უმაღლესი ლიგის XXIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ტურის მთავარი მატჩი იყო თბილისში, სადაც ქართულ "კლასიკოში" თბილისის "დინამომ" გამარჯვება ბოლო წამსღა გამოჰგლიჯა ქუთაისის "ტორპედოს". ვიხილეთ შეწყვეტილი სერია და დარჩა სერიები, რომლებიც ვინ იცის, სადამდე გაგრძელდება.

მოკლედ, საინტერესო ტური გამოვიდა. ჩვენს მიმოხილვაში მნიშვნელოვან მომენტებზე ვისაუბრებთ...

სანამ ფეხბურთი არსებობს...
სანამ ფეხბურთი არსებობს, ყოველთვის იქნება მსაჯის ფაქტორი. თბილისის "დინამომ" მატჩის ბოლოს პენალტით მოუგო ქუთაისის "ტორპედოს". დაძაბული თამაში გამოვიდა და, გინდა თუ არა, უნდა აღიარო, რომ საბოლოო შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსაჯის გადაწყვეტილებამ.

მე სტადიონზე არ მინახავს ეს მატჩი და მართლა არ ვიცი
ზუსტად, იყო თუ არა 11-მეტრიანი. ვიდეოზე რაც ჩანს, ჩემი სუბიექტური აზრით, ალბათ, უფრო არა, ვიდრე - კი.

ქუთათურთა გულისწყრომის აბსოლუტურად მესმის, მაგრამ ფაქტია ისიც, რაც ზემოთ ვთქვით - სანამ არსებობს ფეხბურთი, იარსებებს ადამიანური შეცდომებიც. ეს ჩვეულებრივი მომენტია და მსაჯები ცდებიან გაცილებით დიდ და ხარისხიან ტურნირებზეც, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატია. მთავარია, ყოველივე ამას წინასწარგანზრახული ქმედების სახე არ ჰქონდეს.

ჩვენ დღენიადაგ ვწერთ მსაჯის შეცდომებზე, ფეხბურთელები ყოველთვის მსაჯს ადანაშაულებენ, მაგრამ ავიწყდებათ, რამდენ შეცდომას უშვებენ ისინი თამაშისას, ან თუნდაც ჩვენ, ჟურნალისტები.

სანამ ფეხბურთი იქნება, ის ადამიანურ ფაქტორს უნდა ეყრდნობოდეს. სხვანაირად, ფეხბურთს რობოტები ითამაშებენ, რობოტები განსჯიან და რობოტები უყურებენ. გვინდა ეს?

სერიები, სერიები...
ამ ქვეთავის სათაურიდან გამომდინარე, პირველ რიგში, თბილისის "ლოკომოტივი" უნდა ვახსენოთ. საკვირველია, მაგრამ ფაქტია: ჟერარდ სარაგოსა მულეტის გაწვრთნილმა გუნდმა უგრძესი წარუმატებელი სერია დაასრულა. საკმარისია აღინიშნოს, რომ "რკინიგზელთა" მიერ მოპოვებული ბოლო გამარჯვება 2015 წლის 6 ნოემბრით თარიღდება.

"ლოკომოტივმა" მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა "კოლხეთთან" მატჩში. ვფიქრობთ, ეს მოგება მას დიდ ფსიქოლოგიურ წნეხს მოუხსნის და ამიერიდან ისინი ბევრად უფრო თავდაჯერებულნი გავლენ მინდორზე.

წესით, "ლოკომოტივმა" უპრობლემოდ უნდა შეინარჩუნოს ადგილი უმაღლეს ლიგაში და, მომავალ სეზონს რაც შეეხება, ხშირად გაიგონებთ, კლუბის მფლობელი ლექსო თოფურია ისეთი გუნდის შექმნას აპირებს, საჩემპიონო ამბიცია რომ ექნებაო...

"რკინიგზელებს" რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი ჰყავთ, ქართულ საკლუბო ფეხბურთში რომ უკვე უთქვამთ თავიანთი სიტყვა. თუნდაც - გიორგი ხიდეშელი, ბაჩანა ცხადაძე, გიორგი ფოფხაძე... დავუმატოთ ამათ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები და ვნახავთ, რომ საქმე სახუმაროდ სულაც არ არის.

პაბლო ფრანკო მარტინი - "საბურთალოს" ესპანელი დამრიგებელი უნდა შევაქოთ. საერთოდ, სასიამოვნოა, როცა საქართველოში ჩამოდის მწვრთნელი, ვისაც ესპანურ პრიმერაში მუშაობის გამოცდილება აქვს და მარტინიც სწორედ ასეთია. თავის დროზე, ის მადრიდულ "ხეტაფეს" ედგა სათავეში.

სულ ცოტა ხანია, მარტინი საქართველოშია და უკვე დაიმსახურა დიდი სიმპათია, როგორც პიროვნებამ. მწვრთნელზე კი ყველაზე ნათლად მისი გუნდის შედეგები მეტყველებს - "საბურთალომ" ესპანელის ხელმძღვანელობით 4 მატჩი ჩაატარა და ჯერ წაგების სიმწარე არ იცის. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქმე ძალიან ახალგაზრდულ, გამოუცდელ კრებულს ეხება.

ცალკე უნდა ითქვას "საბურთალოს" ლიდერ გიორგი ხარაიშვილზე. "საპოვნელასთან" თამაშში ვერა და, სხვა შეხვედრებში ამ ბიჭს "კოჭებში შეეტყო", რომ განუხრელად პროგრესირებს.

დაბოლოს, "სამტრედია". როგორ გინდა, გია ცეცაძის გაწვრთნილებზე კარგი არ თქვა? იმერლებმა ზედიზედ 7 მატჩი მოიგეს, რაც ნამდვილად განსაკუთრებული შედეგია. ყველამ ვიცით - "სამტრედიაში" მოთამაშე ფეხბურთელთა უმრავლესობა აქამდე ბევრს ჩამოწერილი ეგონა. ამ ბიჭებმა თავის დროზე ჭაბუკთა ევროპულ ტურნირებზე გვასახელეს და მერე ისინი ჩაყლაპა ქართული ფეხბურთის ჭაობმა. როგორც ჩანს, ახლა მორიგი აღმავლობა იწყება.

ამ ბიჭების ხელახლა დაწინაურება გვარიანი ამბავია ჩვენი ფეხბურთისთვის და ვინ იცის, მალე რამდენიმე მათგანმა საქართველოს ეროვნული ნაკრების კარიც კი შეაღოს.

მახარაძის დაბრუნება
65 წლის ასაკში თემურ მახარაძე ერთხელაც დაბრუნდა ქართულ საკლუბო ფეხბურთში და დაბრუნდა იქ, სადაც სიტუაცია სასწრაფოდ ითხოვს გამოსწორებას - ლანჩხუთის "გურიაში".

"გურია" ქართულ რეალობაში განსაკუთრებული გუნდია თავისი სტატუსითაც და დღევანდელი ყოფითაც. ეგაა, დღევანდელობას ბევრი არაფერი აქვს საერთო წარსულის მართლაც რომ დიდ წარმატებებთან.

"გურიაში" იმდენი ეროვნების ფეხბურთელი თამაშობს, სულ მაინტერესებს, რა ენაზე ელაპარაკებიან ერთმანეთს თამაშის დროს. ფაქტია, ამ გუნდის გაძღოლა იოლი არ არის. მით უმეტეს, "გურია" ახლა კრიზისშია.

...და სწორედ ამ დროს "გურიაში" თემურ მახარაძე მივიდა. მახარაძემ იცის დიდი ქართული გამარჯვებების გემო. მას ბევრი ქართული ჯილდო მოუგია და ახლა კიდევ ერთი დიდი გამოწვევის წინაშე დგას - "გურიას" უმაღლესში ადგილი უნდა შეუნარჩუნოს.

მახარაძის გაწვრთნილ გუნდებს ერთი საერთო დამახასიათებელი ნიშანი აქვთ - განსაკუთრებული ყურადღება დაცვაში და მაქსიმალური სათამაშო ორგანიზაცია მინდორზე.

ასეა, სათამაშო ორგანიზაცია და დისციპლინა - ეს არის ის, რაც აგრერიგად სჭირდება "გურიას". ვნახოთ, როგორ გაუგებენ ერთმანეთს მწვრთნელი და ახალი გუნდი. პროცესი იოლი არ იქნება და ვისურვოთ, რომ ის წარმატებით დასრულდება.

კობახიძის დუბლი და გელაშვილის პირველი
საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში იშვიათად შეხვდები ისეთ ფეხბურთელს, თამაშიდან თამაშამდე რომ უმატებს. ასეთთა კატეგორიას უდავოდ მიეკუთვნება ბოლნისის "სიონის" 20 წლის გარემარბი ოთარ კობახიძე.

არცთუ დიდი ხნის წინ კობახიძეს ბოლნისური კლუბის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირდა, ახლა კი გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად იქცა. რაც მთავარია, მის თამაშში პოტენციალი იგრძნობა. დანარჩენი ვნახოთ - აგერ, ბურთი და აგერ, მოედანი!..

ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი მიითვალა თბილისის "დინამოს" ფორვარდმა ნიკოლოზ გელაშვილმა. ის 30 წლისაა, ანუ იმ ასაკშია, ჯერაც რომ შეუძლია გოლების გატანა და მაღალ დონეზე თამაში.

თბილისის "დინამომ" რამდენიმე კარგი ლეგიონერი დაიბრუნა და მათ ძალიან დიდი სამსახური უნდა გაუწიონ გუნდს. საქართველოს ჩემპიონატში დინამოელთა გამჩერებელი არ ჩანს.

ჯერი ევროთასებზეა. კლუბის ხელმძღვანელობა მაქსიმალურ მიზნებს ისახავს. ჩემპიონთა ან ევროპალიგის ჯგუფში შესვლა იოლი არ იქნება, მაგრამ როცა "დინამოს" მაისურა გაცვია და ქართული საკლუბო ფეხბურთის პრესტიჟია დასაცავ-აღსადგენი, იოლად ფონს ვერ გახვალ.

ინტრიგა თავსა და ბოლოში
საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის სათამაშო დონეზე რა მოგახსენოთ. აი, სატურნირო ცხრილის თავსა და ბოლოში მართლაც რომ განსაკუთრებული დაძაბულობაა.

გასაგებია, რომ 99,9 პროცენტით ჩემპიონის ვინაობა გარკვეულია, მაგრამ, სამაგიეროდ, დიდი ბრძოლა იქნება იმ გუნდებს შორის, რომლებიც ევროსაგზურის მოპოვებას ეშურებიან.

ერთბაშად 6 გუნდს აქვს იმის ამბიცია, რომ ჩემპიონატიდან გავიდეს ევროთასებზე და ამათგან ყველაზე მეტი შანსი "სამტრედიას" აქვს. ის კი არა, ცეცაძის გაწვრთნილებს ასეთი შედეგიანი თამაში ცოტა ადრე რომ დაეწყოთ, ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ საჩემპიონო რბოლაში ჩაბმულიყვნენ.

ცხრილის ბოლოში ისეთი ამბები ტრიალებს, დედა შვილს რომ არ აიყვანს ხელში. "ზუგდიდი", "მერანი", "საპოვნელა" და "გურია" ის გუნდები არიან, ყველანაირად რომ ეცდებიან პირველ ლიგაში დაქვეითების საფრთხის თავიდან არიდებას.

ამ ბრძოლაში ფავორიტების დასახელება რთულია. ტრადიციულად, ალბათ, ბევრს გადაწყვეტს ის, თუ ვის შერჩება მეტი ფინანსები და შესაბამისად - მეტი ენთუზიაზმი სეზონის ბოლოს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
სამტრედია არ გახადეს რეალიო? დასვეს აქ კითხვა. ჯერ ერთი სამტრედიელებისთვის ის რეალიცაა, ბარსელონაც, ბაიერნიც და ერთად აღებული ყველა ევროპული გრადი.თუ არ გჯერათ ნახეთ თუნდაც ბათუმთან ჩატარებული მატჩის ფოტო და ვიდეოკოლაჟი და კიდე რომ არა მსაჯების აშკარა მიკერძოებული ქმედებები თბილისის დინამოს სასარგებლოდ ეხლა უფრო დაძაბული ჩემპიონატის ფინიშის მომსწრე ვიქნებოდით, ხოლო ვინაა ამ მომენტისთვის უკეთესი დინამო თუ სამტრედია მაგას 30 აპრილს ვნახავთ ყველა.
f.c. samtredia
00:10 09-04-2016
0
სამტრედია არ გახადეს რეალიო? დასვეს აქ კითხვა. ჯერ ერთი სამტრედიელებისთვის ის რეალიცაა, ბარსელონაც, ბაიერნიც და ერთად აღებული ყველა ევროპული გრადი.თუ არ გჯერათ ნახეთ თუნდაც ბათუმთან ჩატარებული მატჩის ფოტო და ვიდეოკოლაჟი და კიდე რომ არა მსაჯების აშკარა მიკერძოებული ქმედებები თბილისის დინამოს სასარგებლოდ ეხლა უფრო დაძაბული ჩემპიონატის ფინიშის მომსწრე ვიქნებოდით, ხოლო ვინაა ამ მომენტისთვის უკეთესი დინამო თუ სამტრედია მაგას 30 აპრილს ვნახავთ ყველა.
f.c. samtredia
23:43 08-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული