11:31 07-04-2016
ლოკომოტივი-კოლხეთი 1:0 - უიღბლო სერიის დასასრული [VIDEO]
AutoSharing Option
"საპოვნელასთან" ჩატარებული უსახური მატჩის შემდეგ ჟერარდ სარაგოსამ რამდენიმე ცვლილება მოახდინა ძირითად შემადგენლობაში და ამ ცვლილებებმა აშკარად გაამართლა. განსაკუთრებით კარგად გამოიყურებოდნენ ცენტრალური მცველი ნიკა ჭანტურია და საყრდენი დავით სამურკასოვი.
"კოლხეთმა" ბევრი იბრძოლა, მომენტებიც ჰქონდა და წასაგებადაც ცოდო იყო, თუმცა ვერც იმას იტყვის კაცი, რომ "რკინიგზელებმა" ეს შეხვედრა დაუმსახურებლად მოიგეს. საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე, ნორმალური თამაში გამოვიდა...
პირველად სიტუაცია "ლოკომოტივის" კართან დაიძაბა. თორნიკე თუხარელის სახიფათო ფლანგური ჩაწოდების შემდეგ სიტუაცია მასპინძელთა მცველებმა განმუხტეს. ამის შემდეგ შეტევისთვის "ლოკომოტივმაც" მოიცალა.
გიორგი დიასამიძის დარტყმის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით ასცდა "კოლხეთის" კარს. მალე ანგარიშიც გაიხსნა. გოლი დიდწილად კურიოზული გამოვიდა. ამ სტრიქონების ავტორს კოკა სეფიაშვილი საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიაჩნია, მაგრამ შეცდომისგან არავინაა დაზღვეული...
თბილისელთა მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე სეფიაშვილმა ითამაშა და ის თითქოს ხელებშიც დააფიქსირა, მაგრამ... მოულოდნელად, ბურთი ხელიდან გაუვარდა, რითიც კარგად ისარგებლა დავით ჩაგელიშვილმა და "ლოკომოტივი" ახლო მანძილიდან დარტყმით დააწინაურა.
ამას მოჰყვა ბაჩანა ცხადაძის მომენტი. ის მახვილი კუთხიდან მიუახლოვდა სტუმართა კარს და ძლიერადაც დაარტყა, თუმცა სეფიაშვილმა მოახერხა ბურთის კუთხურზე მოგერიება.
მორიგი მომენტი ისევ "ლოკომოტივმა" შექმნა. გიორგი ფოფხაძის მიერ სტანდარტული სიტუაციიდან დარტყმული ბურთი სეფიაშვილმა კუთხურზე გადააგდო. სახიფათო ჯარიმა კი ცხადაძემ გამოიმუშავა, ვინც ძალიან აქტიური იყო, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.
მეორე ტაიმიც ჟერარდ სარაგოსას გუნდის მიერ შექმნილი მომენტით დაიწყო. სამურკასოვმა ძლიერად დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოახერხა თავისიანების გადარჩენა, მერე კი დიასამიძეს ჰქონდა კარგი მომენტი...
ეს იყო და, ანგარიშში ჩამორჩენილმა "კოლხეთმა" მოუმატა. ფოთელებმა ბურთი დაინადავლეს. ეგ იყო, რომ სახიფათო მომენტებს იშვიათად ქმნიდნენ. კონტრშეტევაზე თავიანთი შანსი ისევ მასპინძლებმა იპოვეს.
ცხადაძემ პარტნიორის შორეული პასი მიიღო, თუმცა საბოლოო დარტყმას სიზუსტე დააკლო. მალევე, ლევან კაკულიამ შეასრულა ჯარიმა. ბურთი არავის შეეხო და თბილისელთა კარისკენ გაფრინდა. რევაზ თევდორაძეს კი მთელი თავისი ოსტატობის დემონსტრირება დასჭირდა სიტუაციის განსამუხტავად.
განსაკუთრებით საინტერესო იყო თამაშის ენდშპილი. ფოთელთა ერთ-ერთი შეტევის დროს სტუმართა შემტევმა რეაქცია დააგვიანა, თორემ გოლი გარდაუვალი ჩანდა. "ლოკომოტივს" კი რამდენჯერმე მართებდა გატანა.
განსაკუთრებით აქტიურად ჩაერთო თამაშში ალეკო მზევაშვილი. მან და კიდევ ერთმა სამარქაფომ, მამია გავაშელიშვილმა, ძალიან კარგი საგოლე შანსები გაატანეს ქარს. საბოლოოდ ტაბლოზე მასპინძელთათვის სასურველი ანგარიში დაფიქსირდა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIII ტური
06.04. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ლოკომოტივი-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 დ. ჩაგელიშვილი (25)
ლოკომოტივი: თევდორაძე, გ. ფოფხაძე, ნ. ჭანტურია, გეთიაშვილი, ცხადაძე (79. მზევაშვილი), დიასამიძე (60. კიკაბიძე), ქიქავა, გაბაძე, დ. ჩაგელიშვილი (90. გავაშელიშვილი), უბილავა, სამურკასოვი.
სათადარიგოები: ლ. კუპატაძე, კიკნაძე, ბენაშვილი, არდაზიშვილი
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი
კოლხეთი: სეფიაშვილი, თუხარელი, დ. სიჭინავა (68. პოლულიახი), ნიქაბაძე, გიგაური, ჟიშკარიანი, გ. კვარაცხელია (20. ლ. კაკულია), ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, გოგონაია, გურეშიძე (83. ნ. ტუღუში).
სათადარიგოები: ძაგანია, ქებურია, თ. კაკულია, თევზაძე
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: ჟიშკარიანი (11), გაბაძე (16), სამურკასოვი (27), ნ. ჭანტურია (55), ლ. კაკულია (69)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია.
ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 17
ო. მარცვალაძე (დილა) 14
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 13
მომდევნო, XXIV ტური
10 აპრილი, კვირა
კოლხეთი -ჩიხურა
საბურთალო-ლოკომოტივი
დინამო (ბთ)-გურია
დილა-სიონი
მერანი-საპოვნელა
ტორპედო-სამტრედია
ზუგდიდი-შუქურა
ცხინვალი-დინამო (თბ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული