"გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავიბარე, მაგრამ მწვრთნელის ცხოვრება სულ სტრესია"

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრესსამსახურმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი შოთა ჭეიშვილი პოსტიდან გადადგა. მის ნაცვლად გუნდს ლევან ხომერიკი უთავკაცებს.

"ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში შოთა ჭეიშვილის ნაცვლად გუნდს ლევან ხომერიკი უხელმძღვანელებს. გაწეული შრომისთვის კლუბი ამაგდარ სპეციალისტს მადლობას უხდის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

იქვე დაზუსტებულია, რომ ჭეიშვილი არ გაუშვიათ და უახლოესი პერიოდიდან ბათუმის "დინამოს" მთავარი სელექციონერის როლში დაეხმარება.

ცხადია, ამ ცვლილებების მიზეზი ბოლო ტურებში ბათუმელთა წარუმატებელი გამოსვლა იყო. ჭეიშვილის გაწვრთნილებმა მეორე წრე კარგად კი დაიწყეს და გასვლაზე
"ზუგდიდი" 1:0 დაამარცხეს, მაგრამ შემდეგ პრინციპული შეხვედრები ვერ მოიგეს, ბოლო ოთხ მატჩში კი სულაც დამარცხდნენ - საჩხერის "ჩიხურასთან" (0:2), თბილისის "დინამოსთან" (1:2), "სამტრედიასთან" (0:2), ბოლო წვეთი კი "ჩელე არენაზე" ჩემპიონატის ბოლო ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერ ლანჩხუთის "გურიასთან" მარცხი (1:2) აღმოჩნდა.

ამგვარად, 36 ქულით ბათუმის "დინამო" სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა და რეალურად, ევროპალიგაზე გასვლის შანსი აღარ აქვს.

შევიტყვეთ, რომ სამწვრთნელო შტაბში სხვა ცვლილებაცაა: მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ასლან ბალაძე ბათუმის "დინამოს" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის დირექტორად დაინიშნა, თუმცა, ჭეიშვილის მსგავსად, ისიც კლუბში რჩება.

ობიექტურად რომ ვთქვათ, ბათუმელთა ცუდი შედეგი ლოგიკურიც არის, რადგან ამ ჩემპიონატის მსვლელობისას კი არა, უკვე მეორე სეზონია, გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ვერ თამაშობს. ფორმაში შესვლას ახლაღა ცდილობენ ტრავმამოშუშებული ბექა ჭკუასელი, ნიკოლა კომაზეცი და გიორგი ბერიაშვილი. "ჩიხურასთან" გასვლით მატჩში დაშავდა გიორგი გაბედავა, ხოლო თბილისის "დინამოსთან" - გიორგი ქავთარაძე. დიდი ხანია, მკურნალობს ირაკლი ჩირიკაშვილიც.

სტრესული პროფესია
"ძალიან კარგი სამწვრთნელო შტაბი გვყავდა. შოთა ჭეიშვილთან და ასლან ბალაძესთან ერთად ჯერ კიდევ პირველი ლიგიდან მოვდივართ. გადმოვედით უმაღლეს ლიგაში და პირველივე სეზონში ვიცე-ჩემპიონები გავხდით, რაც ბათუმის "დინამოსთვის" ისტორიული შედეგია. ვითამაშეთ ევროპის ლიგაზე.

სამწუხაროდ, მერე არაერთი პრობლემა შეგვექმნა, რამაც ბოლოდროინდელი წარუმატებლობა განაპირობა. ვერ მოხერხდა გუნდის გაძლიერება, ტრავმიანობამაც ძალიან შეგვიშალა ხელი...

ჩემი აზრით, კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ მოსამზადებელი ეტაპი ფორსმაჟორულ რეჟიმში გავიარეთ, ფეხბურთელებმა დასვენება და ძალების აღდგენა ვერ მოახერხეს. ფეხბურთი კი წვრილმანებისგან შედგება და ცხადია, ამ ყველაფერმა განაპირობა სწორედ ის, რომ ბოლო ოთხი მატჩი წავაგეთ", - ამბობს ბათუმის "დინამოს" ახალი მწვრთნელი ლევან ხომერიკი.

როდემდე იქნება ახალგაზრდა სპეციალისტი "დინამოს" სათავეში? ჩვენი ინფორმაციით, ის გუნდს სეზონის ბოლომდე გაწვრთნის, მერე კი კლუბის ხელმძღვანელობა შეიკრიბება და მოიფიქრებს, რა გზას დაადგეს. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, ხომერიკი პოსტზე დარჩეს.

თავად ამაზე ჯერ ვერაფერს ამბობს:

"ვიმუშავებ მანამ, ვიდრე ახალი მთავარი მწვრთნელი გევყოლება, მერე კი ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რა და როგორ აჯობებს.

რა თქმა უნდა, გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავიბარე, მაგრამ მწვრთნელის ცხოვრება სულ სტრესია და რადგან ეს პროფესია ავირჩიე, ამას უნდა შევეგუო. ახლა მთავარია, დარჩენილ ტურებში მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ".

ხომერიკი ადასტურებს, რომ სამწვრთნელო შტაბიდან წასული ჭეიშვილი და ბალაძე გუნდში რჩებიან, მას კი ისევ ის ხალხი დაეხმარება, ვისთან ერთადაც აქამდე მუშაობდა: ასისტენტი ამირან მუჯირი იქნება, ფიზმომზადება კვლავ კახა ვაჩეიშვილს დაევალება, ხოლო მეკარეებს ისევ იური მამინაშვილი გაწვრთნის.

მოთამაშეობიდან მწვრთნელობამდე
42 წლის ლევან ხომერიკმა პროფესიული კარიერა ბათუმის "დინამოში" დაიწყო. პერსპექტიული თავდამსხმელი თბილისის "დინამოში" მიიწვიეს. ამ გუნდში ჩატარებული შეხვედრებიდან აღსანიშნავია 1998 წლის 12 აგვისტოს თბილისში ბილბაოს "ატლეტიკთან" მოგებული (2:1) მატჩი, რომელიც ხომერიკმა მშვენივრად ჩაატარა და მე-15 წუთზე ანგარიში გახსნა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ქართულ გუნდს ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ... საპასუხო მატჩში "დინამო" ბასკებთან 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა...

ხომერიკი იყო ახალგაზრდული ნაკრების წევრი. უთამაშია ბელგიურ "მეხელენში", ხაიფას (ისრაელი) "ჰაპოელში", შვეიცარიულ "არაუსა" და "ვოლენში". კარიერა 32 წლისამ მშობლიურ ბათუმის "დინამოში" დაასრულა, სადაც 17 წლისა ჩაირიცხა და ოთხჯერ დაბრუნდა.

ხომერიკმა სამწვრთნელო კარიერა 2006 წელს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში დაიწყო, სადაც მთავარი მწვრთნელის, გელა შეყილაძის ასისტენტი გახლდათ, ხოლო მერე, იმავე როლში, 15-წლამდელთა ნაკრებში მუშაობდა.

სხვათა შორის, ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად 2014 წელს მოევლინა, როცა კობა ჟორჟიკაშვილი გაათავისუფლეს და შოთა ჭეიშვილის დანიშვნამდე გუნდი მოედანზე მან გაიყვანა. 2014/15 წლების სეზონში კი, სანამ ჭეიშვილი სამწვრთნელო A ლიცენზიას აიღებდა, ოქმში მთავარ მწვრთნელად სწორედ ხომერიკი მოიხსენიებოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Xomeriktan araferi armaqvs sawinaagmdego....baladze batumis dinamos ...unda moshordes gunds.da kidev unda gamoidzion amdeni dafinanseba sad midis?vis jineshi
Sssimartle
17:16 14-04-2016
0
Kovel wels auditi utardebat klubebs, rogorc gff-s ise meriis shida auditi, aravis miscemen zedmetis sashualebas da magis mkadrebelic naklebadaa vinme ))
Ssimartle-s
16:59 15-04-2016
0

სიახლეები პოპულარული