batumze
0
0
გორელი-ს. ქუთაისი მიყვარს კი არა ვგიჟდები. განსაკუთრებით ქუთათურებზე. მე მხოლოდ ის შევახსენე მამლუქს ქუთაისიდან, რომ ქუთაისი აღარ არის სიდიდით მეორე ქალაქი საქართველოში. მესამეა უკვე. ბოლო აღწერით ბათუმში 155 ათასამდე მცხოვრებია, ქუთაისში კი 150 ათასამდე. ასე რომ...
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული