უმაღლესი ლიგის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
გასულმა ტურმა ბლომად ინტრიგა დაგვიტოვა როგორც ცხრილის სათავეში, ისე - ქვედა ნაწილში. ანუ ევროტურნირების ერთი საგზურის ბედიც, სავარაუდოდ, ბოლო ტურამდე იქნება გასარკვევი, ისე, როგორც სერიოზული კონკურენციაა მოსალოდნელი გასავარდნ ზონაშიც.

სამაგიეროდ, ერთი ინტრიგა, ფაქტობრივად, დასრულდა: გასული ტურის შედეგების მიხედვით, თითქმის გაირკვა, რომ თბილისის "დინამოს" საჩემპიონო ტრიუმფი მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავია. ეს კი არა, იმის ალბათობაც არსებობს, რომ "დინამომ" ჩემპიონობა უკვე მომდევნო ტურშიც გაიფორმოს! თუმცა, ამ შესაძლო ვარიანტზე მომდევნო, XXV ტურის წინათქმაში ვისაუბროთ.

მანამდე კი გასულ ტურს დავუბრუნდეთ და გამორჩეული ფაქტები,
მოვლენები თუ რამდენიმე მართლაც მოულოდნელი შედეგიც გავიხსენოთ, ისე, როგორც უკვე დაწყებულ "უცნაურობებზეც"!

თუმცა, ამ "უცნაურობებს" უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ და ამ 16-გუნდიან ჩემპიონატზე გადასვლამ უმოტივაციო მატჩებიც ხომ საერთოდ მოგვიმრავლა, ამ უმოტივაციო მატჩების მონაწილე მწვრთნელ-ფეხბურთელებიც!..

უკვე დაიწყო?!.
ყველგან და ყოველთვის ასე იყო და, ალბათ, ასევე ყველგან და ყოველთვის ასეც იქნება: სეზონის ფინიშისაკენ უმოტივაციო მატჩების მომრავლებას ვგულისხმობთ; ჰოდა, საქართველოს ჩემპიონატიც რატომ უნდა იყოს გამონაკლისი - სეზონის ბოლომდე 7 ტურით ადრე რომ გამოჩნდა ამის "კონტურები".

რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, სატურნირო თვალსაზრისით ყოვლად უმოტივაციო გუნდ(ებ)ს მაქსიმალური შემართებითა თუ მონდომებით თამაში მოსთხოვო ისეთი გუნდების წინააღმდეგ, რომლებისთვისაც თითოეულ ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

თანაც, უკვე რამდენი წელიწადია, რაც "სატურნირო ინტრიგა" ჩვენი ჩემპიონატის ლამის "საფირმო ნიშნად" იქცა და გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონია. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, უმაღლეს ლიგაში უკვე დაწყებულია (ჯერჯერობით, "შენიღბულად", მაგრამ მაინც) "უცნაური" მატჩებიც და ამ "უცნაურ" მატჩებში მომხდარი მართლაც ტრაგიკომიკური სიტუაციები ხომ საერთოდ ცალკე თემაა.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერია: ნამდვილად არ გვინდა, ჩვენი უსიამოვნო პროგნოზი გამართლდეს, მაგრამ რატომღაც გვგონია, რომ კომიკური თუ ტრაგიკომიკური სიტუაციები წინ გველოდება, თუ გველოდება. თანაც, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით (სადაც სეზონის ფინიშისაკენ ასევე რომ მატულობს უმოტივაციო მატჩები), ჩვენთან მეტისმეტად უნიჭოდ გამოიყურება ხოლმე ეს საფეხბურთო მასხარაობები, ანუ "გატარებ-გამოტარებასაც" ცოდნა სჭირდება...

ამ ყველაფერ ზემოთქმულის მიუხედავად, გვინდა გვჯეროდეს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს სეზონის ბოლოსკენ მოსალოდნელ "უცნაურობებსა" თუ იმ მართლაც საფეხბურთო მასხარაობებზე...

ევროინტრიგა
თბილისის "დინამოს" მოახლოებულ საჩემპიონო ზეიმზე უკვე ვთქვით და ასევე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ევროპის ლიგის სამი საგზურისათვის "სამტრედია", "დილა", "ჩიხურა" და "სიონი" იბრძოლებენ.

ალბათ, ზედმეტია იმის ახსნა, რომ მეორე-მესამე ადგილებზე გასული გუნდები ამ ზაფხულს ევროპის ლიგაზე იასპარეზებენ, სადაც გასვლის შანსს ასევე ინარჩუნებს მეოთხეადგილოსანიც, ოღონდ ამისთვის "აუცილებელი და საკმარისი პირობაა" საჭირო - საქართველოს თასი იმ გუნდმა უნდა მოიპოვოს, რომელიც, ამავდროულად, ჩემპიონიც გახდება.

ერთი სიტყვით, თასის ფინალისტობა ნამდვილად აღარ არის ევროტურნირებზე ასპარეზობის გარანტი და, აქედან გამომდინარე, "ჩიხურასა" და "სიონს" შორის სერიოზულ კონკურენციასაც უნდა ველოდოთ. თანაც, ეს ორი გუნდი საქართველოს თასიდანაც შეეცდება ევროტურნირების საგზურის მოპოვებას.

სენსაციები თუ კანონზომიერებები?
ამ ტურში რამდენიმე ისეთი მატჩი იყო, რომელთა შედეგები მთლად წინასწარ თუ არ იყო ცნობილი, არც არავის უნდა გაჰკვირვებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, იყო რამდენიმე ისეთი მატჩიც, სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა რომ ჰქონდა - ერთდროულად რამდენიმე "ექვსქულიანი" მატჩი გვქონდა და ზოგან შეწყდა კიდეც ამა თუ იმ გუნდის წარმატებული სერია...

ასე, მაგალითად, "დილამ" თავის ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, "სიონს" რომ მოუგო, ეს იყო ბოლნისური კლუბის პირველი მარცხი მეორე წრეში.

"სიონის" გარდა, მეორე წრეში ამ ტურამდე კიდევ ერთი გუნდი ასპარეზობდა წაუგებლად, თანაც ერთობ შთამბეჭდავი სერიით, მაგრამ საინტერესო იმერულ დერბიში ეს სერიაც შეწყდა: მიხეილ აშვეთიასა და გიორგი სუხიაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედომ" ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და "სამტრედიას" 2:1 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელების ტანდემი მშობლიურ გუნდს პირველად წინა ტურში გაუძღვა, სადაც აშკარად დაიჩაგრნენ (თბილისის "დინამოსთან" მატჩს ვგულისხმობთ)...

კიდევ ერთი სერია შეწყდა ფოთში, სადაც გელა სანაიას დამოძღვრილმა "კოლხეთმა", ბევრისთვის მოულოდნელად, 2:0 მოუგო ევროსაგზურისთვის მებრძოლ "ჩიხურას". შეგახსენებთ, რომ ამ ტურამდე "ჩიხურას" 5-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.

სამაგიეროდ, ახლა უკვე სხვა გუნდს აქვს ანალოგიური სერია - ესპანელი სპეციალისტის, პაბლო ფრანკო მარტინის მოსვლის შემდეგ "საბურთალო" კვლავ დაუმარცხებელია.

დაბოლოს, უსიამოვნო სერიებზეც: პრობლემებმოძალებული "ცხინვალი" მეორე წრეში კვლავაც მოუგებელია, ბათუმის "დინამომ" კი ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო.

დუბლებმა იმატა
მეორე წრის დაწყებიდან უკვე 9 ტური გავიდა და ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ჰეთ თრიკია დაფიქსირებული: IX ტურის მატჩში, 12 მარტს რომ გაიმართა, "საბურთალოს" 19 წლის კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა "გურიის" კარში 3 გოლი გაიტანა.

სამაგიეროდ, ტური არ გავა, ფეხბურთელებმა "წყვილი გოლი" არ გაიტანონ და გამონაკლისი არც განვლილი ტური იყო - ოთხ მატჩში შესრულდა დუბლი!

...გასულ ტურში რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა და, უპირველეს ყოვლისა, "გურიის" გასვლითი მოგება (2:1) უნდა ვახსენოთ: ბათუმის "დინამოს" კარში ორივე გოლი ლანჩხუთელთა გუნდის ახალწვეულმა, 21 წლის პანამელმა ფორვარდმა კარლოს სმოლმა გაიტანა.

სმოლის დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში წინა ტურში შედგა, როცა შეცვლაზე შემოვიდა, ახლა კი ძირითადში ანდეს ადგილი და ეს ნდობაც პირველი "ქართული" გოლ(ებ)ით გაამართლა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონის დაწყებიდან პირველად მხოლოდ ახლა მოხდა, როცა დუბლის შესრულება ლეგიონერმა შეძლო, არადა, სულ ახლო წარსულში თბილისის "დინამოს" ესპანელ შემტევს, ჩისკოს ლამის ყოველ მეორე-მესამე ტურში გაჰქონდა მეტოქეთა კარში ორ-ორი გოლი...

კარლოს სმოლის მსგავსად, პირველი დუბლი შეასრულა 20 წლის გოჩა კვარაცხელიამ ("კოლხეთი"), თან ვის კარში - ამ ტურამდე "ჩიხურას" ხომ მშვენიერი სერია ჰქონდა და საჩხერელთა გუნდის ახალწვეული მეკარე, ბოსნიელი დინო ჰამზიჩიც ზედიზედ სამჯერ მოხვდა "ლელოს" სიმბოლურ ნაკრებში!

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას სწორედ ამ სეზონში ჰქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში და აი, პირველი დუბლიც შეასრულა.

"კოლხეთის" მსგავსად, უაღრესად მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა "მერანმაც" და ამ შემთხვევაშიც მატჩის ბედი კონკრეტული ფეხბურთელის მიერ შესრულებულმა დუბლმა გადაწყვიტა: მარტვილელთა გუნდის ახალწვეულმა, 24 წლის ნიკა საბანაძემ უკვე მეორედ მოახერხა ახალი გუნდის მაისურით დუბლის შესრულება.

თუმცა, ეს ფაქტი არც უნდა გაგვკვირვებოდა: ამ ნიჭიერ ფორვარდს ხომ არაერთხელ შეუსრულებია დუბლი წინა სეზონებში, როცა სხადასხვა დროს "ტორპედოს", თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონის" ღირსებას იცავდა. ეგ კი არა, "ზესტაფონში" ასპარეზობისას ჰეთ-თრიკიც აქვს შესრულებული.

გასულ ტურში კიდევ ერთმა ფეხბურთელმა შეასრულა დუბლი, თუმცა ამ შემთხვევაში ცალკე გვინდა ვისაუბროთ...

ქვილითაიას განაცხადი
თბილისის "დინამოს" 22 წლის ცენტრფორვარდი გიორგი ქვილითაია ზედიზედ მეორე მატჩია, შეცვლაზე შედის და ზედიზედ მეორედ სწორედ მისი გოლების წყალობით იმარჯვებს ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი.

თანაც, შეცვლაზე შესულმა ქვილითაიამ ამჯერად დუბლი შეასრულა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობაზეც სერიოზული განაცხადი გააკეთა: ახალგაზრდა თავდამსხმელმა უკვე 19 გოლი გაიტანა და უახლოეს მდევარს 4 გოლით უსწრებს.

ისიც აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ამ ტურამდე ყველაზე მეტი დუბლი აწ უკვე რუსეთის პრემიერლიგის გუნდის წევრს, ნიკა კაჭარავას ჰქონდა შესრულებული: 22 წლის ცენტრფორვარდმა პირველი წრის ოთხ მატჩში გაიტანა წყვილი გოლი და აი, თავისი მეოთხე დუბლი გიორგი ქვილითაიამაც შეასრულა...

სადებიუტო გოლები
ამ ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი იმერული დერბი იყო, სადაც გადამწყვეტი გოლი "ტორპედოს" მარჯვენა მცველმა ვაჟა ტაბატაძემ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ 25 წლის ტაბატაძისთვის უმაღლეს ლიგაში ეს სადებიუტო გოლია, ისევე, როგორც ზემოთ ნახსენები გოჩა კვარაცხელიასა ("კოლხეთი") და კარლოს სმოლის ("გურია") შემთხვევაში.

რაც შეეხება "ჩიხურას" კიდევ ერთ ლეგიონერს, მარკო ვუკაშოვიჩს, 25 წლის ჩერნოგორიელმა ნახევარმცველმა საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

შეცვლაზე შესული ქვილითაიას ყოჩაღობაზე ზემოთ უკვე ვწერდით და სხვა ფეხბურთელებიც უნდა ვახსენოთ, ასევე შეცვლაზე შესულებმა რომ შეძლეს თავის გამოჩენა: 21 წლის ლევან ნონიკაშვილმა ("დილა") და 20 წლის ოთარ კობახიძემ ("სიონი").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გიგა ჩემო კარგო ის რომ სამტრედია ტორპედოზე ტექნიკური გუნდია და მისი თამაში ბურთის კონტროლზეა აგებული ეს ფაქტია, შესაბამისად არასაფეხბურთო ამინდმა (ძლიერმა ქარმა) კორექტირება უფრო სამტრედიის თამაშში შეიტანა. არ ვამბობ რო ტორპედომ ცუდად ითამაშა ან მოგება არ ეკუთვნოდა მაგრამ ამ თამაშში ფრე უფრო კანონზოიერი შედეგი იქნებოდა და რომ არა ძლიერი ქარი-; შენს აზრს პატივს ვცემ მაგრამ ჩემი აზრით სამტრედია მოუგებდა ტორპედოს, ხოლო ვინ უფრო ძლიერია ამ მომენტისთვის ამაზე კამათი უაზრობაა.
f.c. samtredia
23:33 13-04-2016
0
მე არ ვამბობ ჯიგარო ტორპედო სამტრედის ჯობიათქო და ასეთები, ამას მემგონი ყველა ხვდება რო სამტრედია წელს ტორპედოს კიარა ბევრ გუნდს ჯობია. ისიც გასაგებია შენს რასაც ამბობ მაგრამ მე ეგ კომენტარი იმიტო გავაკეთე რო არ მინდა ზოგიერთები დინამოს ფანებს დაემსგავსოს და მარტო ის დაწერონ რაც უნდათ და არა ის რაც იყო სინამდვილეში. იმედია მიმიხვდი რასაც ვგულისხმობ. წაგების აღიარებაც უნდა შეგვეძლოს ნამდვილ ქომაგებს და მოგებისაც. მე როგორც იმერელი კაცი და ტორპედოს გულშემატკივარი წარმატებებს გისურვებთ ყველა ტურნირზე სადაც იქნებით. (რათქმაუნდა ჩვენთან თამაშის გარდა:დდ) მემგონი ასე უნდა იყოს სინამდვილეში და არა თავის მართლებით და სხვა რამეზე გადაბრალებით
f.c. samtredia
12:26 14-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული