ცხინვალი-დინამო (თბ) 2:4 - 5 ქულა ოქრომდე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წვიმა და უამინდობა ფეხბურთს დიდად არ უხდება, მაგრამ ამას ჩემპიონატის ლიდერის, თბილისის "დინამოსა" და "ცხინვალის" გუშინდელ შეხვედრაზე გავლენა არ მოუხდენია. პირიქით, მატჩი მხიარული გამოდგა. მეტოქეებმა სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენეს, დაცვაზე კი ნაკლებად ზრუნავდნენ...

მატჩის დასაწყისში თბილისელთა უპირატესობა გამოიკვეთა და უკვე მე-3 წუთზე ანგარიშის გახსნა ნიკა გელაშვილს შეეძლო, რომელიც ალექსანდრე იაშვილმა მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ დინამოელთა თავდამსხმელმა ბურთი ძელს მოარტყა.

ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა: უჩა ლობჟანიძის ფლანგური გადაცემის შემდეგ პენალტის ნიშნულთან მყოფმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა ძლიერად დაარტყა და ძელიდან ასხლეტილი ბურთი ბადეში გაეხვია
- 0:1.

ამის შემდეგ უპირატესობის გაზრდას ცდილობდნენ იგივე ჭანტურიშვილი, იაშვილი, გელაშვილი...

24-ე წუთზე დინამოელები უკვე ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. კუთხურის შემდეგ "ცხინვალის" მცველმა ლევან კაკუბავამ საჯარიმოში გიორგი გველესიანს "იპონი" ჩაუტარა, პენალტი კი უნაკლოდ გამოიყენა იაშვილმა. მაგრამ სირიელმა არბიტრმა აბდულა ბასლეჰლომ საჯარიმოში ალეკო ამისულაშვილისა და ლაშა პარუნაშვილის ნაადრევი შევარდნა დააფიქსირა და "დინამოს" კაპიტანს 11-მეტრიანი ხელმეორედ შეასრულებინა. ამჯერად, მეკარე გიორგი ნადირაძემ იაშვილს აჯობა და ბურთი მოიგერია, თუმცა სტუმართა კაპიტანი უკუგდებულ ბურთზე პირველი იყო - 0:2.

"ცხინვალის" დამრიგებელმა კახა კაჭარავამ სასტარტო შემადგენლობაში ცენტრფორვარდად ნახევარმცველი ლაშა ქოჩლაძე დააყენა, მაგრამ ორმა გაშვებულმა გოლმა მიახვედრა, რომ ეს შეცდომა იყო და ტაქტიკა შეცვალა - მოედანზე ვილი ისიანი შეუშვა, ქოჩლაძე კი მისთვის ჩვეულ პოზიციაზე დახია და ამან მასპინძლები გამოაცოცხლა. ისინი უფრო სწრაფად ათამაშდნენ და მალე სხვაობაც შეამცირეს. მანამდე კი ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს - გიგა ბეჭვაიას გადაცემის შემდეგ საჯარიმოში გიორგი ივანიშვილი მეურვეს გაექცა და მისი დარტყმის შემდეგ "დინამო" ლიბორ ჰრდლიჩკამ გადაარჩინა, დამატებაზე კი ქოჩლაძემ ახლო მანძილიდან ბურთს ფეხი ააცილა.

მაგრამ ერთ წუთში მასპინძლებმა მაინც გაიტანეს. ამისულაშვილმა საჯარიმოში ივანიშვილი მოცელა და არბიტრმა მორიგი პენალტი დანიშნა, რომელიც თორნიკე გორგიაშვილმა უნაკლოდ შეასრულა - 1:2.

ტაიმის ბოლომდე "ცხინვალს" წონასწორობის აღდგენის რეალური შანსიც მიეცა. სახიფათოდ უტევდა ქოჩლაძე - საჯარიმოს ხაზიდან ბურთი გორგიაშვილმა "მოჭრა" და ჰრდლიჩკამ კუთხურზე მოიგერია. თავის გამოჩენის შანსი მიეცათ ისიანსა და კაკუბავასაც - ეს უკანასკნელი ცარიელ კარში ახლოდან ურტყამდა, მაგრამ - უზუსტოდ.

კაჭარავას გაწვრთნილებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს. ძლიერად და სახიფათოდ დაარტყა ქოჩლაძემ - სტუმრები ჰრდლიჩკას ნახტომმა გადაარჩინა. თუმცა, ცხინვალელებმა დინამოელთა დაცვა მაინც გატეხეს - კუთხური გორგიაშვილმა ჩააწოდა, შორეულ კუთხესთან უმეთვალყურეოდ დარჩენილმა გიგა ბეჭვაიამ კი "დინამოს" უპირატესობიდან აღარაფერი დატოვა - 2:2.

თბილისელთა მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი, ისევე, როგორც წინა ტურში ქუთაისის "ტორპედოსთან", ამჯერადაც ვა-ბანკზე წავიდა - მცველი გიორგი თევზაძე მესამე თავდამსხმელით - ბაჩანა არაბულით შეცვალა. მანამდე კი გელაშვილის ნაცვლად მოედანზე ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი გიორგი ქვილითაია შეუშვა და მიზანს მიაღწია.

მეორე შეხვედრაა, ქვილითაია შეცვლაზე შედის და გააქვს, თან, გუშინ მან დუბლის შესრულებაც მოასწრო.

დინამოელები გამოფხიზლდნენ. ზაზა ჭელიძის დარტყმის შემდეგ ლაშა ჯაფარიძემ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. მერე მოედნის ცენტრთან ბეჭვაიას ბურთი ლაშა პარუნაშვილმა აართვა და ქვილითაიას გადააწოდა, რომელმაც დაუცველი კუთხე შენიშნა და 25 მეტრიდან ძლიერი დარტყმით "დინამო" ისევ დააწინაურა - 2:3.

ორიოდე წუთში კი ქვილითაია მეკარესთან პირისპირ დატოვა ჯაბა ჯიღაურმა. ნადირაძემ შემტევი მოცელა და დაინიშნა მესამე პენალტი, რომელიც თავად დაზარალებულმა უნაკლოდ შეასრულა და მიმდინარე სეზონში მე-19 გოლი მიითვალა - 2:4.

ამის შემდეგ მომენტები ორივე გუნდმა შექმნა. მაგალითად, იაშვილმა კარიდან გამოსული ნადირაძე შენიშნა და მოედნის ცენტრიდან სცადა გატანა. მანვე ორჯერ მშვენიერი შანსით ვერ ისარგებლა, ისევე, როგორც ცხინვალელებმა - ბეჭვაიამ, ისიანმა, გორგიაშვილმა და ივანიშვილმა.

მოკლედ, ეს მხიარული მატჩი მაინც ლიდერის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

მატჩის შემდეგ
იურაი იარაბეკი (თბილისის "დინამო"):
"ჩემს ბიჭებს მადლობა! დღეს მათ კარგი თამაში მოიგეს. მატჩი სწრაფ ტემპში და აგრესიულად დავიწყეთ, ანგარიშიც წავიყვანეთ. თუმცა ჩემთვის გაუგებარია, ამის შემდეგ გუნდი რატომ მოეშვა...

მაგრამ ბიჭებმა, ისევე, როგორც ყველა თამაშში, ხასიათი ამჯერადაც გამოავლინეს და კიდევ ორი გოლი გაიტანეს. ბოლო წუთებზე მინიმუმ ამდენის გატანა კიდევ შეგვეძლო.

მინდა შევაქო მეტოქეც, რომელიც ბოლომდე კარგად გვეთამაშა. შევაქებ ჩვენს გულშემატკივარსაც, რომელიც ყოველთვის გვერდში გვიდგას".

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIV ტური
10.04. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)
ცხინვალი-დინამო (თბ) 2:4
გოლები: 0:1 ჭანტურიშვილი (16. უ. ლობჟანიძის პასით), 0:2 იაშვილი (24), 2:1 გორგიაშვილი (29-პენ), 2:2 ბეჭვაია (62. გორგიაშვილის პასით), 2:3 გ. ქვილითაია (74), 2:4 გ. ქვილითაია (76-პენ)
ცხინვალი: ნადირაძე - ბაჩიაშვილი, კაკუბავა, მაისაშვილი, ჯაფარიძე - გორგიაშვილი, ბეჭვაია - ივანიშვილი, ნ. ნოზაძე (27. ისიანი), ლექვთაძე - ქოჩლაძე.
სათადარიგოები: კერესელიძე, ნ. ჯიშკარიანი, ბურძენიძე, ზ. ლობჟანიძე, ბუტუევი, ძაგოევი.
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
დინამო: ჰრდლიჩკა - უ. ლობჟანიძე, გველესიანი, ამისულაშვილი, თევზაძე (67. თევზაძე) - კიტეიშვილი (59. ჯიღაური), პარუნაშვილი, ზ. ჭელიძე, ჭანტურიშვილი - ა. იაშვილი, ნ. გელაშვილი (54. გ. ქვილითაია).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ჯანელიძე, გ. გურული, ს. ლობჟანიძე
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
გაფრთხილებები: პარუნაშვილი (8), ნადირაძე (22), ამისულაშვილი (28), ჭანტურიშვილი (30), უ. ლობჟანიძე (44), კაკუბავა (74)
არბიტრი: ა. ბასლეჰლო (სირია).

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 19
ო. მარცვალაძე (დილა) 15
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 14
ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12

XXIV ტური
11 აპრილი
ფოთი. სარაგბო სტადიონი. 16:00
კოლხეთი-ჩიხურა

თბილისი. მიხეილ მესხი (სათად). 16:00
საბურთალო-ლოკომოტივი

XXV ტური
15 აპრილი, პარასკევი
ლოკომოტივი-მერანი

16 აპრილი, შაბათი
სიონი-დინამო (ბთ)
ჩიხურა-დინამო (თბ)

17 აპრილი, კვირა
შუქურა-დილა
სამტრედია-ცხინვალი
საბურთალო-კოლხეთი
საპოვნელა-ზუგდიდი
გურია-ტორპედო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული